ოსასუნა-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ოსასუნა-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 26-ე ტურში, "ბარსელონა" "ოსასუნას" ესტუმრება.

ამ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. ამ ტურში ერთმანეთს "ბარსელონას" ორი კონკურენტი, "რეალი" და "ატლეტიკო", დაუპირისპირდება. კატალონიელებს სატურნირო ვითარების გაუმჯობესების კარგი შანსი აქვთ.

"ოსასუნა" არ არის ის მეტოქე, რომელთანაც 3 ქულის დაგეგმვა არ შეიძლება. ასე რომ, "ბარსას" ეს თამაში ყველა შემთხვევაში მოსაგები აქვს.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონას" სეზონის გადარჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცა. ასეთი უჩვეულო სეზონის შემდეგ, თასის მოგება მისაღები შედეგი უნდა იყოს, თუმცა "მადა ჭამაში მოდისო" და გულშემატკივრებმა ლა ლიგაზე ფიქრიც დავიწყეთ. თანაც, ვერც კონკურენტები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ამ არეულობით სარგებლობა სავსებით შესაძლებელია.

საინტერესოა, რა შემადგენლობით გამოვა გუნდი მოედანზე. ჟერარ პიკეს ტრავმის შემდეგ, კუმანი დილემის წინაშე აღმოჩნდა. 3-5-2 სისტემა, რომელმაც "სევილიასთან" დაპირისპირებებში წარმატებით იმუშავა, შესაძლოა, 4-3-3 სქემით შეიცვალოს. სამმცველიან ტაქტიკაში კუმანს, მინგესა-უმტიტი-ლანგლეს ტრიოს დაყენება მოუწევს. შეიძლება, უმტიტის ნაცვლად, ნახევარდაცვიდან დე იონგი დახიოს, შუა ხაზში ნიდერლანდელის ადგილი კი მორიბამ, პუჩმა ან ახლადგამოჯანმრთელებულმა პიანიჩმა დაიკავოს.

თუმცა, მეტოქის გათვალისწინებით, მაინც 4-3-3 სქემაზე დაბრუნება უფრო რეალური ჩანს. "ოსასუნას" დამარცხება სამი ცენტრალური მცველისა და ექსპერიმენტების გარეშეც შეიძლება. გუნდს პიკეს ან არაუხოს მწყობრში ყოფნა ჰაერივით სჭირდება.

მეტოქე

2021 წელი "ოსასუნამ" ძალიან კარგად დაიწყო. პამპლონელებმა შესაძლო 30-დან 15 ქულის აღება (4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება) და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა შეძლეს. ახლა, "ოსასუნა", 28 ქულით, მე-12 პოზიციაზე იმყოფება და მე-18 ადგილზე მყოფ "ალავესს" 6 ქულით უსწრებს. ლა ლიგის უკანასკნელი 4 თამაშიდან, "ოსასუნამ" 3 მოიგო ("ეიბარი", "ლევანტე", "ალავესი") და 1 დათმო ("სევილია").

6 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 29 წლის ხორვატი შემტევი, ანტე ბუდიმირია.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია. კვირას, "ატლეტიკო" და "რეალი" ერთმანეთს ხვდებიან, რომელიმე მათგანი ქულებს დაკარგავს, შეიძლება ორივე. ხვალ, ძლიერ ოპონენტთან დაპირისპირება გველის და მატჩს მზად უნდა შევხვდეთ.

იაგობა არასატე:

ხვალ, ძლიერ "ბარსას" ველოდები, იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტურები, მეტოქეს კარგი პრესინგი უნდა დავუპირისპიროთ და ცოტა უნდა გაგვიმართლოს კიდეც.

დანაკლისი

რონალდ კუმანმა 21-კაციან განაცხადში, ტრავმის გამო, ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო, ანსუ ფატი, სერჟი რობერტო და ფილიპე კოუტინიო ვერ შეიყვანა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გუნდს მირალემ პიანიჩი დაუბრუნდა.

რაც შეეხება "ოსასუნას", იაგობა არასატეს გუნდს ჩიმი ავილა და ფაკუნდო რონკალია დააკლდებიან. აგრეთვე, საეჭვოა რუბენ მარტინესის, ინიგო პერესისა და დარკო ბრასანაცის თამაში. 

ურთიერთშეხვედრები

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" აქვს - 89 თამაში, 52 მოგება, 18 ფრე, 19 მარცხი, ბურთების შეფარდება 199-76.

კონკრეტულად ლა ლიგაში, გუნდებს ერთმანეთს 77-ჯერ დაუპირისპირდნენ - 44 მოგება, 17 ფრე, 16 მარცხი, ბურთების შეფარდება 168-66.

