ედეგორის ტრანსფერამდე "არსენალი" რიკი პუჩს იწვევდა
- 12-02-2021, 17:54
-
Writer
- 7

როგორც ჩანს, რიკი პუჩმა რონალდ კუმანის ნდობა იმდენად მოიპოვა, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ახალგაზრდა ნახევარმცველის იჯარით გაშვებაზე უარს აცხადებს.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ბარსელონას" გულშემატკივრები რონალდ კუმანის მიმართ უკმაყოფილებას არაერთი გადაწყვეტილების გამო გამოთქვამდნენ. უპირველესი, რა თქმა უნდა, ლუის სუარესის "ატლეტიკოში" გაშვება იყო. ასევე დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ ნიდერლანდელმა რიკი პუჩს იჯარით სხვაგან წასვლა ურჩია, სეზონის პირველ ნახევარში კი ესპანელ ნახევარმცველს ის სათამაშო დროს თითქმის არ აძლევდა.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციაზე დაყრდნობით კატალონიური Sport იტყობინება, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში რიკი პუჩის იჯარით დამატების სურვილი "არსენალმა" გამოთქვა. "ბარსელონამ" მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. კატალონიელებს სურდათ დაკვირვებოდნენ, თუ რას გადაწყვეტნენ კუმანი და თავად პუჩი. საბოლოოდ "ბლაუგრანამ" ლონდონელები უარით გაისტუმრა და "არსენალმაც" პუჩის ნაცვლად "რეალიდან" მარტინ ედეგორი დაიმატა.
ბოლო დროს კუმანი პუჩს აშკარად უფრო მეტად ენდობა. კატალონიაში ვარაუდობენ, რომ "ალავესთან" ხვალ გასამართ შეხვედრას ის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]