ყატარული მედია: ჩავი ალ სადს 5 მილიონს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის

"ალ სადის" ოფიციალური განცხადების შემდეგ ჩავი ერნანდესის თაობაზე მოლაპარაკებები მოულოდნელად ჩიხში შევიდა - "ბარსელონას" არ სურს, ყატარული კლუბის მიერ მოთხოვნილი 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე "ბარსას", "ალ სადის" წარმომადგენლებსა და ჩავის შორის შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც უკვე დაწყებულია.
ცნობილი ყატარელი სპორტული ჟურნალისტის, მოჰამედ ალ ქააბის ცნობით, ჩავიმ გადაწყვიტა, კონტრაქტის გაწყვეტისთვის მოთხოვნილი თანხა "ალ სადს" თავად გადაუხადოს.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ეს ინფორმაცია Mundo Deportivo-მ უარყო, თუმცა, მათივე ცნობით, საბოლოოდ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.
თავის მხრივ, "ბარსელონა" მოსალაპარაკებლად იმ იმედით მივიდა, რომ "ალ სადი" კომპენსაციის მიღებაზე საერთოდ უარს იტყოდა.
დიდი ალბათობით, საბოლოო შეთანხმება დღესვე მიიღწევა. როგორც კიდევ ერთი ჟურნალისტი, აშრაფ ბენ აიედი წერს, "ბარსას" ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ოფიციალური განცხადება და ანონსი უკვე გამზადებული აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]