პირველი წრის შეხვედრა, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა (4-0), დასამახსოვრებელი გამოდგა. ეს იყო "ბარსელონას" პირველი თამაში ლეგენდარული არგენტინელის, დიეგო მარადონას, გარდაცვალების შემდეგ. ამ მატჩში ლეომ თავისი გოლის გატანა შეძლო, რომელიც სწორედ დიეგოს ხსოვნას მიუძღვნა.

საინტერესო სტატისტიკა

  • ლა ლიგის გასვლით შეხვედრებში "ბარსელონას" 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • ლა ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში ლიონელ მესიმ გოლის გატანა შეძლო.
  • "ელ სადარზე" "ბარსელონამ" ბოლოს 2016 წელს მოიგო (3-0). გოლები ლეო მესისა (2) და ლუის სუარესის ანგარიშზეა.
  • წელს, ლა ლიგის TOP 4 გუნდთან ("ბარსა", "რეალი", "ატლეტიკო", "სევილია") პამპლონელებს ასეთი სტატისტიკა აქვთ: 5 თამაში, 1 ფრე, 4 წაგება, ბურთების შეფარდება 1-10.
  • ლიონელ მესის "ოსასუნას" კარი 21 თამაშში 25-ჯერ აქვს აღებული.
  • გუნდებს შორის გამართულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში, "ბარსას" 33 გოლი აქვს გატანილი.
  • "ბარსასა" და "ოსასუნას" შორის "ელ სადარზე" გამართული შეხვედრები ყველაზე ხშირად, ანგარიშით 0-0, სრულდება. 

არბიტრი

დღევანდელ მატჩს 36 წლის არბიტრი, გილერმო კუადრა ფერნანდესი განსჯის. იგი ლა ლიგაში მე-3 სეზონს ატარებს. ამ პერიოდში მან 51 შეხვედრაში იმსაჯა, მის "მონაგარს" 227 ყვითელი და 9 წითელი ბარათი შეადგენს.

კუადრას "ბარსას" 11 შეხვედრაში უმსაჯია (9 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი). მათგან, კატალონიელებმა 8 მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა, 1-ში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მას "ბარსას" ფეხბურთელთათვის 22 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები, მეტოქე გუნდის მოთამაშეები კი 24-ჯერ ჰყავს გაფრთხილებული.

ესპანელი მსაჯი, "ოსასუნას" მონაწილეობით, 6 შეხვედრას გაუძღვა (2 ლა ლიგა, 4 სეგუნდა დივიზიონი). აღსანიშნავია, რომ კუადრას განსჯილი მატჩი "ოსასუნას" არასდროს წაუგია - 4 მოგება, 2 ფრე. მან "ოსასუნას" ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი 15-ჯერ უჩვენა, მეტოქეს კი - 16-ჯერ. 

კუადრას კონკრეტულად "ბარსასა" და "ოსასუნას" დაპირისპირებაში მონაწილეობა არასდროს უმსაჯია. აგრეთვე, ამ გუნდებთან ნამსაჯ 16 თამაშში მას მოედნიდან ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი უმტიტი ლანგლე ფირპო - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - ტრინკაუ მესი გრიზმანი

"ოსასუნა" | 4-3-3

ერერა - ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი - ტორო ოიერი მონკაიოლა - ტორესი კალიერი რ.გარსია

SofaScore:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი მინგესა ლანგლე ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - მესი გრიზმანი დემბელე

"ოსასუნა" | 4-4-2

ერერა - ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი - ტორესი ოიერი ტორო რ.გარსია - კალიერი ბუდიმირი

Marca:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი მინგესა ლანგლე ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - მესი გრიზმანი დემბელე

"ოსასუნა" | 4-4-2

ერერა - ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი - ტორესი ოიერი ტორო რ.გარსია - კალიერი ბუდიმირი

SportMole:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი მინგესა ლანგლე ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - ტრინკაუ მესი გრიზმანი

