გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებები

გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებები

კვირას, 17 ოქტომბერს "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ გენერალური ასამბლეა დაიწყო, რომელზეც 8 მუხლში ცვლილება და 2 დროებითი დადგენილება უნდა განეხილათ, თუმცა "ვალენსიასთან" მატჩის გამო, სხდომა გადაიდო და 23 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.

17 ოქტომბერს მხოლოდ ფინანსური წლის დამტკიცება მოესწრო. გაირკვა, რომ კლუბის ამჟამინდელი ვალი 1,350 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 

  • დანაკარგები - 481 მილიონი ევრო
  • პანდემიით გამოწვეული დანაკარგები - 92 მილიონი ევრო
  • სამართლებლივი დანაკარგები - 451 მილიონი ევრო
  • სასამართლო სარჩელები - 400 მილიონი ევრო

კლუბის წევრებმა 20/21 ფინანსური წლის ბიუჯეტი ოფიციალურად დაამტკიცეს: მას "ბარსელონას" კლუბის წევრთა 89%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 5%-მა, - საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.

გასული სეზონის გარდა, დამტკიცდა 2021/22 ფინანსური წლის ბიუჯეტიც: მას წევრთა 94%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 2%-მა, - საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.

გუშინ გაგრძელებულ ასამბლეაზე კი ხსენებული 8 მუხლი და 2 დროებითი დადგენილება განიხილეს და გადაწყვეტილებებიც მიიღეს:

