დანი ალვესის შემცვლელებში დახარჯული 93 მილიონი

დანი ალვესმა "ბარსელონა" 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას შემდეგ კატალონიურმა კლუბმა მარჯვენა მცველებში ჯამში 93,7 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა ბრაზილიელის დონის ფეხბურთელს მაინც ვერ მიაგნო.
2015 წელს "ბარსამ" ალეიშ ვიდალი შეიძინა, მის სანაცვლოდ "სევილიას" 17 მილიონი გადაუხდა, თუმცა, ხშირმა ტრავმიანობამ ფეხბურთელს განვითარების საშუალება არ მისცა. ვიდალმა მხოლოდ 51 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საბოლოო ჯამში კი 4 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მარჯვენა მცველებს შორის ყველაზე მეტი "ბლაუგრანამ" ნელსონ სემედუში გადაიხადა, პორტუგალიელში კატალონიელებმა 35,7 მილიონი ევრო გაიღეს. "ბენფიკადან" გადმოსვლის შემდეგ სემედუს სერჟი რობერტოსთან სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის უშუალო კონკურენცია ჰქონდა, მაგრამ გამოკვეთილად ვერ აჯობა. "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 124 მატჩში მან აქტივში 2 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.
2018 წელს "ბარსამ" ბელგიური "ეუპენიდან" მუსა ვაგე 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ის თავდაპირველად ბ გუნდში ჩაეწერა, მიუხედავად რეზერვებში ჩატარებული შედეგიანი მატჩებისა, ძირითად გუნდთან ერთად მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
2020 წელს ზაფხულში "ბარსამ" "აიაქსიდან" 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ სერჟინიო დესტი გადმოიბირა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შეხვედრაში დესტმა თავი კარგად წარმოაჩინა, მას ძირითადი შემადგენლობის სრულფასოვანი წევრობისათვის ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. 40 მატჩში სერჟინიოს ანგარიშზე 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
ერთ-ერთი ბოლო ტრანსფერი, რომელიც "ბარსამ" დანი ალვესის ჩასანაცვლებად გააკეთა ემერსონის შეძენა იყო. ის "ბარსამ" და "ბეტისმა" 6-6 მილიონად საზიაროდ შეიძინეს. მისი საბოლოო გამოსყიდვა კლუბს 9 მილიონი ევრო დაუჯდება. "ვერდიბლანკოსის" რიგებში ემერსონი წელს გამორჩეულად კარგად გამოიყურებოდა, საინტერესოა, რამდენად ეფექტური იქნება ის კატალონიელთა მაისურით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]