რონალდ, გამოისყიდე საკუთარი თავი!

რონალდ კუმანის მომავალზე მცირე გავლენა, შესაძლოა, "ეიბართან" დღეს გასამართმა მატჩმა იქონიოს.
ბოლო დღეებში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟოან ლაპორტა აპირებს კუმანს მომდევნო კვირაში შეხვდეს. განსახილველი საკითხი, რა თქმა უნდა, ნიდერლანდელი სპეციალისტის მომავალია. ლაპორტას კუმანის გაშვება სურს, მაგრამ პრობლემას ფინანსური საკითხი ქმნის - რონალდის ვადაზე ადრე გათავისუფლება "ბარსას" 7 მილიონი ევრო უჯდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კუმანი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და თანხას სრულად მოითხოვს, რაც ფინანსურ კრიზისში მყოფი "ბლაუგრანასთვის" პრობლემაა.
ბოლო დღეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ მილიონს მიიღებენ ესპანური კლუბები ლა ლიგაში დაკავებული ადგილების მიხედვით. მაგალითად, ჩემპიონი 59.5 მილიონით დასაჩუქრდება, ვიცე-ჩემპიონი 52.5 მილიონით, მე-3 ადგილზე გასული გუნდი 45.5 მილიონით, ხოლო მეოთხე ადგილი - 38.5 მილიონით. "ბარსა" ამჟამად მე-3 ადგილს იკავებს და ამ პოზიციის საბოლოოდ შესანარჩუნებლად დღეს "ეიბართან" არწაგება მართებს. მე-2 ადგილზე გადასვლის შანსი არ გვაქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, არც მე-3 პოზიციისთვის ბრძოლა არის უმნიშვნელო, რადგან 7 მილიონის ბედი წყდება.
მე-4 პოზიციაზე მყოფ "სევილიას" 2 ქულით ვუსწრებთ. პლანეტა დედამიწაზე არსებული ძლიერი გუნდებიდან "სევილია" ერთდერთია, რომელთანაც კუმანის "ბარსელონას" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში მე-3 ადგილს "ბარსა" დაიკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად დღეს ქულაც გვყოფნის.
"ბარსელონას" მიზანი მე-3 ადგილი არ შეიძლებოდა ყოფილიყო და ამ პოზიციის დაკავებით მიღებული ზედმეტი 7 მილიონი ევრო კლუბის ბიუჯეტის გაუთვალისწინებელი შემოსავალი ნამდვილად არ იქნება, პირიქით, ჩვენ მიზანი გაჩემპიონება და კიდევ 14 მილიონის მიღება იყო. თუმცა დღეის მდგომარეობით ამ 7 მილიონისთვის გვიწევს ბრძოლა და შესაძლოა სიმბოლურიცაა, რომ ამდენივეს მოითხოვს რონალდ კუმანი "ბარსელონასგან".
ბატონო რონალდ, გამოისყიდეთ საკუთარი თავი "ბარსელონასგან". ამისთვის საკმარისია ბოლოადგილოსან და ლა ლიგიდან გავარდნილ "ეიბართან" არ წააგოთ. გვესმის, რომ თქვენი "ბარსელონასთვის" ეს იოლი საქმე სულაც არაა, მაგრამ არც 7 მილიონია პატარა ფული...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]