პედრი და დე იონგი - ლა ლიგის მასტერები
- 24-02-2021, 17:26
-
Tsitsi
- 5

ფრენკი დე იონგი და პედრი რონალდ კუმანის 4-3-3 სქემას შესანიშნავად მოერგნენ და მნიშვნელოვანი როლი მიიღეს. ორივეს ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23-23 მატჩია.
"ელჩესთან" დღეს გასამართ შეხვედრაში ნიდერლანდელ ნახევარმცველს შეუძლია, პრიმერა დივიზიონში, მოედანზე გატარებულ 2 000-წუთიან ნიშნულს მიაღწიოს (ამჟამად მის აქტივში 1941 წუთია). ამ დროის განმავლობაში ფრენკიმ 3 გოლი და ამდენივე ასისტი მიითვალა.
დე იონგს 23 დაპირისპირებიდან სრულად მხოლოდ 5 მატჩში არ უთამაშია, ყველაზე ნაკლები დრო (1 ტაიმი) კი "ვალენსიასთან" (2-2) დაჰყო. ჯამში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩემპიონატში მხოლოდ 217 წუთი გამოტოვა.
"ბარსას" ნიდერლანდელმა შუახაზელმა ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე იასპარეზა და, ასევე, დაცვის ცენტრში თამაშიც მოუწია. მაგალითად, "მენდისოროსაზე", "ალავესის" წინააღმდეგ (1-1).
რაც შეეხება პედრის, მის მიერ მოედანზე დაყოფილი წუთები დე იონგზე საგრძნობლად ნაკლებია (1425), მაგრამ ნიდერლანდელი თანაგუნდელის მსგავსად, მას 1 მატჩიც კი არ გამოუტოვებია.
კანარელმა მოთამაშემ საფეხბურთო სამყარო საკუთარი თავდაჯერებით გააკვირვა, რაც ამ ასაკში ხშირი ნამდვილად არაა. კატალონიელთა ტალანტს თავდაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია, მისი სტილის ფეხბურთელებს კი, როგორც წესი, ამ ასპექტში აქტიურობა არ ახასიათებთ.
18 წლის ფეხბურთელის გავლენა იმდენად დიდია, რომ, ყველა ტურნირის ეგიდით, მან "ბლაუგრანას" მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა - ბუდაპეშტში, "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ (3-0).
დე იონგი (23 წლის) და პედრი (18 წლის) "ბარსელონას" ახალ თაობას წარმოადგენენ და მომავალშიც კლუბი მათ დიდწილად დაეყრდნობა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]