ინტერვიუ ოსკარ მინგესასთან

ინტერვიუ ოსკარ მინგესასთან

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ოსკარ მინგესაა. თუ "ბარსელონას" ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორებიც პედრი, ილაიშ მორიბა და რიკი პუჩი არიან, დიდ მომავალს აქამდეც უწინასწარმეტყველებდნენ, იმავეს მინგესაზე ვერ ვიტყვით. მალე ის 22 წლის გახდება და მიმდინარე სეზონამდე მისი პირველ გუნდში დაწინაურების საკითხი სერიოზულად არც განიხილებოდა. თუმცა შექმნილმა საკადრო კრიზისმა რონალდ კუმანს უბიძგა, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ნდობა გამოეცხადებინა. ეს ნდობა გამართლდა.

ხვალ გასამართი ესპანეთის თასის ფინალის წინ ოსკარ მინგესამ Sport-ს ინტერვიუ მისცა.

"ბილბაოსთან" ფინალამდე, რომელიც, შესაძლოა, შენთვის პირველი ტიტულის მომტანი გახდეს, ცოტა დროა დარჩენილი. ამ დღეებს განსაკუთრებით ემოციურად ატარებ?

ამ შეხვედრას დიდი ენთუზიაზმით ვხვდები. "ბარსელონასთან" ერთად ტიტულისთვის მეორედ ვიბრძოლებ. პირველად ეს ესპანეთის სუპერ თასზე მოხდა. იმედი მაქვს, ამჯერად ტიტულს მოვიგებთ.

მიმდინარე სეზონის თამაშების გათვალისწინებით "ბილბაოსთან" დაპირისპირება უფრო პრინციპული გახდა?

შესაძლოა, ასეც იყოს, იმ თამაშების გათვალისწინებით, რომლებიც ამ გუნდთან გვქონდა. იგივე სიტუაციაა "სოსიედადთან" მიმართებაშიც. არსებობს პრინციპული დაპირისპირება და კარგი თამაშები, რომლებიც უნდა მოიგო.

იყო "ბილბაოს" ზეიმი თქვენთვის მტკივნეული? განსაკუთრებით საყვირით ზეიმი?

სხვისი ზეიმი ჩვენი საქმე არაა. მათ ტიტულის მოგებისგან სიამოვნება უნდა მიიღონ. ამჯერად კი მოგებას ჩვენ შევეცდებით.

თქვენს თაობას, გგულისხმობთ შენ, ილაიშს, რიკის... სხვებთან შედარებით უფრო მეტი კონკურენციის უნარი აქვთ? "ელ კლასიკომ" ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.

არსებობს ღირებულებები, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს ჩანერგილი. ასეა მთელი გუნდი. ესაა მოგების წყურვილი, შემართება... ეს მხოლოდ ახალგაზრდებს არ გვეხება.

პიროვნულ დონეზე, რაც შენს თავს ხდება, დაუჯერებელია.

ერთი წლის წინ ასეთ რამეზე ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ეს უკვე რეალობაა. მთელი დღე იმაზე ვერ ვიფიქრებ, რომ ეს ახდენილი ოცნებაა. ამ მომენტით უნდა ვიცხოვრო, ეს შანსი გამოვიყენო, თავდაუზოგავად ვიმუშაო და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვადგინო.

შენი დებიუტი კიევში შედგა. იყო ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგეყენებინა?

ამ შანსისთვის ფიზიკურად და მენტალურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვემზადებოდი. რადგან ასეთი შანსი "ბარსელონაში" მეძლეოდა, მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. თვისებები საუკეთესოდ უნდა წარმომეჩინა და ბოლომდე დავხარჯულიყავი.

კუმანმა შენი თამაში "ბარსა ბ-სა" და "ნასტიკს" შორის გამართულ შეხვედრაში ნახა, როდესაც დაცვის  მარცხენა ფლანგზე იყავი.

"ბარსა ბ"-ში 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და მათ შორის ამ პოზიციაზეც. თავს კომფორტულად უფრო მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნივ თამაშიც უპრობლემოდ შემიძლია. ვცდილობდი, შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმომეჩინა, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ჩემ თამაშს ვინმე აკვირდებოდა. გუნდისთვის ვთამაშობდი.

შენზე ამბობდნენ, რომ უფრო აგრესიულად თამაში გმართებს, ახლა კი სიტუაცია გამოსწორებულია.

"ბარსა ბ-ში" გადასვლის დღიდან ჩემზე ასე ამბობდნენ. სიტუაცია ერთი წლის წინ შეიცვალა, ამ მიმართულებით მოვუმატე, მაგრამ შთაბეჭდილების შეცვლა რთულია. ეს სიტუაცია უკვე წარსულია.

