ლიონელ მესის სამი გზა - ESPN-ის ექსპერტებმა მესის ტრანსფერი განიხილეს

ლიონელ მესის სამი გზა - ESPN-ის ექსპერტებმა მესის ტრანსფერი განიხილეს

ESPN-ის ექსპერტებმა მესის შესაძლო ტრანსფერი სამი მიმართულებით განიხილეს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

მესი მცირე შესავალს საჭიროებს - ის ისტორიაში შევა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ექვსი "ოქროს ბურთით", უამრავი ინდივიდუალური და გუნდური ტიტულით, რომელიც სახლში აღარ ეტევა და მუზეუმში ცალკე კუთხე აქვს დათმობილი. ეს ყველაფერი ერთი კლუბის მაისურით შეძლო. წინა სეზონში აბარგება სურდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა, ახლა კი ყველაფერი თავიდან იწყება, ზაფხულში უფასოდ შეეძლება წასვლა, ლეოს კონტრაქტი 30 ივნისს იწურება.

მესის სამი ვარიანტი აქვს, მის ყოფილ მწვრთნელთან "სიტიში" გადასვლა და კიდევ ერთი "მონსტრი გუნდის" ჩამოყალიბება; ყოფილ თანაგუნდელ ნეიმართან გადასვლა პსჟ-ში, სადაც ძველი დუეტი აღდგება; ან ახალი კონტრაქტი "ბარსელონასთან", სადაც კლუბის ყოფილ პრეზიდენტს დაბრუნების დიდი შანსი აქვს.

"სიტის" მიმართულებით მარკ ოგდენმა იმუშავა, პსჟ-ის ვარიანტს ჯულიან ლოურენსი განიხილავს, ხოლო "ბარსელონაში" დარჩენის შესაძლებლობას გრემ ჰანტერი. ჟურნალისტები მოგვახსენებენ თითოეული ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებს.

"მანჩესტერ სიტი"

დადებითი მხარე

"სიტის" საოცარი მოგებათა სერია აქვს, ინგლისში ყველა ტურნირის ფავორიტია და ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, ჰყავს იდეალურად დაკომპლექტებული გუნდი და გენიოსი პეპ გვარდიოლა. მესის დამატებით ახალ სიმაღლეს მიაღწევენ, "სიტი" ულაპარაკოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდება.

მესი მოიტანს მეტ გოლს, გააუმჯობესებს ხარისხს და კლუბს შესძენს მეტ კრეატიულობას. გვარდიოლას კლუბი ყველაზე მეტ დროს ატარებს მეტოქის ნახევარზე, არგენტინელს ასეთ ასაკში, სწორედ ეს კლუბი სჭირდება.

მესის გვერდზე თამაში უნიკალური შესაძლებლობა იქნება ფილ ფოდენისთვის, რომელიც თავისი თაობის საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია და ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მესის მხარდამხარ ექნება შესაძლებლობა, რომ მეგა ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს.

სპორტული მხარე გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო ტრანსფერის დროს მესი 34 წლის იქნება, ის მაინც შესძენს კლუბს მეტ სოლიდურობას. მას შემდეგ, რაც 2008 წელს არაბული ინვესტიცია განხორციელდა, "სიტი" რამდენიმე მეგავარსკვლავის გადაბირებას შეეცადა, მათ შორის იყვნენ - კაკა, რუნი, მბაპე, ნეიმარი, ყველა ეს ტრანსფერი ჩავარდა.

კომერციული თვალსაზრისით მათ სჭირდებათ ფეხბურთელი, რომელიც კლუბს ისეთ პოპულარობას მოუტანს, როგორიც "ლივერპულს", "მანჩესტერს", "რეალს", ან "ბარსელონას აქვთ. ფაქტია, რომ ჯერჯერობით "სიტის" ეს აკლია.

მესიმ რომ მოედანზე ვერ გაამართლოს, მოედნის მიღმა გაამართლებს. გამოჩნდებიან სპონსორები, რომლებიც "სიტისთან" კონტრაქტის გაფორმებაზე არც კი დაფიქრდებიან, რადგან აუცილებლად მოუნდებათ მესისთან ასოცირება. ის თანხა, რასაც კლუბი გაიღებს, მეტწილად უკან დაბრუნდება.

