ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 29 აპრილი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 29 აპრილს მოხდა.
თამაშები
29 აპრილს "ბარსელონას" 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1919 წელი
ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "სევილია" სტუმრად 3-0 გაანადგურა. სამივე გოლი პაულინო ალკანტარამ გაიტანა, რომელიც თასზე "ბარსას" 50-ე გოლის ავტორი გახდა.
1939 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ფონჩო. 1960-1967 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 146 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბთან ერთად ფონჩომ ესპანეთის თასი და ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1951 წელი
1950 წელს შეძენილ ლადისლაო კუბალას "ბარსელონასთან" ერთად ოფიციალურ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს. ესპანეთის თასზე "ბარსამ" "სევილია" 2-1 დაამარცხა.
1998 წელი
ესპანეთის თასის ფინალის 1-1 დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" "მალიორკას" თერთმეტმეტრიანების სერიაში 5-4 სძლია და ტიტულს 24-ედ დაეუფლა.
2012 წელი
მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, "ბლაუგრანამ" პირველი თამაში ჩაატარა და "რაიო ვალიეკანო" სტუმრად 7-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), პედრომ (2), კეიტამ, ტიაგომ და სანჩესმა გაიტანეს. კეიტას გოლი ლა ლიგის იმ გათამაშებაში "ბარსელონასთვის" მე-100 იყო. ეს იყო კლუბის ისტორიაში მე-3 სეზონი, როდესაც "ბარსამ" ლა ლიგაში 100 ან მეტი გოლი გაიტანა.
2016 წელი
გარდაიცვალა მანელ ვიჩი, ადამიანი, რომელიც "კამპ ნოუზე" გამომცხადებელი 6 დეკადის განმავლობაში იყო.
2017 წელი
ბარსელონურ დერბიში "ბარსამ" "ესპანიოლი" სტუმრად 3-0 დაამარცხა. გოლები სუარესმა (2) და რაკიტიჩმა გაიტანეს.
2018 წელი
"დეპორტივოსთან" 4-2 მოგებით "ბარსელონა" ლა ლიგის თასს ბოლო 10 წელიწადში მეშვიდედ დაეუფლა. ამ მატჩში მესიმ ლა ლიგაში თავისი 30-ე ჰეთ თრიქი შეასრულა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]