ბარსელონა-ესპანიოლი: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ესპანიოლი: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის მე-14 ტურში, კატალონიურ დერბის ვიხილავთ.

როგორც იქნა, დადგა ეს დღეც. "ბარსა" ჩავის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშებს. ვიმედოვნოთ, რომ მომავალში ამ მატჩს ხშირად გაიხსენებენ, როგორც დიდი ეპოქის დასაწყისს.

სათამაშო ფორმა

რთულია იმის თქმა, თუ როგორ "ბარსელონას" ვიხილავთ დღეს. ჩავის სათამაშო სტილის ძირითადი ასპექტები ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ დღევანდელ მატჩში გამოჩნდება, რამდენად სწრაფად ითვისებენ ფეხბურთელები ჩავის იდეოლოგიას. სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოხვდება, რომელსაც "ბარსელონას" აკადემია გამოვლილი აქვს, მათ კი წლების განმავლობაში "ლა მასიაში" სწორედ იმისთვის ამზადებენ, რასაც ჩავის საფეხბურთო ფილოსოფია ეფუძნება.

ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება - "ბარსას" შეტევის ფლანგებზე გაუჭირდება. ამ მომენტისთვის, გუნდში მხოლოდ სამი ჯანმრთელი თავდამსხმელია: მემფისი, დე იონგი და დემირი. როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ითქვა, შესაძლოა, სასტარტო თერთმეტეულში სიურპრიზებიც ვიხილოთ, რაც, პირველ რიგში, აბდე ეზალზულის თამაშს ნიშნავს. 19 წლის მოროკოელს პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა სერჟი ბარჟუანმა მისცა.

მეტოქე

"ესპანიოლი" ლა ლიგაში კარგად დაბრუნდა. "ბარსელონასა" და "ესპანიოლს" 17-17 ქულა აქვთ, თუმცა ერთისთვის ეს კატასტროფული მაჩვენებელია, მეორესთვის კი - კარგი.

ვისენტე მორენოს გუნდმა ახალი სეზონი 5-მატჩიანი მოუგებელი სერიით დაიწყო, მაგრამ "ესპანიოლმა", თანდათან, ფორმა აკრიფა და ბოლო 6 მატჩში 11 ქულის აღება შეძლო, მათ შორის არის გამარჯვება მადრიდის "რეალთან" (2-1).

მათი მხრიდან, მთავარ საფრთხეს რაულ დე ტომასი წარმოადგენს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელს აქტივში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. მან ლუის ენრიკეს ყურადღება მიიქცია და რამდენიმე დღის წინ სანაკრებო დებიუტიც ჰქონდა. საბერძნეთისა და შვედეთის წინააღმდეგ გამართულ უმნიშვნელოვანეს მატჩებში დე ტომასმა ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა.

ასევე, "ესპანიოლში" ირიცხება ალეიშ ვიდალი, რომელიც ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელიც ჟოზეპ მარია ბართომეუმ დანი ალვესის შემცვლელად მოიყვანა. მის "ბარსელონურ" კარიერაში ყველაზე და, ალბათ, ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გატანილი გოლია.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

კარგად მომზადებული მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, ნერვების კონტროლი მნიშვნელოვანი იქნება. მომზადებისთვის დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვარჯიშზე ვნახე - რიტმი, განწყობა... გუნდში ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. უნდა ვაჩვენოთ ხასიათი, თავდადება, შრომა, გუნდურობა და საკუთარი მოედანი ციხესიმაგრედ ვაქციოთ. დერბიში ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს. გულშემატკივრების თანადგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ვისენტე მორენო:

გამარჯვებისთვის, იდეალურად თამაში დაგვჭირდება, რადგან "კამპ ნოუზე" მოგება, ყოველთვის, ძალიან რთულია. წელს, ეს მხოლოდ "რეალმა" შეძლო.

შეგვიძლია, გამოვიცნოთ, თუ როგორ ათამაშებს გუნდს ჩავი. ეს მისი პირველი თამაშია და დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ მისი იდეებისა და წინა კლუბის მიერ ნაჩვენები თამაშის მიხედვით, გარკვეული წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია.

დანაკლისი

"ბლაუგრანას" დანაკლისი, ტრადიციულად, სერიოზულია. ჩავის პირველ შეხვედრაში ანსუ ფატი, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო, მარტინ ბრეითუეიტი, სერჟინიო დესტი, დანი ალვესი და პედრი გონსალესი არ ეყოლება. ამ უკანასკნელს, სამწუხაროდ, ტრავმა კიდევ ერთხელ გაურთულდა და ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

სანაკრებო შესვენების დროს, გამოჯანმრთელება შემდეგმა ფეხბურთელებმა შეძლეს: ჟერარ პიკე, ერიკ გარსია, ნიკო გონსალესი და სერჟი რობერტო. ისინი მატჩის განაცხადში იმყოფებიან.

რაც შეეხება "ესპანიოლს", მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვისენტე მორენომ განაცხადა, რომ ოსკარ ხილი დერბიში ვერ ითამაშებს, კეიდი ბარესა და მიგელონის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

არბიტრი

კატალონიურ დერბის 45 წლის კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.

დელ სერო გრანდეს მონაწილეობა "ბარსას" 35 მატჩში მიუღია. კატალონიელებმა 28 შეხვედრა მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს, 3 კი წააგეს.

ესპანელმა არბიტრმა ლა ლიგაში "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს 39 ყვითელი (მეტოქეს 70) და 5 წითელი (მეტოქეს 3) ბარათი უჩვენა. მას "ბარსას" სასარგებლოდ 5 პენალტი აქვს დანიშნული, მეტოქის სასარგებლოდ კი - 1. განსაკუთრებით, აღსანიშნავია სექტემბერში "კადისსა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩი, რომელშიც დელ სერო გრანდემ ფრენკი დე იონგი და რონალდ კუმანი გააძევა. 

