გაიგე მეტი ბარსელონაზე #6

გაიგე მეტი ბარსელონაზე #6

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

მაშ ასე, დავიწყო - პირველი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ: 

ყველაზე მეტი ყვითელი და წითელი ბარათი

ყვითელ ბარათებში პირველ მეორე ადგილებს მოქმედი ფეხბურთელები იკავებენ - სერხიო ბუსკეტსი 157 ყვითელი ბარათით და ჟერარ პიკე 149. შემდეგ მოდიან კარლეს პუიოლი (111), პეპ გვარდიოლა (99), დანი ალვესი (90) და ლიონელ მესი (83).

რაც შეეხება წითელ ბარათებს, 11 გაძევებით პირველ ადგილზე ხრისტო სტოიჩკოვია. 9-9 წითელი ბარათი მიუღიათ პეპ გვარდიოლასა და ჟერარ პიკეს, ხოლო 8-8 ტიაგუ მოტას, მიგელ ანხელ ნადალსა და რონალდ კუმანს.

თუ მხედველობაში მხოლოდ პირდაპირ წითელ ბარათებს მივიღებთ და 2 ყვითელი ბარათის გამო გაძევებას გამოვრიცხავთ, ლიდერთა სამეულში მიგელ ანხელ ნადალს, რონალდ კუმანსა და ხულიო ალბერტოს ვიხილავთ, რომლებმაც პირდაპირ წითელი ბარათი ექვს-ექვსჯერ მიიღეს.

ყველაზე მეტი ავტოგოლი

"ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი ავტოგოლი გატანილი აქვს "ბარსა ბ-ს" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, სერჟი ბარჟუანს - 6 ავტოგოლი. საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე მყოფი ფეხბურთელიც იგივე პოზიციისაა, მარცხენა მცველი. მე-2 პოზიციას 5 ავტოგოლით ჟორდი ალბა იკავებს. 4-4 ავტოგოლი აქვთ ჟერარ პიკესა და ელადიო სილვესტრეს, ხოლო 3-3 ჟოან სეგარას, ჟერემი მატიესა და ბენიტოს.

რუს თავდამსხმელს თუ უთამაშია "ბარსელონაში"

"ბარსელონაში" სულ ერთ რუსს უთამაშია - თავდამსხმელ იგორ კორნეევს. ის "ბლაუგრანაში" 1994/95 წლების სეზონში ირიცხებოდა და 13 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ყველაზე ცოტა და ბევრი გატანილ და გაშვებული გოლი სეზონში

"ბარსელონამ" ყველაზე მეტი, 190 გოლი გაიტანა 2011/12 წლების სეზონში. მე-2 ადგილზე 175 გოლით მოდის 2014/15 წლების სეზონი, ხოლო მესამეზე, 173 გოლით, 2015/16 წლების სეზონი.

ყველაზე ნაკლებადშედეგიანი სეზონის გამოვლენის ზუსტი კრიტერიუმის დადგენა ძნელია, რადგან მაგალითად 1908/09 წლების სეზონში გუნდმა სულ 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. იმ სეზონებს შორის, რომლებშიც "ბარსამ" მინიმუმ 20 შეხვედრა ჩაატარა, ყველაზე ნაკლებადშედეგიანი იყო 1932/33 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა მეტოქის კარი 44-ჯერ აიღო. თუმცა 1972/73 წლების სეზონში "ბარსამ" თითქმის ამდენივე (46) გოლი 40 თამაშში  გაიტანა. გოლების გატანის მხრივ ყველაზე წარუმატებელ სეზონად ალბათ სწორედ 1972/73 წლების სეზონი უნდა მივიჩნიოთ.

ყველაზე მეტი გოლი კატალონიურმა გუნდმა 1997/98 წლების სეზონში გაუშვა - 83 გოლი. შემდეგ მოდის 1941/42 წლების სეზონი (80 გოლი) და 2000/01 წლების სეზონი (78 გოლი).

1910/11 და 1911/12 წლებში, ზედიზედ 2 სეზონში, "ბარსელონას" გოლი საერთოდ არ ჰქონდა გაშვებული, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში გუნდმა სულ 3 ოფიციალური თამაში ჩაატარა. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად 1972/73 წლების სეზონი უნდა მივიჩნიოთ, როდესაც გუნდმა 40 თამაშში 28 გოლი გაუშვა. გამოსარჩევი იყო 2014/15 წლების სეზონიც - 60 თამაშში მხოლოდ 38 გაშვებული გოლი და 2010/11 წლების სეზონი - 62 თამაშში 39 გოლი.

ვინ იყო პირველი ლა მასიელი, ვინც ძირითად გუნდში დაწინაურდა

ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით ირკვევა, რომ "ბარსელონას" აღზრდილი პირველი ფეხბურთელები, რომლებმაც პირველ გუნდში ითამაშეს, იყვნენ რამონ ლიორენსი და მანუელ პარერა, რომელთა დებიუტიც 1927/28 წლების სეზონში შედგა.

