ბარსელონა-ბენფიკა - მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ბენფიკა - მატჩისწინა მიმოხილვა

გვეღირსა, ფინალში ვართ...

დღევანდელი თამაში "ბარსელონასთვის" ნამდვილად ფინალის ტოლფასია, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანიც კი. თუ ფინალში კონკრეტული ტურნირის გამარჯვებულის ბედი წყდება, დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეულწილად "ბარსელონას" მომავალიცაა დამოკიდებული. დღეს ვერმოგების შემთხვევაში "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს თითქმის გარანტირებულად დაემშვიდობება, ეს კი კლუბის ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. "ბარსელონა" დაკარგავს UEFA-სგან მისაღებ არაერთ მილიონს, ამას დაემატება სატელევიზიო უფლებებიდან მისაღები თანხის ნაწილის დაკარგვა და მომგებიანი სასპონსორო შეთანხმებების გაფორმების შანსის შემცირება. სპორტულ მხარეზე აღარაფერს ვამბობთ - "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 21 წელია, არ ჩარჩენილა.

დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. თუ მოვიგებთ, 1/8 ფინალის საგზურს გავინაღდებთ. თუ ვერ მოვიგებთ, ბოლო ტურში "ბაიერნთან" სტუმრად აუცილებლად 3 ქულის აღება დაგვჭირდება და შესაძლოა, საკმარისი ესეც კი არ გამოდგეს. ასე რომ, მთელი იმედები დღევანდელ მატჩზე, იმის მიუხედავად, რომ ჩავის გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონაზე" რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია. ახალი მწვრთნელის ხელში გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა და იქაც გაორებული შთაბეჭდილება დატოვა - "ესპანიოლთან" მატჩის პირველ ტაიმში მოსალოდნელზე კარგად ორგანიზებული გუნდი ვიხილეთ, მეორე ტაიმში კი მოსალოდნელზე ცუდად ორგანიზებული.

ყველა ტურნირის გათვალისწინებით, "ბარსელონას" 4 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ კატალონიელებმა აქედან მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგეს, თანაც ორივე გაჭირვებით (1-0).

ბოლო დროს ვერც "ბენფიკა" ბრწყინავდა, განსაკუთრებით გასვლაზე, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ლისაბონელებმა სიტუაცია გამოასწორეს და ჯერ 6-1, შემდეგ კი 4-1 იმარჯვეს. მანამდე მათ სამ მატჩში მოგება არ ჰქონდათ. ორივე ეს მოგებული შეხვედრა საკუთარ კედლებზე მოდის, სტუმრად კი "ბენფიკას" 3 თამაშია, არ გაუმარჯვია.

დანაკლისი

მივადექით ყველაზე მტკივნეულ საკითხს. "ბარსელონას" განაცხადი ჯერ არ ვიცით, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ვერ ითამაშებენ ალვესი, ფატი, ბრეითუეიტი, პედრი, აგუერო და სერჟი რობერტო. სავარაუდოდ მოედანზე ვერც დესტს ვიხილავთ, დემბელეს საკითხი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ჩავის განკარგულებაში ვერ იქნებიან ვერც "ბარსა ბ-ს" ახალგაზრდა ფლანგის შემტევები, ილიას აკომაჩი და აბდე ეზალზული, რაც "ბარსელონას" ისედაც მწირ შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო ამცირებს.

რაოდენობრივად "ბენფიკასაც" დიდი დანაკლისი აქვს - დიასი, ლასარო, ვერისიმო, პინიო და რადონიჩი. თუმცა რეალური პრობლემა მხოლოდ ცენტრალური მცველი ლუკას ვერისიმოს არყოფნაა.

ურთიერთშეხვედრები

პირველ წრეში 0-3 განადგურების მიუხედავად "ბარსელონას" "ბენფიკასთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. 8 მატჩიდან კატალონიელებმა 3 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 დათმეს, გაიტანეს 8 და გაუშვეს 7 გოლი.

