კუმანის "ოქროს ბიჭები" - ნიდერლანელს ოთხი ახალგაზრდა განსაკუთრებულად მოსწონს
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა პრე-სეზონზე გამართულ ორ შეხვედრაში ბევრ ახალგაზრდას მისცა თავის გამოჩენის შანსი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი სპეციალისტი განსაკუთრებით ალეხანდრო ბალდეს, ნიკო გონსალესის, იუსუფ დემირისა და გავის თამაშით მოიხიბლა. "ბლაუგრანა" თითოეულ მათგანზე დიდ იმედებს ამყარებს.
ალეხანდო ბალდე
ალეხანდრო ბალდე, შესაძლოა, ჟორდი ალბას შემცვლელად ხშირად მოგვევლინოს. ფინანსური კრიზისდან გამომდინარე, "ბარსა" მარცხენა მცველის შეძენას ვერ ახერხებს, რის გამოც ფსონი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს. 17 წლის უკანახაზელი კი საუკეთესო ვარიანტია.
ალბას რეზერვად სერჟინიო დესტიც განიხილება, თუმცა ამან ბალდეს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს. რონალდ კუმანს მასზე ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება არ სურს, რის გამოც, ბალდე თამაშს "ბარსა ბ-ში" დაიწყებს, მაგრამ პირველ გუნდში დაწინაურების შანსი ნებისმიერ დროს შეიძლება მიეცეს. ესპანელ-დომინიკელმა პრე-სეზონის ორ შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს.
ნიკო გონსალესი
19 წლის ნახევარმცველმა რონალდ კუმანი ჯერ კიდევ გასულ სეზონში მოხიბლა და თავი პრე-სეზონზეც გამოიჩინა. როგორც მწვრთნელი, ისე ხელმძღვანელობა გონსალესზე დიდ იმედებს ამყარებენ და სურთ, მას პირველ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქტიურად მისცენ, რისი შანსებიც კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ილაიშ მორიბა კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ესპანელ შუახაზელს სერჯიო ბუსკეტსის მომავალ შემცვლელად მოიაზრებენ.
იუსუფ დემირი
18 წლის ავსტრიელმა, რომელიც "ბარსამ" ერთწლიანი იჯარით დაიმატა, სამწვრთნელო შტაბის გაოცება ვარჯიშებსა და ამხანაგურ შეხვედრებში მოახერხა. დემირმა პრე-სეზონის ორივე მატჩში თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და აჩვენა, რომ ახალ თანაგუნდელებს შესანიშნავად ეწყობა. ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი სეზონს "ბარსელონა ბ-ში" დაიწყებს და მისი პირველ გუნდში დაწინაურების საკითხი ნაჩვენებ თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ დემირმა პროგრესი გააგრძელა, კლუბი მას გამოისყიდის.
პაბლო პაესი - გავი
16 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთია იმათ შორის, ვისიც "ბარსელონაში" ყველაზე მეტად ეიმედებათ. ასაკის მიუხედავად, გავი გასულ სეზონში 19 წლამდელთა გუნდში, "ჯუვენილ ა-ში" დააწინაურეს.
შემტევმა ნახევარმცველმა "ჟიმნასტიკისა" და "ჟირონას" წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა და იმედები არ გაუცრუებია. მან აჩვენა, რომ თამაშის კონტროლი კარგად შეუძლია.
"ბლაუგრანას", სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება არც გავიზე სურს. ახალ სეზონში ის "ბარსა ბ-ში" იასპარეზებს, სადაც თვალყურს აქტიურად მიადევნებენ და პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალებასაც მისცემენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]