ბარსელონაში ყველაზე მეტ რომელ ლეგიონერებს აქვთ ნათამაშები, ბრაზილიელებს თუ ნიდერლანდეებს

ლეგიონერი ფეხბურთელების რაოდენობით პირველ ორ ადგილს სწორედ ბრაზილია და ნიდერლანდები იკავებენ, პირველ ადგილზე კი ბრაზილიაა. "ბარსელონაში" 37 ბრაზილიელს და 23 ნიდერლანდელს უთამაშია. ნიდერლანდებთან ახლოსაა არგენტინა - 21 ფეხბურთელი.

ლეგიონერების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობით კი პირველ ადგილზე არგენტინაა 851 თამაშით. შემდეგ მოდის ბრაზილია 687 თამაშით და ნიდერლანდები 437 თამაშით.

როდის და სად დაიბადა ჟოან გამპერი

"ბარსელონას" დამაარსებელი ჰანს/ჟოან გამპერი დაიბადა 1877 წლის 22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ვინთერტურში.

ფეხბურთის გარდა სხვა რამე სპორტში თუ გვაქვს რამე მაგარი მიღწევა

"ბარსელონა" ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტული კლუბია. არცერთ სპორტულ კლუბს იმდენი ტიტული არ აქვს მოგებული, რამდენიც "ბარსელონას".

კატალონიელებს პროფესიონალური გუნდი ამჟამად სპორტის 5 სახეობაში ჰყავთ (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ფუტსალი და გორგოლაჭებიანი ჰოკეი) და ყველა ეს გუნდი გრანდია.

ხელბურთის გუნდი მოგებული ტიტულების მხრივ რეკორდსმენია ჩემპიონთა ლიგაზე, თასების მფლობელთა თასზე, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ევროპის სუპერ თასზე, ესპანეთის ჩემპიონატში, ესპანეთის თასზე, ესპანეთის ლიგის თასზე, ესპანეთის სუპერ თასზე. არსებობს ერთადერთი ტურნირი, რომელზეც "ბარსელონას" ხელბურთის გუნდს უთამაშია და ყველაზე მეტჯერ არ მოუგია - ევროპა ლიგა, პრესტიჟით მეორე ევროტურნირი, რომელიც "ბარსამ" ერთხელ მოიგო. "ბარსელონას" ხელბურთის გუნდი კონტინენტზე ისტორიაში საუკეთესოა.

დაახლოებით ასეთივე შედეგები აქვს გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდსაც, რომელსაც რეკორდი ესპანეთის ჩემპიონატში, ესპანეთის თასზე, ესპანეთის სუპერ თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე, საკონტინენტო თასსა და საკონტინენტთაშორისო თასზე ეკუთვნის.

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდი ესპანური და ევროპული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. კატალონიელს ერთ-ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) გუნდი ჰყავთ ახლაც. "ბარსელონას" ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი.

ფუტსალიც გუნდმა ტიტულების მოგება ბოლო დროს დაიწყო. პირველი ტიტული გუნდმა 2011 წელს მოიგო, მას შემდეგ კი სტაბილურად ესპანეთისა და ევროპის საუკეთესო გუნდებს შორისაა.

ყველაზე მცირე და დიდი ხნით ვის გაუწვრთნია ბარსა

ყველაზე ცოტა ხანი გუნდს ხოსე ლუის რომერო წვრთნიდა, რომელიც 1983 წლის მარტში 3 დღის განმავლობაში მუშაობდა. მან "ბარსას" ერთ თამაშში უთავკაცა.

ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში "ბარსას" ჯეკ გრინუელი თავკაცობდა. 1913-1923 და 1931-1933 წლებში ის "ბარსელონას" მწვრთნელი 3850 დღის განმავლობაში იყო. შემდეგ მოდიან იოჰან კრუიფი (1863 დღე) და ფრანკ რაიკარდი (1826 დღე). საინტერესოა, რომ ამ მხრივ პირველ 5 ადგილზე მყოფი მწვრთნელები უცხოელები არიან, პირველ 8 ადგილს შორის კი ერთადერთი ესპანელია - პეპ გვარდიოლა (მე-6 ადგილი).

თუ მხედველობაში ყველაზე მეტ თამაშს მივიღებთ, ამ მხრივ იოჰან კრუიფი ლიდერობს (284 თამაში). შემდეგ მოდიან ფრანკ რაიკარდი (272), პეპ გვარდიოლა (247), ლუის ენრიკე (181) და ლუ ივან გაალი (170)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 დეკემბერი 2021 17:13
    0
    საინტერესო იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდი ლეოს თუ ამდენი გაფრთხილება ექნებოდა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 დეკემბერი 2021 01:23
    0
    😊😊👍