ისტორიული დღე - სანტანდერის წვიმიანი საღამო და პირველი გოლი ლა ლიგაში

ისტორიული დღე - სანტანდერის წვიმიანი საღამო და პირველი გოლი ლა ლიგაში

12 თებერვალი "ბარსელონასთვის" ისტორიული დღეა. ზუსტად 92 წლის წინ კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის ჩემპიონატში პირველი თამაში ჩაატარა და ლა ლიგის სადებიუტო გათამაშების მოსაგებად პირველი ნაბიჯიც გადადგა.

ლა ლიგის პირველი გათამაშება 1929 წლის 10 თებერვალს დაიწყო და 10 გუნდიდან რვამ თავისი თამაში სწორედ ამ დღეს ჩაატარა. ერთი შეხვედრა კი მოგვიანებით, 12 თებერვალს გაიმართა და მასში "რასინგმა" "ბარსელონას" უმასპინძლა.

სანტანდერში გამართულ შეხვედრაში "ბარსელონას" მთავარ ვარსკვალვს, ჟოზეპ სამიტიერს, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი იყო, საკადრო პრობლემების გამო, დაცვის ცენტრში თამაში მოუხდა, რის გამოც შეტევაში მთელი იმედები მანუელ პარერაზე დამყარდა.

მანუელ პარერა იმ დროის "ბარსელონას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, რომელიც თვეში 300 პესეტას, ანუ 2 ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებდა. ასეთი დაბალი ხელფასის გამო პარერას უწევდა თამაშებს შორის ელექტრიკოსობით დაკავებულიყო. ფეხბურთის გარდა მანუელს კიდევ 2 ჰობი ჰქონდა - კინო და სარდანას ცეკვა.

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი მანუელ პარერას "მომაკვდინელები მარცხენას" მქონე ფეხბურთელად მოიხსენიებს, მისი შვილი კი იხსენებს: "ის სრულად ცაცია იყო. მარჯვენა ფეხი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ არ წაქცეულიყო."

ამ "ცალფეხა" ელექტრიკოსმა, რომელსაც ზურგს მთავარი ვარსკვალვი ჟოზეპ სამიტიერი ვეღარ უმაგრებდა, მოახერხა და "რასინგთან" სტუმრად ანგარიშით 2-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. თანაც ეს სანტანდერის წვიმიან და ტალახიან საღამოს მოხდა.

5 დღის შემდეგ "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატში პირველი საშინაო შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელებმა "ლესტ კორტსზე" "რეალს" უმასპინძლეს. "ბლაუგრანას" მხრიდან თავი ამჯერადაც პარერამ გამოიჩინა, მაგრამ მისი გუნდი 1-2 დამარცხდა. არადა, საგი-ბარბამ 50-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

"რეალი" მომდევნო ტურებში წინ კიდევ უფრო გაიჭრა. 5 ტურის შემდეგ მადრიდელებს ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ, კატალონიელებს კი 1 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება. ამის მიუხედავად ესპანეთის ჩემპიონატის პირველი გათამაშება "ბარსელონამ" მოიგო. ამ მიღწევისთვის კატალონიელები 2 000 პესეტათი (12 ევრო, 48 ლარი) და ახალი საათით დაჯილდოვდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 12 თებერვალი 2021 19:27
    0
    ეს უნდა წააკითხოს კაცმა დღეს ბარსას( არა მარტო 😁) ფეხბურთელებს. კაცი ისეთ ხელფასს იღებდა პარალელურად მეორე სამუშაოს შეთავსება უწევდა. დღეს კიდევ მილიონებს იღებენ არაფრის კეთებაში და არ ყოფნით 🙂
    გასაგებია რომ ყველაფერი იცვლება და თუ ადრე მილიონიც კი ფეხბურთელში წარმოუდგენელი თანხა იყო, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ფეხბურთში ზედმეტად ბევრი ფული ტრიალებს 🙂
    რედაქტორი [?]
    #2 12 თებერვალი 2021 15:33
    1
    ციტატა: nika 54
    "ამ "ცალფეხა" ელექტრიკოსმა, რომელსაც ზურგს მთავარი ვარსკვალვი ჟოზეპ სამიტიერი ვეღარ უმაგრებდა"
    ხო, ნამდვილად ძნელი იქნებოდა ცალი ფეხით ელექტრიკად მუშაობა. relieved


    როგორც ჩანს, ლა ლიგის ცხრილის სორტირების წესების შემდეგ, ლექციას ბრჭყალების მნიშვნელობის გაგებაშიც საჭიროებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 თებერვალი 2021 14:59
    0
    "ამ "ცალფეხა" ელექტრიკოსმა, რომელსაც ზურგს მთავარი ვარსკვალვი ჟოზეპ სამიტიერი ვეღარ უმაგრებდა"
    ხო, ნამდვილად ძნელი იქნებოდა ცალი ფეხით ელექტრიკად მუშაობა. relieved