ფერან ტორესთან შეთანხმება მიღწეულია - ბარსა მოლაპარაკებებს სიტისთან მართავს

უკანასკნელ საათებში "ბარსელონას" მხრიდან ფერან ტორესის მიმართ ინტერესის შესახებ ბევრი იწერება. გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი 21 წლის გარემარბის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. "ბარსას" ესპანელის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გუშინ "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი და აღმასრულებელ დირექტორი, ფერან რევერტერი მანჩესტერში გაემგზავრნენ და "მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელ დირექტორ ფერან სორიანოსთან მოლაპარაკება გამართეს.
წყაროს ცნობით, "ბარსას" დირექტორებმა "ქალაქელების" წარმომადგენელთან კონტაქტი დღესაც დაამყარეს. როგორც ცნობილია, "ბლაუგრანას" პირადად ტორესთან ყველაფერი შეთანხმებული აქვს და ახლა კლუბი "სიტისთან" შეთანხმებას ცდილობს.
გავრცელებული ცნობებით, 21 წლის შემტევს ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება ძალიან უნდა და პეპ გვარდიოლას კლუბიდან გაშვების ნებართბა თხოვა.
ტორესის მოყვანა ჩავი ერნანდესის სურვილია. "მაესტროს" გუნდში გარემარბი სჭირდება და ფერანს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]