60 მილიონი ევრო წელიწადში - მესის ახალი კონტრაქტის დეტალები

"ბარსელონა" გუნდის არგენტინელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის, წელიწადში 60 მილიონ ევროს სთავაზობს, ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური გამოცემა წერს, რომ კლუბის ახალი შეთავაზება 10-წლიან კონტრაქტს გულისხმობს. პირველი ოთხი წლის განმავლობაში, მესის ანაზღაურება 60 მილიონი ევრო იქნება (ჯამში 240 მილიონი). 2021-2023 წლებში ლეო "კამპ ნოუზე" დარჩება, შემდეგ კი MLS-ს, კონკრეტულად კი "ინტერ მაიამის" მიაშურებს, სადაც 2025 წლამდე ითამაშებს და, ამავდროულად, "ბარსელონას" ელჩის სტატუსი ექნება.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, მესი კატალონიაში დაბრუნდება და 2031 წლამდე კლუბში იმუშავებს. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად, რა პოზიციას სთავაზობს მას "ბარსელონა" - გლობალური ელჩის სტატუსს თუ კლუბის სპორტულ სფეროში მუშაობას.
მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება ანაზღაურების იმ ოდენობაზე, რომელიც მესის კლუბში დაბრუნების შემდეგ ექნება. ლაპორტას სურს, რომ ხელფასის ფიქსირებული ნაწილი სიმბოლური იყოს და ხელშეკრულებაში უფრო მოცულობითი ბონუსები გაიწეროს, თუმცა მესის მხარე უფრო მაღალ ფიქსირებულ ანაზღაურებას ითხოვს.
თავად მესისთვის, გადამწყვეტი გუნდის მომავალი სპორტული პროექტია. საბოლოო გადაწყვეტილებას იგი სწორედ სპორტული გარემოებებიდან გამომდინარე მიიღებს. ფინანსურ პირობებზე კი მოლაპარაკებებს ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე, და ხორხე მესი აწარმოებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]