"კამპ ნოუზე" ამ გუნდებს სულ 3-ჯერ უთამაშიათ. პირველ ორ შემთხვევაში მასპინძლებმა მოიგეს, ბოლო შეხვედრა კი, რომელიც 2012 წელს გაიმართა, უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსას" "ბენფიკასთან" გამართულ ბოლო ორ მატჩში გოლი არ აქვს გატანილი. ასევე საინტერესოა, რომ ჩატარებულ 8 მატჩში სულ 2-ჯერ მოხდა, რომ გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, ბოლოს კი ასეთი შემთხვევა 1992 წელს დაფიქსირდა.

არბიტრი

UEFA-მ შეხვედრის განსასჯელად რუსი არბიტრი სერგეი კარასევი მიავლინა. მისი სტატისტიკა და "ბარსელონას" შედეგები შეგიძლიათ ამ გვერდზე ნახოთ.

საინტერესო ფაქტები

  • "ბარსელონასა" და "ბენფიკას" შორის აქამდე ჩატარებული 8 თამაშიდან ექვსში გოლი მაქსიმუმ ერთ გუნდს გაჰქონდა;
  • "ბარსელონას" "ბენფიკასთან" გამართულ ბოლო ორ თამაშში გოლი არ აქვს გატანილი;
  • მიმდინარე გათამაშებაში "ბარსელონას" მიერ ჩატარებულ ოთხ მატჩში გოლი მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა;
  • ამ გუნდებს შორის მიმდინარე საუკუნეში ჩატარებული 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • "ბარსელონას" 4 თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • "ბარსელონამ" ბოლო 5 თამაშში ანგარიში ოთხჯერ გახსნა;
  • "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "ბენფიკას" ბოლო 5 თამაშში კარი მშრალად შენახული არ აქვს;
  • "ბენფიკას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "ბენფიკას" ბოლო 5 თამაშში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი

თუ მოვიგებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება. ოპტიმისტები უნდა ვიყოთ და ამის გვჯეროდეს... თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბენფიკასთან" სტუმრად 0-3 წავაგეთ.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, ნიკო, გავი, მემფისი, კოუტინიო

ბენფიკა (3-4-3): ვლაჩოდიმოსი, ოტამენდი, ვერტონგენი, მორატო, ჟილბერტუ, ვაიგლი, მარიო, გრიმალდო, რაფა, იარემჩუკი, ნუნიესი

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, გავი, მემფისი, კოუტინიო

ბენფიკა (3-4-3): ვლაჩოდიმოსი, მორატო, ოტამენდი, ვერტონგენი, ლასარო, ვაიგლი, მარიო, გრიმალდო, რაფა, იარემჩუკი, ნუნიესი

Whoscored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ფ. დე იონგი, დემირი, დეპაი, კოუტინიო

ბენფიკია (3-4-2-1): ვლაჩოდიმოსი, ოტამენდი, მორატო, ვერტონგენი, ჟილბერტუ, ვაიგლი, მარიო, გრიმალდო, ნუნიესი, იარემჩუკი, რაფა

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportskeeda: 2-1
  • Sportsmole: 2-1

ტრანსლაცია

თამაში 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ნოემბერი 2021 14:38
    0
    რაც არ უნდა მოვინდომოთ, თუ ბენფიკამ მთელი თავისი სიმძლავრე დადო როგორც ბაიერნთან დიდი ეჭვი მაქვს ვერ მოვიგებთ. მე მგონი კუმანი კი წაეთრა, მაგრამ ეს ბოლო ანტირეკორდი მაინც დაგვიტოვა (ფითილმოკიდებული, რო უნდა აფეთქდეს და ვერ ვშველით) დაგვიტოვა როგორც გახსნილი ყუმბარა, არაფერი რო აღარ შველის.
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2021 12:59
    1
    ძალიან მინდა რომ მოვიგოთ, იმედია ვძლევთ ბენფიკას❤
    --------------------
    CULE FOREVER