მას "ესპანიოლის" მონაწილეობით ჩატარებულ მატჩში 26-ჯერ უმსაჯია, საიდანაც "ესპანიოლმა" 10 მოიგო, 11 წააგო, 5 კი ფრედ დასრულდა.

გრანდეს ბარსელონური კლუბის ფეხბურთელებისთვის ლა ლიგაში 50 ყვითელი (მეტოქისთვის 51) და 2 წითელი (მეტოქისთვის 3) ბარათი აქვს ნაჩვენები. მას "ესპანიოლის" კარის მიმართულებით 5 თერთმეტმეტრიანი აქვს დანიშნული, მეტოქის კარის მიმართულებით კი - 2.

ეს იქნება მეორე კატალონიური დერბი, რომელშიც კარლოს დელ სერო გრანდე იმსაჯებს.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასა" და "ესპანიოლის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 212 მატჩს ითვლის. "ბლაუგრანას" დიდი უპირატესობა აქვს - 124 მოგება, 44 ფრე, 44 მარცხი, 407 გატანილი და 225 გაშვებული გოლი. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ისტორიაში ყველაზე მეტი მოგება სწორედ "ესპანიოლთან" აქვს.

ბოლოს, "ესპანიოლმა" "ბარსას" საშინაო არენაზე გამარჯვება 2009 წელს მოიპოვა (2-1). აქედან მოყოლებული, "ბლაუგრანას" პრინციპული მეტოქე, შინ, ზედიზედ, 13-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ბურთების შეფარდება 40-3. თუმცა ეს საუკეთესო სერია არ არის. 1986-2000 წლებში "ესპანიოლს" "კამპ ნოუზე", ზედიზედ, 16 თამაში აქვს წაგებული.

ეს გუნდები "კამპ ნოუზე" ერთმანეთს ბოლოს 8 ივლისს, ლა ლიგის 35-ე ტურში შეხვდნენ. "ბარსამ", ლუის სუარესის მიერ გატანილი გოლის წყალობით, მატჩი 1-0 მოიგო და ამ წაგებით "ესპანიოლმა" ლა ლიგა 2-ში დაქვეითება გაინაღდა.

საინტერესო ფაქტები

  • როდესაც "ესპანიოლმა" ბოლოს "კამპ ნოუზე" არ წააგო, გავი 4 წლის იყო.
  • 85 შემთხვევიდან, "ესპანიოლმა" ლა ლიგა "ბარსელონაზე" მაღლა მხოლოდ 4-ჯერ დაასრულა.
  • ამ გუნდებს შორის პირველ ოფიციალური მატჩი 1929 წლის 20 იანვარს, კოპა დელ რეის ნახევარფინალში შედგა, რომელიც "ესპანიოლმა" 2-0 მოიგო.
  • ჩავის კარიერაში ყველაზე მეტჯერ "ესპანიოლი" ჰყავს დამარცხებული (25 გამარჯვება).
  • ჩავის კარიერაში ყველაზე მეტი გოლი "ესპანიოლთან" აქვს გატანილი (6 გოლი).

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო, გარსია, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - გავი, მემფისი, კოუტინიო

"ესპანიოლი" | 4-3-3

ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - ბარე, დარდერი, ერერა - პუადო, დე ტომასი, ემბარბა

Marca:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო, გარსია, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - გავი, მემფისი, კოუტინიო

"ესპანიოლი" | 4-3-3

ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - ბარე, დარდერი, ერერა - პუადო, დე ტომასი, ემბარბა

SportsMole:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - რობერტო, არაუხო, გარსია, ალბა - გავი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი - კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი

"ესპანიოლი" | 4-5-1

ლოპესი - ვიდალი, გომესი, კაბრერა, პედროსა - მორლანესი, დარდერი, მელამედი, მელენდო, ემბარმა - დე ტომასი

პროგნოზი

SportsMole: ბარსელონა 2-1 ესპანიოლი

Sportskeeda: ბარსელონა 3-1 ესპანიოლი

WhoScored: ბარსელონა 2-0 ესპანიოლი

ტრანსლაცია

მატჩი, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ნოემბერი 2021 19:33
    0
    გავიმეორებ იმას, რაც სელტასთან თამაშის წინ დავწერე. ირბენენ მოიგებენ. ჩაეძინებათ მოედანზე წააგებენ.
    სწორედ ასე მოხდა იმ თამაშში ირბინეს 3-0 იგებდნენ, დაიძინეს და 0-3 წააგეს მეორე ტაიმში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ნოემბერი 2021 15:25
    0
    წაგებას და ფრეს კარგი ნომრები დაუთრევიათ (44) და ეს დიდი ხნით უნდა დავტოვოთ.

    ორივეს 17 ქულა აქვს, ბურთების სხვაობით ვაჯობეთ და ამის წყალობით ვართ ამათზე ზემოთ. ვერ ვიხსენებ როდის ჰქონდა ბარსას +4 ბურთები შეფარდება, ეს სირცხვილია.
    Culé [?]
    #2 20 ნოემბერი 2021 13:02
    0
    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-გარსია-ალბა
    ნიკო-ბუსკეტსი-დე იონგი
    გავი-აბდე ელზაზური-მემფისი


    გავი-დემირი
    აბდე-ლ.დე იონგი
    ნიკო-რობერტო
    მინგესა-დესტი
    დე იონგი-კოუტინიო
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2021 12:17
    2
    მოუთბენლად ველოდები თამაშის დაწყებას
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.