6 ძვირადღირებული ტრანსფერი, რომლებმაც მოლოდინები გაამართლა

როცა კლუბი სატრანსფერო რეკორდს ამყარებს ან უბრალოდ, ფეხბურთელში 50 მილიონზე მეტს იხდის, ის ყველას ყურადღების ცენტრში ექცევა.
ბოლო პერიოდში "ბარსელონამ" ტრანსფერებში, რომელთა ნაწილიც წარუმატებელი გამოდგა, დიდი თანხები დახარჯა - ამის მაგალითებია უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო და ანტუან გრიზმანი.
თუმცა, ახლა მსგავს გარიგებებზე არ ვისაუბრებთ... Tribuna.com გვთავაზობს იმ მოთამაშეებს, რომლებშიც დიდი თანხები გადაიხადეს და რომლებმაც გაცემული ავანსები გაამართლეს:
დავიდ ვილია - 40 მილიონი ევრო
როდესაც "ბლაუგრანამ" ვილია 2010 წელს "ვალენსიადან" დიდი თანხის სანაცვლოდ გადაიბირა, ესპანელი თითქმის 30 წლის იყო.
მიუხედავად ამისა, დავიდმა შესანიშნავად ითამაშა და კატალონიელთა მაისურით 48 გოლის გატანა მოახერხა. მისი "ბარსელონური" კარიერის მთავარი მომენტი კი 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი გოლია. ამავე წელს, მან გუნდთან ერთად ლა ლიგაც მოიგო.
ლუის სუარესი - 81.72 მილიონი ევრო
2014 წელს "ბარსელონაში" გადმოსვლამდე, ურუგვაელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. მისი ხასიათისა და კბენის ჩვევის შესახებ ყველას მოეხსენება - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სუარესმა დისკვალიფიკაცია სწორედ ამიტომ მიიღო.
თუმცა, კატალონიურმა გრანდმა "ელ პისტოლეროს" შეძენა მაინც გადაწყვიტა, რამაც გაამართლა - ლუისი "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად იქცა. 195 გოლით, სუარესი "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მე-2 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 672 გოლია.
ფრენკი დე იონგი - 86 მილიონი ევრო
ნიდერლანდელი ნახევარმცველი "ბარსას", "აიაქსის" მაისურით ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ შეუერთდა.
მიუხედავად მისი ტალანტისა, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას (75 მილიონი ევრო) კრიტიკოსთა მხრიდან დიდი გამოხმაურება და სკეპტიკური დამოკიდებულება მოჰყვა.
საპასუხოდ, დე იონგმა დაამტკიცა, რომ სხვები ცდებოდნენ. ფრენკი ტრავმებს ძალიან იშვიათად იღებს და ბოლო 3 სეზონია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.
ნეიმარი - 88 მილიონი ევრო
როცა ნეიმარის ფასი ცნობილი გახდა, გულშემატკივრების ნაწილს გაუკვირდა, თუ რატომ გადაიხადა "ბარსამ" ამხელა თანხა ახალბედა ბრაზილიელში, რომელსაც აქამდე ევროპაში არასდროს ჰქონდა ნათამაშები.
საბოლოოდ, ჟუნიორი "ბარსელონას" ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციად იქცა - მან კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგების გარდა, "ბლაუგრანას" დაეხმარა, რომ მასში დახარჯული თანხა მთლიანად დაებრუნებინა, როდესაც პსჟ-მა მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადა და სატრანსფერო რეკორდი დაამყარა.
რონალდინიო - 32 მილიონი ევრო
2003 წელს, რონალდინიოს "ბარსელონაში" გადმოსვლით ახალი ისტორია დაიწყო. ბევრი არ ელოდა, რომ ბრაზილიელი ჯადოქარი მომდევნო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინებოდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მან ყველაფერი მოიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაც და, რა თქმა უნდა, "ოქროს ბურთი".
დანი ალვესი - 35 მილიონი ევრო
2008 წელს 35 მილიონი ევრო ძალიან დიდი თანხა იყო (დღევანდელისგან განსხვავებით) - ეს ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდ რისკზე წავიდა "ბარსელონა", როცა ბრაზილიელ მარჯვენა მცველში "სევილიას" ამდენი გადაუხადა.
საბოლოოდ, დანიმ თავისი შესაძლებლობები ყველას დაუმტკიცა და კატალონიურ გრანდში 26 ტიტული დაისაკუთრა. ამჟამად ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]