"ოსასუნა" | 4-3-3

ერერა - ვიდალი არიდანე დ.გარსია კრუსი - ტორო ოიერი მონკაიოლა - კალიერი რ.გარსია

პროგნოზი

WhoScored: ოსასუნა 1-2 ბარსელონა

SportMole: ოსასუნა 0-2 ბარსელონა

Sportskeeda: ოსასუნა 1-2 ბარსელონა

ტრანსლაცია

მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 6 მარტი 2021 20:12
    0
    მადრიდულ დერბიში ფრე გააგორონ და ავშენდებით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #13 6 მარტი 2021 19:18
    1
    ჩვენ 3 ავიღოთ დ მადრიდელებმა 1-1 იდეალური იქნება 😊
    ფანი [?]
    #12 6 მარტი 2021 18:18
    0
    მთავარი მოვიგოთ და ანგარიშს მნიშვნელობა არ აქ, იყოს ერთი ნოლი და სამი ქულა, მადრიდელების ჯახი უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად
    წევრი [?]
    #11 6 მარტი 2021 17:39
    1
    პიკეს ტრამვა ტეხავს 🙁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 მარტი 2021 16:09
    1
    თუნდაც ერთით ნოლი მოვიგოთ, მადრიდელებმა კი ფრე გააგორონ, ეს იქნება კაი შედეგი ჩვენთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 მარტი 2021 15:46
    0
    "ატლეტიკოს" მოგება არანაირად არ გვაწყობს.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    [?]
    #8 6 მარტი 2021 14:44
    0
    დაცვაში დესტი მინგესა ორი ფრანგიდან ერთი და ალბა. ნახ.დაცვა ფრენკი პიანიჩი პუჩი შეტევა გრიზი ტრინკაო ლეო. რთული თამაში იქნება ძალიან
    Culé [?]
    #7 6 მარტი 2021 14:30
    0
    ძალიან კარგი მიმოხილვა იყო. თამაში კი აუცილებლად მოსაგებია, ხვალ მადრიდელები ერთმანეთს დახოცავენ და ფრეს გააგორებენ, ამით კი ბარსას წისქვილზე დაასხამენ წყალს 😆💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მარტი 2021 12:36
    0
    ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდება რაღაცა არ ჯდება. ყველა 89 შეხვედრაში ოსასუნამ თუ 76 გოლი გაიტანა, ლა ლიგის 77 შეხვედრაში 99 გოლი როგორ გაიტანა. დაკლების ნაცვლად 23 გოლით მეტი გაიტანა?
    Culé [?]
    #5 6 მარტი 2021 12:07
    0
    რომ ბლატაობს არასატე თამაშის წინ ბარსელონას თამაშს გავურთულებთო თამაშის მერე კიდე მესმის ისიც თუ შეძლებთ შენ და შენი გუნდი მაგას ოღონდ.
    ფანი [?]
    #4 6 მარტი 2021 11:09
    1
    ციტატა: C.PC5
    ატლე რეალის თამაშში ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის არის ფრე. ასე ორივე ფრონტზე მოგება გამოგვივა ორი ქულით მივეწევით ატლეტიკოსაც და რეალსაც გავასწრებთ ორი ქულით. ნუ პარალელურად ჩვენ რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამაზე საუბარი ზედმეტია. მესი და დეიონგი მითუმეტეს დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლად იქნებიან და თუ საჭირო გახდება იიხეშებენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ამიტომ კარის მშრალად შენახვაც ძაან სასურველია დღეს. ვისკა ბარსა! ვიგებტ დღეს!


    შენი დაწერილი ვარიანტიც კარგად გვაწყობს და რეალმა თუ მოუგო ატლეს 56 ქულა უგროვდება და ჩვენც თუ მოვიგეთ დღეს 56 გვექნება, მეორე ადგილზე ვიქნებით და ატლეტიკოსთან ორი ქულა იქნებოდა სხვაობა. მოკლედ ატლეს მოგების მეტი ყველაფერი გვაწყობს.
    ფანი [?]
    #3 6 მარტი 2021 11:01
    1
    ციტატა: C.PC5
    ატლე რეალის თამაშში ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის არის ფრე. ასე ორივე ფრონტზე მოგება გამოგვივა ორი ქულით მივეწევით ატლეტიკოსაც და რეალსაც გავასწრებთ ორი ქულით. ნუ პარალელურად ჩვენ რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამაზე საუბარი ზედმეტია. მესი და დეიონგი მითუმეტეს დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლად იქნებიან და თუ საჭირო გახდება იიხეშებენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ამიტომ კარის მშრალად შენახვაც ძაან სასურველია დღეს. ვისკა ბარსა! ვიგებტ დღეს!

    ხოო მარა თუ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვინდა ატლეს ქულების დაკარგვა უფრო მისაღებია
    Culé [?]
    #2 6 მარტი 2021 10:12
    2
    ატლე რეალის თამაშში ყველაზე კაი ვარიანტი ჩვენთვის არის ფრე. ასე ორივე ფრონტზე მოგება გამოგვივა ორი ქულით მივეწევით ატლეტიკოსაც და რეალსაც გავასწრებთ ორი ქულით. ნუ პარალელურად ჩვენ რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ამაზე საუბარი ზედმეტია. მესი და დეიონგი მითუმეტეს დღეს ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლად იქნებიან და თუ საჭირო გახდება იიხეშებენ ყოველგვარი შიშის გარეშე, ამიტომ კარის მშრალად შენახვაც ძაან სასურველია დღეს. ვისკა ბარსა! ვიგებტ დღეს!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 6 მარტი 2021 09:12
    1
    აუცილებლად მოსაგები თამაშია