ბარსელონელები ევროპის ჩემპიონატებზე

ბარსელონელები ევროპის ჩემპიონატებზე

ევროპის ჩემპიონატი იწყება. ერთწლიანი დაგვიანებით, მაგრამ ამაზე უკვე აღარავინ ჩივის.

წელს ევროპის მე-16 ჩემპიონატი გაიმართება. წინა 15 გათამაშებაში კონტინენტის საუკეთესო გუნდში "ბარსელონას" 13 წარმომადგენელი ჰყოლია: ოლიველია, ფუსტე, პერედა, საბალია, სადურნი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, პიკე, პედრო, ფაბრეგასი, ვალდესი, ბუსკეტსი. სულ 15 ოქროს მედალი (ჩავის და ინიესტას 2-2) და ყველა ესპანური.

ამ სტატიაში კი გავეცნობით "ბარსელონას" ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ.

1960 წელი

ევროპის პირველ ჩემპიონატზე, რომელსაც საფრანგეთმა უმასპინძლა, მხოლოდ 4 გუნდი მონაწილეობდა. იმ დროის ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა ფაშისტი დიქტატორი ფრანკოს ბრძანებით ესპანელებმა შესარჩევ ეტაპზე კომუნისტურ საბჭოთა კავშირთან თამაშზე უარი თქვეს და ასე დარჩა "ბარსა" ევროპის ჩემპიონატის მიღმა. კონტინენტის ჩემპიონი კი სწორედ საბჭოთა კავშირი გახდა, სადაც გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი თამაშობდნენ. სამივე ქართველი ფინალში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მეტრეველმა კი გოლიც გაიტანა.

1964 წელი

მომდევნო ჩემპიონატზე ესპანეთმა ითამაშა, მასპინძელიც იყო და მოიგო კიდეც. 4 შეხვედრიდან 2 "კამპ ნოუზე" გაიმართა, მაგრამ არცერთი ესპანეთის ნაკრების მონაწილეობით.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლები მოიგეს ფერან ოლიველიამ (ნაკრების კაპიტანი), ჟოზეპ მარია ფუსტემ, ხესუს მარია პერედამ და სალვადორ სადურნიმ. საბჭოთა კავშირთან გამართულ ფინალში პირველი გოლი "ბარსელონას" ნახევარმცველმა, პერედამ გაიტანა, რომელიც ფინალებში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორია (მე-6 წუთზე).

1976 წელი

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო წარმომადგენელი "ბარსას" 1976 წელს ჰყავდა. იოჰან კრუიფისა (ნაკრების კაპიტანი) და იოჰან ნეესკენსის შესანიშნავი გუნდი ჩეხოსლოვაკიასთან ნახევარფინალში 1-3 დამარცხდა, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კი ჰოლანდიელებმა იუგოსლავიას 3-2 სძლიეს.

1980 წელი

1980 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოთხის ნაცვლად 8 გუნდი თამაშობდა. 16 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ესპანეთის ნაკრები, რომლის რიგებშიც "ბარსელონადან" მიგელი, ხუან მანუელ ასენსი (ნაკრების კაპიტანი), ლობო კარასკო, ანტონიო ოლმო და პედრო მარია არტოლა თამაშობდნენ.

ესპანეთმა მხოლოდ 1 ქულა აიღო ჯგუფში, იტალიასთან, ხოლო ბელგიასთან და ინგლისთან წააგო.

ტურნირი გერმანიამ მოიგო, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ვერცხლის ბურთის (ტურნირის მე-2 საუკეთესო ფეხბურთელი) მფლობელი ბერნდ შუსტერი იყო. იმავე ზაფხულში შუსტერი "ბარსელონას" შეუერთდა.

1984 წელი

1984 წელს  ესპანეთის ნაკრებში "ბარსელონადან" ვიქტორ მუნიოსი, კარასკო, ხულიო ალბერტო მორენო და მარკოს ალონსო თამაშობდნენ. ესპანელები ფინალამდე მივიდნენ, სადაც მიშელ პლატინის საფრანგეთთან 0-2 დამარცხდნენ.

