ფატი, პედრი, ტრინკაუ - შემოთავაზებები, რომლებზეც "ბარსელონამ" უარი თქვა
- 18-02-2021, 15:46
-
DaviD_ViLLa_7
- 11

"ბარსელონა" ამ ეტაპზე რომ ფინანსურად ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ეს არახალია. Mundo Deportivo-ს ცნობით, ივარაუდება, რომ კატალონიური კლუბი მიმდინარე სეზონში დაახლოებით 200 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს ნახავს.
გასულ ზაფხულში, იმ დროს, როდესაც "ბარსამ" 12 წლის შემდეგ პირველად სეზონი უტიტულოდ დაასრულა, რაც "ბაიერნთან" 2-8 განადგურებით "დაგვირგვინდა", კლუბს ეკონომიკური პრობლემის მოგვარების შანსი ჰქონდა - ახალგაზრდა ტალანტების, ანსუ ფატის, პედრისა და ფრანსიშკუ ტრინკაუს სარფიანად გაყიდვა.
"ბარსას" გულშემატკივრებს დღეისათვის ნუგეშად ისღა დაგვრჩენია, კლუბში ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი ირიცხება, რომელმაც პირველ გუნდში გამოჩენისთანავე არაერთი რეკორდი მოხსნა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. 18 წლის ტალანტი, რა თქმა უნდა, ევროპის წამყვან კლუბებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. Mundo Deportivo-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბლაუგრანას" ფატის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბართომეუმ, დიდი არეულობის ფონზე, რაღაც მაინც გააკეთა კარგი და ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. მან იცოდა, რომ "ბარსელონა" ანსუზე დიდ იმედებს ამყარებს.
წყაროს ინფორმაციით, ბართომეუმ იგივე გააკეთა პედრისა და ფრანსიშკუ ტრინკაუს შემთხვევაშიც. ფაქტობრივად, "ბლაუგრანა" აღნიშნული ფეხბურთელების გაყიდვით დიდ მოგებას ნახავდა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობას შეამსუბუქებდა მაინც.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, პედრიში "ბაიერნი" 40 მილიონ ევროს იხდიდა, ეს კი იმის ფონზე, როდესაც "ბარსამ" მასში მხოლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. რაც შეეხება ტრინკაუს, პორტუგალიელმა აგენტმა ხორხე მენდესმა კატალონიელებს შეატყობინა, რომ 60-მილიონიანი შემოთავაზება არსებობდა. ეს იმ თანხაზე თითქმის 2-ჯერ მეტია, რამდენიც "ბარსელონამ" "ბრაგას" ფრანსიშკუს სანაცვლოდ გადაუხადა.
მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, აშკარა იყო, რომ "ბარსას" მომავალი, რასაკვირველია, ამ 3 ფეხბურთელთან ერთად მოიაზრებოდა. ანსუ ფატი, ამჟამად, ტრავმირებულია და მისი გამოჯანრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, პედრი უკვე სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრია, ტრინკაუ კი ნელ-ნელა უფრო და უფრო უმატებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]