მირალემ პიანიჩის შეძენით 2 გუნდი დაინტერესდა

ფრანგულ და ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის სამსახურით ორი ევროპული კლუბი დაინტერესდა.
მიმდინარე სეზონში განვითარებული მოვლენების, "ბარსელონას" ფინანსური მდგომაროებისა და მირალემ პიანიჩის წლიური ანაზღაურების გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, 31 წლის ფეხბურთელი გუნდში დარჩეს.
მიმდინარე სეზონში პიანიჩმა მოედანზე მხოლოდ 1285 წუთი დაჰყო. სასტარტო შემადგენლობაში კი ის მხოლოდ 13-ჯერ ვიხილეთ. ბოსნიელის სათამაშო დრომ განსაკუთრებით სეზონის დასკვნით ეტაპზე იკლო - თებერვლის შემდეგ ის მოედანზე მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა, საერთო ჯამში 15 წუთით.
პიანიჩს გუნდში მისი სტატუსისთვის ძალიან შეუფერებელი ხელფასი აქვს. მასზე მაღალი ანაზღაურება მხოლოდ მესის, გრიზმანსა და კოუტინიოს აქვთ. გასაკვირი არაა, რომ "ბარსელონას" მირალემის გაყიდვა მოუნდეს, რადგან ტრანსფერის შემთხვევაში "ბლაუგრანას" სახელფასო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემსუბუქდება.
ფრანგულ Le10Sport-ზე დაყრდნობით ესპანური Mundo Deportivo იტყობინება, რომ პიანიჩის შეძენის სურვილს "პარი სენ-ჟერმენი" და "ჩელსი" გამოთქვამენ. ფინანსურად არცერთ მათგანს უჭირს და "ბარსას", შესაძლოა, პიანიჩის სარფიანად გაყიდვის შანსი გაუჩნდეს. თუმცა პრობლემას გასულ წელს ფეხბურთელში "იუვენტუსისთვის" გადახდილი 70 მილიონი ევრო ქმნის. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 70 მილიონთან მიახლოებულ თანხას პიანიჩში არავინ გადაიხდის, თანხებს შორის სხვაობა კი პრობლემას ფინანსურ ფეარ ფლეისთან მიმართებაში შექმნის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]