  • კლუბის წევრმა დელეგატებმა Espai Barca-სდაფინანსების გეგმა დაამტკიცეს. "ბარსელონა" ამერიკული საინვესტიციო ფონდ Goldman Sachs-ისგან 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს აიღებს, რასაც პროექტის განხორციელებას მოახმარს. აქედან 900 მილიონი "კამპ ნოუს" განახლებაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი "პალაუ ბლაუგრანასა" და "ბარსას" კამპუსის მშენებლობაზე. პროექტს მხარი 405 წევრმა დაუჭირა, 21-მა  საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 6-მა კი თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ის საბოლოოდ დამტკიცებული არაა და ყველაფერი რეფერენდუმის გზით გადაწყდება.
  • ასამბლეამ Barca Studios-ის მცირე წილის (20%-49%) გაყიდვა დაამტკიცა. ამას მხარი 397-მა წევრმა დაუჭირა, 14-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 10-მა კი თავი შეიკავა.
  • დელეგატებმა მე-4 მუხლში ცვლილებები დაამტკიცეს. ამის მომხრე 336 წევრია, 4 - წინააღმდეგი, 9-მ კი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მე-4 მუხლი ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას ეხება. ამ გზით, კლუბი სექსისტური, ჰომოფობიური და რასისტული განწყობების აღმოსაფხვრელად იბრძოლებს.
  • დამტკიცდა ცვლილებები მე-12 მუხლშიც. ამას მხარი 257-მა წევრმა დაუჭირა, 61-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 26-მა კი თავი შეიკავა. ამ ცვლილების მიხედვით, კლუბის წევრობის (Socio) ნებისმიერ მსურველს განაცხადის შევსება ელექტრონულად შეეძლება და ამისთვის "ბარსელონას" ოფისში მისვლა აღარ დასჭირდება.
  • მე-16 და 23-ე მუხლებში ცვლილებებს მხარი 232-მა დელეგატმა დაუჭირა, 70-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 39-მა კი თავი შეიკავა. აღნიშნული ცვლილება წესდების იმ პუნქტის გაუქმებას ითვალისწინებდა, რომელიც კლუბს "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციასთან თანამშრომლობის შეწყვეტას უკრძალავდა. სრული უმრავლესობის მხარდაჭერის მიუხედავად, წესდების შესაცვლელად 234 დელეგატის თანხმობა იყო საჭირო, შესაბამისად, ლაპორტას ინიციატივის დამტკიცებისთვის 2 ხმა დააკლდა და ცვლილება არ განხორციელდა.
  • დამტკიცდა 33-ე მუხლის ცვლილება, რომლის მომხრე 301 წევრია, 24 - წინააღმდეგი, 13-მა კი აზრის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ამ ცვლილებით მენეჯერთა რაოდენობის 25-მდე გაზრდა გახდა შესაძლებელი. აქამდე მაქსიმალური რაოდენობა 21 იყო, მინიმალური კი - 21.
  • წევრებმა 34-ე მუხლში ცვლილებები დაამტკიცეს. ამას მხარი 337 წევრმა დაუჭირა, 4-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 3-მა კი თავი შეიკავა. ცვლილების შედეგად, პრეზიდენტობის ვადა 6-დან 5 წლამდე შემცირდა, თუმცა ეს ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობის ვადის ამოწურვის შემდეგ ამოქმედდება. შესაბამისად, მარტში არჩეული ლაპორტა და დირექტორთა საბჭო უფლებამოსილებას კიდევ 5 წლისა და 4 თვის განმავლობაში შეინარჩუნებენ.
  • ასამბლეაზე ცვლილებები 39-ე და მე-60 მუხლებშიც დაამტკიცეს. მომხრე 321 წევრია, მოწინააღმდეგე - 12, აზრის დაფიქსირებისგან თავი კი 5-მა შეიკავა. ეს მუხლები ეთიკის კოდექსს ეხება და კლუბის ყველა დონეზე ვრცელდება.
  • 67-ე მუხლი დროებით შეჩერდა. ამას მხარი 265-მა წევრმა დაუჭირა, 54-მა საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, 18-მა კი თავი შეიკავა. ეს ნიშნავს, რომ, თუ კლუბი პირველ ორ სეზონს წაგებით დაასრულებს, ჟოან ლაპორტას გადადგომა აღარ მოუწევს. ამჟამად არსებული წესდებით, თუ კლუბი ზედიზედ ორ ფინანსურ წელიწადს წაგებით დახურავს, პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო უნდა გადადგნენ, თუმცა "ბარსელონას" ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მეტ-ნაკლებად გამართლებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 26 ოქტომბერი 2021 22:13
    0
    მოკლედ კრება დარჩა კმაყოფილიო, ამაზეა ნამღერი.
    Culé [?]
    #3 24 ოქტომბერი 2021 13:21
    0
    1.35 მილიარდ ვალს 1.5 მილიარდს ამატებენ ზემოდან და გადახდას ნეტა რით აპირებენ? ეტყობა იციან რომ გაკოტრებას ვერ გადაურჩებიან, ხოდა ახალი სტადიონი მაინც შერჩებათ. მერე ვიღაც მილიარდელი იყიდის გაკოტრებულ კლუბს კაპიკებში და მაგით მორჩება. იმედია მფლობელი ბარსას გულშემატკივარი იქნება და არსენალივით არ ვიქნებით.
    Culé [?]
    #2 24 ოქტომბერი 2021 11:28
    3
    ქართული ვარიანტია ტიპიური , ახალმოსული მერი , რომ ეგრევე ინფრასტრუქტურულ პროექტება იწყებს ! ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვისი იქნება ეგ არის მთავარი , ატკატების თემა ბარსელონაშიც მოსულა ეტყობა . და პანდემია რომ შემოტრიალდეს ისევ , 1.5 მილიარდი , ვინ უნდა გადაიხადოს მერე ? ეს წევრები ბართომეუსაც მასე არ უჭერდნენ მხარს ყველაფერში ? გამოდის მაგათი დამსახურება უფრო დიდია იმ ყველაფერში რაც მოხდა და ეხლა უბრალოდ კეთილი ნების ჟესტით , ლაპორტას ელაქუცებიან . მარტო არჩევნების დროს კი არ უნდა გჭირდებოდეს სოსიოების აზრი და მხარდაჭერა , ესეთ მნიშვნელოვან საკითხებზეც . ამ მოდელს ნამდვილად ჯობია , ერთი კაცის საკუთრება იყვეს კლუბი , გიჟი ხომ არ იქნება წაგებაზე იზრუნოს . ფაქტიურად ჩვენი მთავრობასავით , ბიუჯეტის ქურდები არიან , აიღე სესხი მსოფლიო ბანკისგან , დაიწყე რამე ინფრასტრუქტურული პტოექტი და მოსახლეობის ვალი გაზარდე კიდევ ასეული მილიონებით , სამაგიეროდ შენს ჯიბეში სულ მცირე 10 მილიონი მაინც დაილექება . იდეალური სქემაა და ეტყობა ყველგან კარგად მუშაობს .
    ფანი [?]
    #1 24 ოქტომბერი 2021 10:29
    2
    ამათ შიგნით აქვთ მგონი, რა აუცილებელია ახლა კაპნოუს გაახლება და ამისთვის კიდევ მილიარდი ვალის აღება? ბოლოს გამოაცხადებენ ვალების გადახდის უუნაროდ კლუბს და მოუღებენ ბოლოს, ცხადია ყველაფერი, ლაპორტას უნდა მილიონები ჩაიჯიბოს ამ პროექტით