ბარსელონა კოუტინიოს გაშვებაზე მუშაობს

"ბარსელონა" გუნდის ბრაზილიელ ნახევარმცველთან, ფილიპე კოუტინიოსთან განშორებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ყველაზე რეალური კოუტინიოს ინგლისურ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. 29 წლის ფეხბურთელით "ლესტერი", "ევერტონი" და "არსენალი" ინტერესდებიან.
"ბლუაგრნას" ფეხბურთელების გაყიდვით ფულის გამომუშავება კი უნდა, მაგრამ, MD-ს ინფორმაციით, კოუტინიოს შემთხვევაში თავს იჩენს ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა ფილიპეს პოზიციაზე საკმარისი მოთამაშეების ყოლა, მაღალი ხელფასი და სხვადასხვა ცვლადი. მაგალითად, თუ კოუტინიო "ბარსაში" 100 მატჩს ჩაატარებს, კატალონიელებს მისი ყოფილი კლუბისთვის, "ლივერპულისთვის" 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ამჟამად ფილიპეს ანგარიშზე 90 თამაშია.
ამასთანავე, ბრაზილიელი "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. არსებული რთული ფინანსური მდგომარების გათვალისწინებით, კატალონიურ კლუბს მისი ანაზღაურების გადახდა გაუჭირდება.
კოუტინიო "ბლაუგრანას" 2018 წლის იანვარში შეუერთდა, თუმცა მან კატალონიურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და 2019/20 წლების სეზონი იჯარით მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა. ფილიპე "ბარსაში" გასულ ზაფხულში დაბრუნდა და 2020/21 წლების სეზონი არც ისე ცუდადაც დაიწყო, მაგრამ ფეხბურთელს დეკემბერში მიღებულმა რთულმა ტრავმამ სათანადო ფორმის დაბრუნებაში ხელი შეუშალა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]