როგორ მოახერხე, რომ უფრო აგრესიული გამხდარიყავი?

საკუთარი თავი მენტალურად მოვამზადე, ვარჯიშების დროს ამაზე აქცენტს ვაკეთებდი, ფსიქოლოგთან ვიზიტები მქონდა.

ფეხბურთში ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას დიდი ყურადღება ეთმობა. შეუძლია მენტალურ მომზადებას თამაშის ბედი გადაწყვიტოს?

ყველაფერს თავისი წვლილი აქვს. ფიზიკურად მზად უნდა იყო და მე ამისთვის მწვრთნელი მყავს. საუბარია არა ფიზიკურ სიძლიერეზე, არამედ ძალების სწრაფ აღდგენასა და ყოველი მატჩისთვის 100%-ით მზადყოფნაზე. მნიშვნელოვანია მწვრთნელები და ის ხალხიც, ვინც ანალიზს აკეთებს. ისინი განვითარებაში გეხმარებიან. გონების განტვირთვა და ყველაფრის წესრიგში ქონა რთულია, თუმცა გარედან სხვაგვარად ჩანს.

ასევე რთულია, ერთ დღესაც უცებ პოპულარული გახდე.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, შესაძლოა, ამან ზიანი მიაყენოს, მაგრამ ეს მე არ მეხება. ჩემთვის არაფერი შეცვლილა. იგივენაირად ვცხოვრობ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

შენი პირველი თამაშები რომ გავიხსენოთ, ხომ არ ფიქრობ, რომ შენდამი ნაკლები პატივისცემის გამო მსაჯები ხშირად გაჯარიმებდნენ?

შესაძლოა, როდესაც ახალი სახე ხარ, საეჭვო სიტუაციებში უფრო ხშირად გაჯარიმებენ. იმედი მაქვს, ეს სიტუაცია შეიცვალა. მსაჯები ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ შეუძლიათ.

პუიოლმა უჯარიმოდ თამაში ისწავლა. არის ის კარგი მაგალითი?

ჯერი (პიკე) და პუიოლი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძები იყვნენ. ისინი მთავარი მაგალითები არიან, მაგრამ ასევე ვცდილობ ვისწავლო სხვა კარგი ფეხბურთელებისგან "ბაიერნიდან", პსჟ-დან, "რეალიდან"...

ფეხბურთის ყურების დროს თამაშის ანალიზი გიყვარს?

თამაშების გულშემატკივრის როლში ყურება მიყვარს. მთელი დღე რომ ანალიზში გავატარო, გავგიჟდები! თუმცა როდესაც თამაშს ვუყურებ, აქცენტს უფრო ცენტრალურ მცველებზე ვაკეთებ. თუ ჩემ თამაშს ვუყურებ, მაშინ ანალიზს მეტ დროს ვუთმობ, შეცდომებს ვაფიქსირებ. იმასაც ვამჩნევ, რა გავაკეთე სწორად, მაგრამ უფრო დიდ ყურადღებას შეცდომებს ვუთმობ.

მეწვრილმანე ხარ?

ზარმაცი ვარ და ეს საქმე არ მიყვარს, მაგრამ ანალიზი ძალიან მეხმარება.

როგორ ხვდები იმ სიახლეებს, რომლებიც გამცნობენ, რომ "ბარსელონა" შენი კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს?

ეს თვითრწმენასა და მოტივაციას მმატებს, მაბედნიერებს. თუმცა ეს ჩემი წარმომადგენლების საქმეა, მე კი აქცენტს ფეხბურთზე ვაკეთებ.

რა როლი აქვს კუმანს შენ კარიერაში?

ის არის მწვრთნელი, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. მართალია, პირველ გუნდში აუცილებლობის გამო მოვხვდი, მაგრამ თამაში ამის შემდეგაც განვაგრძე. ამ ნდობისთვის მადლობელი ვარ. მან ჩემთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგაც განაგრძო, როდესაც პირველი გუნდის ფეხბურთელები დაბრუნდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 17 აპრილი 2021 23:15
    0
    იმედია გააგრძელებს პროგრესს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აპრილი 2021 17:01
    0
    რატომ იუშნოვებ თავს შვილო, მოიშორე ეს დალალები და წვერი გაიპარსე. 3-4 კილოს მოიშორებ და უფრო სწრაფი გახდები. რამდენი ოფლი გიგროვდება მაგ თმებში აზრზე ხარ?
    წევრი [?]
    #1 16 აპრილი 2021 22:38
    1
    მიდი ბლანდინკა უნდა მოუმატო. რატომღაც მჯერა ამის. ბევრი გვყავდა შეიძლება ამაზე მეტები და პერსპექტიულებიც (თუნდაც ბარტრა) მაგრამ ამისი ყველაზე მეტად მეიმედება.