ერთი წელი დიეგო მარადონას გარეშე

ერთი წელი დიეგო მარადონას გარეშე

დღეს, დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - 2020 წლის 25 ნოემბერს მსოფლიომ "ფეხბურთის ღმერთი" დაკარგა.

გაგვიმართლა, რომ დიეგო "ბარსელონას" ისტორიის ნაწილიცაა. მართალია, "ბარაში" ცოტა ხნით ითამაშა, თუმცა დასამახსოვრებელი მომენტების შექმნა მაინც მოახერხა. 

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს, ბუენოს-აირესთან მდებარე პატარა ქალაქ ლანუსში დაიბადა. დიეგომ ფეხბურთის თამაში 12 წლის ასაკში ქალაქის ქუჩებში დაიწყო და 12 წლის ასაკში საბავშვო გუნდ "ლოს სებოლიტასის" წევრი გახლდათ. 

მარადონამ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი 1976 წელს "არხენტინოს ხუნიორსთან" გააფორმა, სადაც 1981 წლამდე დარჩა და 166 მატჩში 116 გოლის გატანა შეძლო. სწორედ ამ დროს, დიეგომ საკუთარი ოჯახის სიღარიბიდან ამოყვანა მოახერხა. თინეიჯერი, 1.68 მეტრი სიმაღლის მარადონა თავის ჯადოსნური მარცხენათი, შესანიშნავი დრიბლინგითა და სისწრაფით ყველას მოჯადოებას ახერხებდა. 1981 წელს დიეგო "ბოკა ხუნიორსში" გადავიდა და ბრწყინვალე ინდივიდუალური სეზონი არგენტინის ჩემპიონატის მოგებით დააგვირგვინა. "ბარსელონამ" დიეგოს ტალანტი უკვე შემჩნეული ჰქონდა და მის შესაძენად მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, თუმცა არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მარადონას "ბარსაში" გადასვლას შეეწინააღმდეგა, რის გამოც ტრანსფერი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განხორციელდა.

მარადონა "ბარსელონაში". დაუვიწყარი გოლები

მარადონა "ბარსელონაში" 1982 წლის ზაფხულში გადავიდა. არგენტინელი უკვე დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა კატალონიურ გუნდში თავისი კლასის ჩვენებას, გარკვეულ მიზეზთა გამო, იშვიათად ახერხებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 1982/83 წლების სეზონში ლა ლიგის თასზე მადრიდის "რეალის" კარში გატანილი გოლი იყო. ამ მატჩის ბოლოს მარადონამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკის აპლოდისმენტები დაიმსახურა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც "რეალის" ქომაგებმა "ბარსას" ფეხბურთელს ტაში დაუკრეს.

"ბარსელონაში" მარადონას პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს - ამ დაავადების გამო მან რამდენიმე თვე გამოტოვა.
დიეგოს დაბრუნება 1983 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უდო ლატეკის გათავისუფლება და სესარ ლუის მენოტის დანიშვნას დაემთხვა. ამ უკანასკნელთან დიეგოს არგენტინის ნაკრებში უკვე ნამუშევარი ჰქონდა. მენოტიმ იმ სეზონის გადარჩენა მოახერხა და ორ ტიტულს დაესაკუთრა - კოპა დელ რეისა და ლა ლიგის თასის ფინალებში მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

"ბარსაში" მეორე სეზონი მარადონასთვის უიღბლოდ დაიწყო - ჩემპიონატის მეოთხე ტურში ბილბაოს "ატლეტიკის" მცველ ანდონი გოიკოეჩეასთან შეჯახების შედეგად, დიეგომ კოჭი მოიტეხა და თამაშს წლის ბოლომდე დაემშვიდობა. "ბარსამ" აღნიშნულ სეზონში ლა ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა, კოპა დელ რეის ფინალი კი "ატლეტიკთან" წააგო. ეს მატჩი მოედანზე გამართული ხელჩართული ჩხუბითაა ცნობილი, რომელშიც მარადონაც მონაწილეობდა, რის გამოც სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ბოლო სეზონში მარადონას ბორდთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც მან კლუბიდან გაშვება მოითხოვა. 1984 წელს დიეგო იმ დროისთვის რეკორდულ თანხად, 10.5 მილიონ ევროდ "ნაპოლის" შეუერთდა, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. 

მარადონას "ბარსელონური" მონაგარი ასეთია: 75 მატჩში 47 გოლი, ლა ლიგის თასი, კოპა დელ რეი და ესპანეთის თასი.

მარადონას ყველა გოლი "ბარსელონაში"

არგენტინის ნაკრების გმირი

მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. განსაკუთრებით აღსანიშნავი, რა თქმა უნდა, ინგლისთან მატჩი იყო, სადაც მან 2 გამორჩეული გოლი გაიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი "ღმერთის ხელის" სახელითაა ცნობილი, მეორე კი მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

1990 მსოფლიო ჩემპიონატზე "ალბისელესტემ მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა მარადონას ნარკოტიკების მოხმარების გამო თამაში აკრძალული ჰქოდა. მისი დისკვალიფიკაცია 1992 წლამდე გაგრძელდა.

1992 წელს მარადონა "სევილიაში" გადავიდა, სადაც ხანმოკლე კარიერა გამოუვიდა. ანდალუსიური კლუბის შემდეგ, მან "ნიუელს ოლდ ბოისს" მიაშურა, სადაც ასევე მცირე ხანი დაჰყო. 1994 წლის მუნდიალზე დიეგომ მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, რის შემდეგაც ნარკოტიკის მოხმარების გამო მას თამაში კიდევ ერთხელ აკერძალა, რამაც მის კარიერას, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა. 1995 წლიდან დიეგო კვლავ "ბოკა ხუნიორსში" აგორებდა ბურთს, 1997 წელს კი ფეხბურთს დაემშვიდობა. 

დიეგომ მწვრთნელობა დაიწყო და 2008-10 წლებში არგენტინის ნაკრებსაც ედგა სათავეში, თუმცა მისი სამწვრთნელო კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა და მასზე სათქმელი ბევრი არაფერია.

ბარსას პატივისცემა დიეგოს ხსოვნას 

დიეგოს გარდაცვალებიდან 4 დღეში, 2020 წლის 29 ნოემბერს "ბარსელონამ" "ოსასუნას" უმასპინძლა. კატალონიელებმა მატჩის დაწყებამდე მარადონას ხსოვნას პატივი მიაგეს. გამორჩეული იყო ლეო მესის აღნიშვნა, რომელმაც გოლი სწორედ დიეგოს მიუძღვნა.

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, "ბარსელონა" და "ბოკა ხუნიორსი" ერთმანეთს მარადონას თასზე, დიეგოს ხსოვნის პატისვაცემად დაუპირისპირდებიან.

გამოყენებულია ბარსელონას ოფიციალური საიტის მასალა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ნოემბერი 2021 21:40
    1
    მახსოვს 1978 წლის მუნდიალზე მენოტიმ არ წაიყვანა ნამეტანი ახალგაზრდააო, რაზეც საკმაოდ იყო მასზე გაბრაზებული.