ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია!

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. "ფურია როხა" 1/8-ფინალში ხორვატიას დაუპირისპირდა და ტურნირის ჯერჯერობით საუკეთესო თამაშში, დამატებითი ტაიმების დახმარებით, 5-3 დაამარხა.
ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც პედრიმ უნაი სიმონს ბურთი ცუდად დაუბრუნა და პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა... ავტოგოლი.
ბურთის საკუთარ კარში გატანის მიუხედავად "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტს კარგი თამაში ჰქონდა.
პედრი, ისევე, როგორც ბუსკეტსი და ერიკ გარსია სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან სრული 120 წუთი ითამაშა. ერიკ გარსიამ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა, ხოლო სერხიო ბუსკეტსმა - 101-ე წუთზე. მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა ჟორდი ალბა.
ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდა. გოლი პაბლო სარაბიამ გაიტანა. მე-2 ნახევარში სესარ ასპილიკუეტამ და ფერან ტორესმა გაიტანეს და 85-ე წუთზე საქმე მომთავრებული ჩანდა - 1-3. მაგრამ დარჩენილ დროში ხორვატებმა მეტოქის კარი 2-ჯერ აიღეს, ანგარიში 3-3 დააფიქსირეს და თამაში დამატებულ ტაიმებში გადავიდა.
"ფურია როხას" ორბურთიანი უპირატესობის აღსადგენად პირველი დამატებული ტაიმიც ეყო - თავი ალვარო მორატამ და მიკელ ოიარსაბალმა გამოიჩინეს. ანგარიში მეტჯერ აღარ შეცვლილა და ესპანეთმა დრამატულ მატჩში 5-3 მოიგო.
მეოთხედფინალში ესპანელთა მეტოქე დღესვე, საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის გასამართ მატჩში გაირკვევა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]