უარყოფითი მხარე

"სიტი" მის გარეშეც იდეალურად თამაშობს, გვარდიოლამ ეტაპობრივად ააწყო გუნდი, რომელიც ყველა ტურნირისთვის იბრძვის, სჭირდება კი ლიონელ მესი? ლეო ისეთი რანგის ფეხბურთელია, რომ მასთან ყველას დათმობაზე წასვლა მოუწევს. მისი გადმოყვანა კი ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის მოგებას არ ნიშნავს.

მესი სულ უფრო მეტად იხევს მოედნის სიღრმეში და იკავებს იმ ადგილს, სადაც კევინ დე ბრუინი თამაშობს, "სიტიში" სწორედ ის არის დაკავებული შეტევების ორგანიზებით, კევინი დიდად არ არის მოკლე პასების მოყვარული, სიღრმეში ჩამოსულ მესის რომ ჩავი-ინიესტასავით გაუგოროს ბურთი, სტილით აბსოლუტურად განსხვავდებიან, მესი კი დომინანტი ფეხბურთელია, რომელიც არაფერს დათმობს.

თუ ტრანსფერი შედგა, გვარდიოლას თავსატეხი არ ასცდება.

მესი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, მაგრამ ხელფასისა და ბონუსების სახით მაინც ძალიან ბევრს მიიღებს. საქმე ფულში არ არის, არაბებს არ აკლიათ, საქმე რეგულაციებშია, "სიტი" ყველაფერს ერთად ვერ გაწვდება, ისედაც მძიმე რეპუტაცია აქვს ბოლო სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნის ზღვარზე იყო.

ეს არის გუნდი, რომელიც კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძოლებს. ერთი მხრივ 34 წლის ფეხბურთელი იქნება, მოკლევადიანი პროექტით, მეორე მხრივ კი ენერგიით სავსე ახალი თაობის ვარსკვლავები, რომლებიც მრავალწლიან პროექტს უზრუნველყოფენ.

რა უნდა ქნას "სიტიმ"?

მესის შეძენის მთავარი მოტივაცია კომერციული იქნება და არა სპორტული. "სიტის" კარგად ჩამოყალიბებული გეგმა აქვს თუ როგორ იქცეს ისეთივე პრესტიჟულ ბრენდად, როგორებიც დიდი ისტორიის მქონე კლუბები არიან. ტიტულებს კი მის გარეშეც იგებენ.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ მესის მსუყე კონტრაქტით "სიტი" მიიღებს მოკლევადიან დარტყმას და გრძელვადიან პრესტიჟს.

მესის შეძენა ყველა შემთხვევაში ახალი საფეხურია. "სიტიმ" ამისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

თემაზე იმუშავა მარკ ოგდენმა.

პსჟ

დადებითი მხარე

მას შემდეგ, რაც 2011 წელს არაბული ინვესტიცია განხორციელდა, კლუბის ხელმძღვანელებს ჰქონდათ ოცნება, რომ მესი, ან რონალდუ "პარკ დე ფრანსზე" ჩაეყვანათ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ პორტუგალიელთან მიმართებაში, რადგან მესის შეძენა შეუძლებლად ჩანდა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, პსჟ-ს ასეთი შანსი აღარ ექნება.

მესის შეძენით პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად იქცევა, მათ ზუსტად ის ფეხბურთელი აკლიათ, რომელსაც გამოცდილებაც აქვს, პროფესიონალიზმიც და მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

თუ ისე მოხდა, რომ მესისთან ერთად პსჟ-მა გუნდის ბირთვი შეინარჩუნა, მათი შეჩერება შეუძლებელი იქნება.

მესის გავლენა მოედანს მიღმა უბრალოდ შეუფასებელია, პრესტიჟულობისა და სოლიდარობის ასამაღლებლად ის იმაზე გაცილებით დიდ სარგებელს მოიტანს, ვიდრე დევიდ ბექჰემს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ან ნეიმარს მოუტანიათ.

პსჟ-ის პროექტს დღემდე ჰყავს სკეპტიკოსები და რამდენჯერმე ისიც ითქვა, ბოსები ახალ კლუბს ინგლისში ეძებენო. მესის შეძენის შემთხვევაში კითხვის ნიშნები აღარ იქნება.

