ბარსელონას ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ითამაშებს

"ბარსელონას" ქალთა გუნდი ზაფხულში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამხანაგურ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ყოველწლიური საზაფხულო ტურნირია, რომელიც ძირითადად მარკეტინგული მიზნებისთვის ტარდება, მონაწილე გუნდები კი სოლიდურ ფულად პრემიას იღებენ.
ქალების გუნდებს შორის ეს ტურნირი პირველად 2018 წელს ჩატარდა. ფინალში ფრანგული "ლიონი" ამერიკულ "ჩრდილოეთ კაროლინასთან" დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ ერთმანეთს ისევ ეს გუნდები შეხვდნენ და უფრო ძლიერი ამჯერად "ლიონი" გამოდგა. 2020 წელს ტურნირი კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა, წელს კი ბრუნდება.
"ბარსელონას" ქალთა გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. კატალონიელთა ამ ტურნირზე მიწვევა გასაკვირი არაა, რადგან ჩემპიონთა ლიგა სწორედ "ბლაუგრანამ" მოიგო.
ნახევარფინალები 18 აგვისტოს გაიმართება. ერთ წყვილში "ბარსელონა" ევროპის ყველა დროის საუკეთესო გუნდ "ლიონს" დაუპირისპირდება, მეორეში კი ერთმანეთს ამერიკული "პორტლენდი" და "ჰიუსტონი" შეხვდებიან. ფინალური დაპირისპირება 21 აგვისტოს ჩატარდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]