ბარსელონას, რეალისა და ბილბაოს ერთობლივი განცხადება

"ბარსელონამ", მადრიდის "რეალმა" და ბილბაოს "ატლეტიკმა" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა.
ესპანური ფეხბურთის გრანდები ქვეყნის ჩემპიონატის მონაწილე სხვა კლუბებსა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავენ, წერილის ასლს კი სპორტისა და კულტურის სამინისტროს, სპორტის უზენაეს სასამართლოსა და ლა ლიგის პრეზიდენტს უგზავნიან.
4-გვერდიანი განცხადება, "ბარსას" განმარტებით, იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლებიც სპორტულმა გამოცემებმა კლუბების მიერ CVC-ს შეთანხმების ალტერნატივად მდგრადი განვითარების პროექტის შესაძლო ინიცირების შესახებ გაავრცელეს.
განცხადებაში კლუბები CVC-სთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას კიდევ ერთხელ იმეორებენ და წერენ, რომ სავარაუდო მოკლევადიანი ფინანსური სარგებლის მიუხედავად ეს პროექტი ესპანური ფეხბურთისთვის დამანგრეველი იქნება და მის განვითარებას ხელს შეუშლის. კლუბები თვლიან, რომ მათი პირდაპირი მოვალეობაა, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე იზრუნონ. მათი მტკიცებით, გლობალური ფინანსური მარკეტი საფეხბურთო ინდუსტრიას გრძელვადიანი და მდგრადი პროექტების დაფინანსების არაერთ უნიკალურ გზას სთავაზობს, ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა კი დაუშვებელია.
ფინანსურ და იურიდიულ პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, "ბარსელონა", "რეალი" და "ატლეტიკი" ესპანურ ფეხბურთს ე. წ. "მდგრად პროექტს" წარუდგენენ, რომლის მთავარი მიზანი რაციონალური, სამართლებრივად მიღებული და ყველა მხარისთვის მომგებიანი სამომავლო შედეგებია.
განცხადებაში ლა ლიგის თავდაპირველ პროექტსა და "მდგრად პროექტს" შორის შემდეგი შედარებები კეთდება:
- ლა ლიგის პროექტი, რომელსაც 50 წლის განმავლობაში უნდა ემოქმედა, CVC-ს მხრიდან 2 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ კლუბების მიერ 13 100 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებდა. თანაც CVC ამ თანხას არა თავიდანვე, არამედ 4 წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა.
- "მდგრადი პროექტის" ხანგრძლივობა 25 წელი იქნება, რომლის 2 მილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ საჭირო მხოლოდ 900 მილიონის გადახდა იქნება. ეს ტრანზაქცია შეთანხმების გაფორმების პირველივე წელს, დანაწევრების გარეშე, ერთბაშად შედგება.
კლუბები მიიჩნევენ, რომ ახალი პროექტი ლა ლიგას CVC-ს შეთანხმებაზე 15-ჯერ უფრო იაფი დაუჯდება. ამასთან ერთად, პროექტის პირობები შესაბამის კანონმდებლობასთან სრულ თანხვედრაშია, რასაც CVC-ს ინიციატივაზე, მათი აზრით, ვერ ვიტყოდით.
დასკვნის სახით, "ბარსა", "რეალი" და "ბილბაო", რომელთა პრეზიდენტებიც წერილის მთავარი ხელმომწერები არიან, ესპანური ფეხბურთის ყველა მმართველ ორგანოს სიტუაციის სწორად შეფასების, ყველა ალტერნატიული გზის საფუძვლიანად განხილვისა და რაციონალურობისკენ მოუწოდებენ. პრეზიდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელები გამჭვირვალედ იმოქმედებენ, გაითვალისწინებენ ყველა იმ ფაქტორს, რომელიც კლუბების მიერაა ხაზგასმული და არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ესპანურ ფეხბურთს 50 წლის განმავლობაში ტვირთად დააწვება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]