ყველაფერს ამწვავებს კონკურენცია დოჰასა და აბუ დაბის შორის, პარიზელებმა იციან, რომ მათი მთავარი კონკურენტი "მანჩესტერ სიტი" იქნება, თუმცა, ეს არა ინგლისურ-ფრანგული, არამედ არაბული კონკურენციაა, კლუბებს აქამდეც უბრძოლიათ ერთი და იმავე ფეხბურთელისთვის, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა არცერთს არ ეპატიება.

უარყოფითი მხარე

მესი 34 წლის იქნება. იმ შემთხვევაში თუ კლუბს კილიან მბაპე დატოვებს, მესი მის შემცვლელად ვეღარ გამოდგება. უმჯობესი იქნება, რომ ახალი გუნდი ნეიმარის გარშემო ააწყონ.

ამ ასაკის მესის ძალიან მსუყე კონტრაქტი ექნება, პსჟ-ს კი პრობლემები არ აკლია, პანდემიამ კლუბს დიდი დარტყმა მიაყენა. შესაძლოა, იმაზე ბევრად დიდი, ვიდრე სხვა კლუბებს, მათი ზარალი 200 მილიონ ევროს უტოლდება, ამიტომ კარგად დაფიქრება მართებთ, რომ სამართლიანი თამაშის წესები დაიცვან.

წესები კი აუცილებლად დაირღვევა თუ მესის გაიფორმებენ და მბაპეს დაიტოვებენ, ამ გადმოსახედიდან ეს შეუძლებელია, ამხელა ხელფასებს კლუბი ვერ გადაიხდის. 34 წლის მესის გაფორმებას კი კილიან მბაპეს დატოვება სჯობს, თუნდაც 2-3 წლით.

რა უნდა ქნას პსჟ-მა?

პრიორიტეტი ნეიმარისა და მბაპეს შენარჩუნებაა, კონტრაქტი ორივეს 2022 წელს ეწურება და ბრაზილიელი მზად არის დასარჩენად, აი ფრანგი ეჭვობს. პსჟ-ის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ აუცილებლად გამონახავენ გზებს სამი ვარსკვლავის შესანახად.

მესის ტრანსფერს ლობირებს ნეიმარი, მისი გზავნილი მარტივი და გასაგებია - "მოდი, ვითამაშოთ ისევ ერთად და მოვიგოთ ტიტულები, აქ ამისთვის ყველაფერია."

თემაზე იმუშავა ჯულიან ლოურენსმა

"ბარსელონა"

დადებითი მხარე

მესი წასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, ამის პირველი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტია. სიტუაცია სულ მალე შეიცვლება, დიდი პრეზიდენტი დასაბრუნებლად ემზადება, ჟოან ლაპორტას მიმართ პატივისცემა არც მესის და არც მისი ოჯახის წევრებს არასდროს დაუმალავთ.

მესის უკმაყოფილების მეორე მიზეზი სუსტი შემადგენლობა იყო. ის მუდმივად ითხოვდა კონკურენტუნარიან გუნდს, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მიიღო, კლუბი განახლებას საჭიროებდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ეს ვერ შეძლო.

მისი დათანხმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძლიერ შემადგენლობას დაპირდებიან.

ლეოს ყველა ისე ვერ უგებს მოედანზე, როგორც პედრი. მესი აღმერთებს ახალბედა ვარსკვლავს და ფანებს რონალდინიოსა და მისი დუეტიც გაახსენა. აქვეა ანსუ ფატიც, რომელიც პედრისთან ერთად, მსოფლიოს გამორჩეული ტალანტია, მაგრამ "ბარსა" მაინც ვერ არის კონკურენტუნარიანი.

მესის ძალიან ძვირადღირებული კონტრაქტი აქვს, თუმცა, არა ნაკლები შემოსავლები მოაქვს კლუბისთვის. არავინ იცის, მისი წასვლით თანხა დაიზოგება თუ ვალი გაიზრდება. ფაქტია, რომ მესის წასვლით სპონსორებს აღარ ექნებათ "ბარსას" მიმართ ისეთი ინტერესი, როგორიც ახლა აქვთ, აუდიტორიას მესი უყვარს, როგორც ბრენდი, "მესი" ცალკეულად იყიდება, ამიტომ ხარჯები და შემოსავლები ძალიან სადავო საკითხია.

