გაიგე მეტი ბარსელონაზე #1

გაიგე მეტი ბარსელონაზე #1

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

მაშ ასე, დავიწყოთ: 

- ვინ გახდა ბარსას ისტორიაში პირველი გოლის ავტორი?

"ბარსელონას" არსებობის პირველი წლების განმავლობაში გუნდი უმეტესად ამხანაგურ შეხვედრებს მართავდა, შესაბამისად ამ კითხვაზე სწორი პასუხიც ამხანაგურ მატჩებში უნდა ვეძებოთ. პირველი შეხვედრა, რომელიც "ბარსელონამ" "ინგლისელების გუნდთან" ჩაატარა და რომელიც ათი-ათზე გაიმართა, 0-1 წავაგეთ.

რაც შეეხება პირველ გოლს - დაახლოებით 100 გულშემატკივრის თანდასწრებით "ბარსელონამ" "კატალა" 3-1 დაამარცხა, "ბლაუგრანას" ისტორიაში პირველი გოლი კი კლუბის დამაარსებელმა, ლეგენდარულმა კაპიტანმა და მომავალში პრეზიდენტმა, შვეიცარიელმა ჰანს (ჟოან) გამპერმა გაიტანა. იმ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ერნესტ ვიტიმ გაიტანა.

 - ვის აქვს ბარსელონას მაისურით ყველაზე მეტი სეივი გაკეთებული?

მართალია, სეივების ოფიციალურ დონეზე დათვლა არ ხდება და არაოფიციალურ დონეზეც ეს ეს სტატისტიკა სულ რამდენიმე წელია, რაც ითვლება, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მაინც გვაქვს. სხვადასხვა წყაროების ანალიზის შედეგად დავადგინეთ, რომ "ბარსელონას" მაისურით ყველაზე მეტი სეივი გაკეთებული აქვს ვიქტორ ვალდესს, სულ 1264 სეივი.

დათვლილ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 697 სეივით მე-2 ადგილზე არის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, თუმცა დიდი ალბათობით რეალურად მეორე ადგილს იკავებს ანდონი სუბისარეტა, რომელიც "ბარსელონაში" 8 წლის განმავლობაში, 1986-1994 წლებში თამაშობდა. იმ დროს სეივებს არავინ ითვლიდა, შესაბამისად ზუსტი მონაცემი არ არსებობს. თუმცა "ბარსელონას" მაისურით ჩატარებული თამაშების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მე-2 ადგილს სწორედ ის იკავებს.

- ლეო მესის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეეძლება ბარსაში დაბრუნება?

დიახ, შეეძლება.

მესის პსჟ-სთან აქვს კონტრაქტი 2+1 სისტემით. ეს ნიშნავს, რომ 2 წლის შემდეგ, ანუ 2023 წელს მას ექნება უფლება, თავად გადაწყვიტოს, კიდევ დარჩება პსჟ-ში, "ბარსელონაში" დაბრუნდება თუ სხვაგან წავა. 2023 წელს მას "ბარსაში" უფასოდ დაბრუნება შეეძლება.

- მესის შემდეგ ვის აქვს ბარსელონას მაისურით ყველაზე მეტი გოლი გატანილი და რამდენი?

ამ კითხვას 2 პასუხი აქვს. პირველი არის სესარ როდრიგესი. 1939-1955 წლებში მან "ბარსას" მაისურით 351 თამაში ჩაატარა და 232 გოლი გაიტანა. მესიმდე ის "ბარსას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი იყო როგორც ლა ლიგაში (190 გოლი), ასევე ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

არსებობდა კიდევ ერთი ფეხბურთელი - პაულინო ალკანტარა. მან 399 თამაშში 395 გოლი გაიტანა. მათგან მხოლოდ 143 იყო ოფიციალურ თამაშებში გატანილი გოლი, მაგრამ იმ წლებში (1912-1927) გუნდები ოფიციალურ თამაშებს იშვიათად ატარებდნენ.

- რომელ წელს შეიქმნა ბარსა და ვინ შექმნა?

"ბარსელონას" დაარსების ოფიციალური თარიღი არის 1899 წლის 29 ნოემბერი. სწორედ ამ დღეს შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც 22 ოქტომბერს გაზეთ Los Deportes-ში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. განცხადების ავტორი იყო 22 წლის შვეიცარიელი ჰანს გამპერი, რომელმაც მოგვიანებით ჟოან გამპერი დაირქვა. სწორედ ის ითვლება "ბარსელონას" დამაარსებლად. გამპერი ასევე იყო გუნდის ფეხბურთელი, კაპიტანი და მომავალში პრეზიდენტიც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ოქტომბერი 2021 21:16
    0
    მარტივი კითხვებია, ეს პასუხები ამ საიტზე ისედაც დევს.