1988 წელი

ანდონი სუბისარეტას, ვიქტორ მუნიოსისა და რამონ კალდერეს ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა. კიდევ უფრო ცუდი შედეგი აჩვენა გარი ლინეკერის ინგლისმა - ჯგუფის სამივე თამაში წააგო.

ტურნირი ჰოლანდიამ მოიგო, რომლის რიგებშიც რონალდ კუმანი ("ბარსელონას" მომავალი ფეხბურთელი და მწვრთნელი) და ფრანკ რაიკარდი ("ბარსელონას" მომავალი მწვრთნელი) თამაშობდნენ.

1992 წელი

ამ ჩემპიონატზე "ბარსელონას" ერთადერთი წარმომადგენელი რონალდ კუმანი იყო. მისი გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა დანიასთან, რომელიც ტურნირზე იღბლის წყალობით მოხვდა და რომელმაც საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი.

დანიასთან ერთად გამარჯვება ვერ იზეიმა "ბარსელონას" ვარსკვლავმა, მიკაელ ლაუდრუპმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე წასვლა დაეზარა. მართლა, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატის გამო შვებულების შეწყვეტა არ ღირდა.

1996 წელი

1996 წელს ევროპის ჩემპიონატზე უკვე 16 გუნდი თამაშობდა. აქედან ხუთში "ბარსელონას" ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ნახევარფინალში გასვლაც კი ვერ მოახერხა.

აბელარდოს, სერხის, ამორისა და ნადალის ესპანეთმა ხრისტო სტოიჩკოვის ბულგარეთი და გეორგე ჰაჯისა და გეორგე პოპესკუს რუმინეთი ჯგუფში ჩატოვა, მაგრამ 1/4 ფინალში მასპინძელ ინგლისთან თერთმეტმეტრიანებში დამარცხდა.

იმავე ეტაპიდან გამოვარდა ჟორდი კრუიფის ჰოლანდია, ლუიშ ფიგუს პორტუგალია და რობერტ პროსინეჩკის ხორვატია. გამოდის, რომ მეოთხედფინალში წაგებულ ოთხივე გუნდში "ბარსელონას" ფეხბურთელი თამაშობდა, ხოლო მოგებულებში - არცერთი.

2000 წელი

2000 წელს პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატი ორ ქვეყანაში ჩატარდა - ბელგია-ჰოლანდია.

ერთ-ერთი მასპინძლის, ჰოლანდიის რიგებში "ბარსელონას" 2-ჯერ უფრო მეტი ფეხბურთელი თამაშობდა, ვიდრე ესპანეთში. ჰოლანდია: მიხაელ რაიციგერი, ფრანკ დე ბური (ნაკრების კაპიტანი), ბუდევეი ზენდენი, ფილიპ კოკუ, პატრიკ კლუივერტი, რონალდ დე ბური; ესპანეთი: პეპ გვარდიოლა, აბერლარდო, სერხი).

ჰოლანდიამ ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც იტალიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ესპანეთმა კი მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან 1/4 ფინალში წააგო.

ერთადერთი "ბარსელონელი", რომელმაც ნახევარფინალში ითამაშა, ლუიშ ფიგუ იყო. მისი პორტუგალია საფრანგეთთან დამარცხდა.

ჩემპიონ საფრანგეთში თამაშობდნენ ლილიან ტურამი, ლორან ბლანი, ემანუელ პეტი, კრისტოფ დუგარი და ტიერი ანრი, რომლებსაც სხვადასხვა დროს "ბარსელონაში" უთამაშიათ.

2004 წელი

მომდევნო ჩემპიონატზეც "ბარსელონას" ჰოლანდიაში 6 წარმოამდგენელი ჰყავდა (რაიციგერი, ვან ბრონხორსტი, კოკუ, დავიდსი, კლუივერტი, ოვერმარსი), ხოლო ესპანეთში 3 (პუიოლი, გაბრი, ჩავი).

ესპანელები ჯგუფში ჩარჩნენ, ხოლო ჰოლანდია პორტუგალიასთან ნახევარფინალში დამარცხდა.

2004 წელს ყველაზე მეტი, 9-9 წარმომადგენელი "ბარსელონას", "ბაიერნსა" და "იუვენტუსს" ჰყავდათ.

2008 წელი

44 წლიანი პაუზის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონები გახდნენ. კარლეს პუიოლის, ანდრეს ინიესტასა და ჩავის ესპანეთის ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი ისტორიაში მეორედ გახდა. სამივე "ბარსელონელმა" წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. ნაკრებში ასევე იყვნენ "ლა მასიას" აღზრდილები პეპე რეინა, ფერნანდო ნავარო და სერხიო გარსია.

იმ ჩემპიონატზე "ბარსა" სამი ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი საფრანგეთის ნაკრებშიც, მაგრამ ერიკ აბიდალის, ტიერი ანრისა და ლილიან ტურამის (ნაკრების კაპიტანი) გუნდი ჯგუფში ჩარჩა.

დეკუს პორტუგალია 1/4 ფინალში გერმანიასთან დამარცხდა, ხოლო ჯანლუკა ძამბროტას იტალია - ესპანეთთან.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ჩავი დასახელდა.

2012 წელი

ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. ამჯერად ესპანეთში 7 "ბარსელონელი" თამაშობდა  - ჟერარ პიკე, პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი, ვიქტორ ვალდესი, სერჟიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა. ვალდესის გარდა წარმატებაში ყველამ დიდი როლი ითამაშა. ჟორდი ალბამ კი ფინალში გოლიც გაიტანა. ტრავმების გამო ტურნირი პუიოლმა და დავიდ ვილიამ გამოტოვეს.

"ბარსელონას" კიდევ ერთი წარმომადგენელი იბრაჰიმ აფელაი იყო, რომლის ჰოლანდიამაც ჯგუფში სამივე თამაში წააგო.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეს ინიესტა დასახელდა. "ბარსელონა" ერთადერთი კლუბია, რომლის ფეხბურთელებიც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებად ორჯერ დასახელდნენ.

2016 წელი

ზედიზედ ორ ტურნირზე ტრიუმფის შემდეგ "ბარსელონა" ევროპის ჩემპიონატის ოქროს გარეშე დარჩა.

პიკეს, ბარტრას, ბუსკეტსის, ინიესტასა და ალბას ესპანეთი 1/8 ფინალიდან იტალიამ გამოაგდო; ივან რაკიტიჩის ხორვატია იმავე ეტაპზე მომდევნო ჩემპიონ პორტუგალიასთან დამარცხდა; არდა თურანის (ნაკრების კაპიტანი) თურქეთი ჯგუფში ჩარჩა; მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გერმანია 1/2 ფინალში მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა; ტომას ვერმალენის ბელგია კი 1/4 ფინალიდან უელსმა გამოაგდო.

ჩემპიონ პორტუგალიაში "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო კუარეშმა თამაშობდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე ანტუან გრიზმანი გახდა, რომელიც 3 წლის შემდეგ "ბლაუგრანაში" გადმოვიდა.

2020 წელი

წელს "ბარსელონას" ევროპის ჩემპიონატზე 8 წარმომადგენელი ჰყავს:

ესპანეთი: სერჟიო ბუსკეტსი (ნაკრების კაპიტანი), ჟორდი ალბა, პედრი;

საფრანგეთი: კლემან ლანგლე, ანტუან გრიზმანი, უსმან დემბელე;

ნიდერლანდები: ფრენკი დე იონგი;

დანია: მარტინ ბრეითუეიტი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივნისი 2021 19:43
    0
    ბუსკეტსი სადღაა, კოვიდმა მოგვიტეხა.
    Culé [?]
    #1 11 ივნისი 2021 01:31
    1
    საფრანგეთმა თუ მოიგო გრიზი, დემბელე და ლენგლე გვყავს მანდ.
    ინგლისში,იტალიაში,გერმანიაში არავინ
    ჰოლანდიაში ფრენკი
    პორტუგალიაში არავინ
    ესპანეთში ალბა, ბუსი და პედრი ჩაიხუტებენ თუ მოიგეს და მგონი მინგესაც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.