უარყოფითი მხარე

მესი იყიდება, მაგრამ ნაკლებად პანდემიის პირობებში. ახლა შემოსავალი შემცირებულია, "ბარსას" მისი ვალი 60 მილიონ ევრომდე აქვს, ეს ერთი დიდი ტრანსფერის თანხაა, ამავე დროს ვერსად გავექცევით 1 მილიარდიან დავალიანებას, რასთანაც ხუმრობა არ ღირს. "ბარსა" თუ გეგმის მიხედვით არ იმოქმედებს, ნებისმიერ დროს შეიძლება გაკოტრდეს.

ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში "ბარსას" ძალიან პრაგმატულად გაწერილი სახელფასო ფონდით გამოირჩეოდა. არავის ჰქონდა უფლება, რომ ეს სტანდარტი დაერღვია, იოჰან კრუიფი ასე მიიჩნევდა საჭიროდ და მას ყველა ემორჩილებოდა. შემდეგ წლებში ყველაფერი შეიცვალა, პირველი დიდი ცვლილება ნეიმარის ტრანსფერმა გამოიწვია, მან მაშინვე მიიღო "ბარსას" აღზრდილ ლეგენდებზე დიდი ანაზღაურება, შემდეგ კი ყველაფერი უკონტროლო გახდა.

სავარაუდოდ, ლაპორტა იგივე სისტემის დაბრუნებას მოისურვებს. მას სურს მესის შენარჩუნება, მაგრამ თქვა, რომ მესის ფულზე მეტად ტიტულები სურს, ეს კი პირველი გზავნილია მისი კონტრაქტის პირობების გადასახედად.

ლეომ ისედაც ბევრჯერ დაიკლო ხელფასი, ბევრჯერ წავიდა კომპრომისზე, მაგრამ დროებით. ასაკის მატებასთან ერთად მეტი ხელფასი უნდა, სამუდამოდ დაკლებას კი ალბათ არ დათანხმდება.

რა უნდა ქნას "ბარსამ"?

ლაპორტას ადგილზე ყველანაირ მეთოდს გამოვიყენებდი მის შესაჩერებლად. გვახსოვს რონალდინიოს ტრანსფერი, "ბარსა" პოზიციებს კარგავდა, მაგრამ ყველაფრით მანიპულირება დაიწყეს, რონალდინიოს ფაქტები დაუდეს წინ, ინგლისში გამუდმებით წვიმს, ცა სულ მოღრუბლულია, მოედანი სველი, ბარსელონა კი მზიანი ქალაქია, ზღვით და კარგი ამინდებით.

მესის უყვარს ეს ქალაქი, მის ოჯახს უყვარს ეს ქალაქი, ამ ენაზე საუბრობენ, აქ გაიზარდნენ, სხვაგან წასვლა ძალიან რთული იქნება. მესი ამბობდა, რომ წასვლა მაინც შეეძლო, უბრალოდ ჩივილი არ უნდოდა, ისიც თქვა, რომ ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, ეს კი მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ვინ იცის, იქნებ ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი?! რომ არა ოჯახის წევრების ასეთი განაწყენება, იქნებ მიემართა სასამართლოსთვის და წასულიყო?!

ლაპორტამ ეს უნდა გამოიყენოს, ცოტა ცუდი ხერხია, მაგრამ ყველანაირ ხერხს უნდა მიმართოს, რადგან საუბარი ლიონელ მესიზეა და მეორეხარისხოვანი ხდება ის, რომ ზაფხულში 34 წლის შესრულდება.

მასთან თუ სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ეს "ბარსასთვის" პირველი გამარჯვება იქნება.

მოამზადეთ თანხები, მესისთვის ბრძოლა დაწყებულია - თემაზე იმუშავა გრემ ჰანტერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 თებერვალი 2021 22:40
    0
    მკითხაობას წავა, არ წავა, სიტიში უნდა წავიდეს, არა პსჟ-ში, ამას ჯობია დაველოდოთ არჩევნებს და იმასაც თუ რას გადაწყვეტს თვითონ.
    წევრი [?]
    #6 20 თებერვალი 2021 15:56
    0
    პსჟ-ში უნდა წავიდეს სხვა შემთხევაში ბარსა ჩაიძირება და მანჩესტერს დაემსგავსება, ვერ ხვდება ვერც ერთი მწვრთნელი რომ ახალგაზრდები არ იგებენ ლიგას. ლიგას იგებს გამოცდილი სუპერვარსკვლავი რა აზრი აქ ახალგაზრებს თუ შედეგი ვერ დადე და ვინც ყავს დღეს ბარსას ეგენი მომავალშიც ვერაფერს იზავენ . მესი რო არ იკლებს ხელფასს ეგაც აზიანებს გუნდს უნამუდ იღებს იმხელა ხელფასს და მოედანზე დადის კი არ დარბის.

    გრანდი ასე რო გაბანძდება რაღა უნდა თქვა, ვარსკლავებს თუ არ იყიდიან აზრი არა აქვს ეგ ფატი ან ვიღაც ტრინკაუ და კიდე ვიღაცეები ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგენ დაბალი დონის ფეხბურთელები არიან, რა აზრი აქვს ამდენ ახალგაზრდას გუნდში თუ მნიშვნელოვან თამაშებში ვერაფერს აკეთებენ, უარგისები გამოდიან, რაც არ უნდა ასაკოვნები იყვნენ მხოლოდ სუპერ ტრანსფერები უშველის ბარსას აგუერო, დე ბრუინი, ლუკაკუ, დიბალა ესენი მოიყვანონ და ბარსა ყველაფერს მოიგებს. ეს ვითომ ახალგაზრდა ტალანტები გაყარონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 თებერვალი 2021 12:43
    2
    ამდენი ჟურნალისტი მუშაობს ამ თემაზე და ლეოს ალბათ საკუთარი თავისტკივილი აქვს, ჩვენ ამდენს ვფიქრობთ და წარმოიდგინეთ თვითონ რა დღეშია.
    ფანი [?]
    #4 20 თებერვალი 2021 12:16
    3
    მისთვის უკეთესია რომ წავიდეს მაგრამ მის გარეშე ბარსელონა ჩემთვის წარმოუდგენელია და მისი მაისურით სხვა ფეხბურთელი.ამას იმიტომ არ ვამბობ რომ დროთა განმავლობაში ვერ შევეგუები რომ აღარ ითამაშებს ბარსელონაში ან მისი მისი წასვლის მერე გუნდს აღარ ვუგულშემატკივრებ უბრალოდ რთულად აღსაქმელი იქნება ჩემთვის და ალბათ სხვებისთვისაც.
    წევრი [?]
    #3 20 თებერვალი 2021 11:21
    1
    კარგი ნამუშევარია. ერთადერთი უარყოფით მხარეში ბარსელონაზე საფეხბურთო გავლენა არ ჩანს. სანამ მესია ახალი ლიდერი ვერ ჩამოყალიბდება ლიდერად, პრესინგს და კონტრ-პრესინგს ვერ ითამაშებს გუნდი... ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მთელი სეზონი როცა გუნდი ერთ სტილს ეწყობა, მერე ჩემპიონთა ლიგის დასვნით ეტაპზე მესიმ რომც ირბინოს უკან დაცვაში, გუნდი უარესად აირევა.
    პრობლემა ბევრია და დიდი სიბრძნეა საჭირო, რომ დადებით მხარეებს ისე გადააწონინო უარყოფითი რომ:
    მესიმ ისევ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა;
    და ისევ ის ლამაზი ფეხბურთი დაბრუნდეს რომელიც გუნდს პეპის ან თუნდაც ლუჩოს დროს ქონდათ.
    სინამდვილეში ხომ ფეხბურთს სილამაზისთვის ვუყურებთ, თორემ ტიტულები ამბიციების დაკმაყოფილების სურვილია - ძმაკაცს რომ ჯიბრი მოუგო: აი ხომ გეუბნებოდი ჩემი გუნდი სჯობს შენსასო :)
    Culé [?]
    #2 20 თებერვალი 2021 08:44
    4
    მოიყვანეთ ჩავი ან ტენ ჰაგი და ისევ იხილავთ ლეოს დიდებულ ცაციას რომელიც მხოლოდ გამარჯვებებისთვისაა მორბენალი
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 თებერვალი 2021 08:22
    0
    სიტიში უნდა წავიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued