"ბარსას" ლეგენდა, რომელიც ბარსელონას წინააღმდეგ იარაღით იბრძოდა

"ბარსას" ლეგენდა, რომელიც ბარსელონას წინააღმდეგ იარაღით იბრძოდა

პაულინო ალკანტარა "ბარსელონას" ბევრი გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელია. არადა, ეს ფილიპინელი კატალონიური გუნდის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო.

სანამ სტატიის მთავარ თემაზე გადავალთ, შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგიყვებით ალკანტარას შესახებ იმის გასაგებად, თუ რას წარმოადგენდა ის "ბარსელონასთვის".

პაულინო ალკანტარა 1896 წელს ესპანელი ჯარისკაცი მამისა და ფილიპინელი დედის ოჯახში, ფილიპინებში დაიბადა. როდესაც პაულინო 3 წლის იყო, ერთდოულად ორი ისეთი რამ მოხდა, რამაც ფეხბურთი შეცვალა - ჟოან გამპერმა საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" დააარსა და ალკანტარების ოჯახი საცხოვრებლად კატალონიაში გადავიდა.

"ბარსელონასა" და ალკანტარას გზები 13 წლის შემდეგ გადაიკვეთა. "გალენოს" ახალგაზრდა გუნდში მოთამაშე პაულინო ჟოან გამპერმა მიიწვია. 1912 წლის 25 თებერვალს, კატალონიის ჩემპიონატში, "კატალას" წინააღმდეგ "ბარსამ" 9-0 მოიგო, თამაშის პირველი 3 გოლი კი 15 წლის, 4 თვისა და 18 დღის დებიუტანტმა, პაულინო ალკანტარამ გაიტანა. ის დღემდე "ბარსას" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა, რომელსაც თავი ოფიციალურ მატჩში გამოუჩენია (იმ დროს კატალონიის ჩემპიონატი ოფიციალური ტურნირი იყო).

ალკანტარამ "ბარსას" 2-ჯერ პირენეების თასი (1912, 13), ერთხელ ესპანეთის თასი (1913) და 2-ჯერ კატალონიის ჩემპიონატი (1913, 1916) მოაგებინა, რის შემდეგაც მისი ოჯახი ფილიპინებში დაბრუნდა და შვილიც თან წაიყვანა.

სამშობლოში პაულინომ ფეხბურთის თამაშიც განაგრძო და ხელი ექიმობასაც მიჰყო. 1917 და 1918 წლებში მან ადგილობრივ გუნდთან ერთად ფილიპინების ჩემპიონატი მოიგო. 1917 წელს ფილიპინების ნაკრებშიც ითამაშა და დღემდე გუნდის ყველაზე დიდ გამარჯვებაში მონაწილეობაც მიიღო - ფილიპინელებმა იაპონია ტოკიოში 15-2 გაანადგურეს. ალკანტარა ასევე იყო ფილიპინების მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების წევრი.

პაულინო წარმატებას განაგრძობდა, "ბარსელონა" კი მის გარეშე ვერაფერს იგებდა. კლუბის ხელმძღვანელები იძულებულნი გახდნენ მშობლებისთვის ალკანტარას ესპანეთში დაბრუნების თხოვნით მიემართათ, მაგრამ უარი მიიღეს. საბოლოოდ თავად ალკანტარამ "ივაჟკაცა" – მალარიით დაავადებულმა მკურნალობაზე უარი განაცხადა მანამ, სანამ მას ესპანეთში დაბრუნების უფლებას არ მისცემდნენ.

"ბარსელონას" მწვრთნელად პაულინოს მისი ყოფილი თანაგუნდელი ჯეჯ გრინველი დახვდა, რომელმაც ფილიპინელი დაცვაში გაამწესა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა და გულშემატკივრების დაჟინებული მოთხოვნით ალკანტარა თავდასხმაში დაბრუნდა. მომდევნო წლებში პაულინომ "ბარსელონაში" უამრავი გოლი გაიტანა და ტიტულებიც ბევრი მოიგო (სულ 18 ტიტული). მის აქტივში 357 თამაშში გატანილი 369 გოლია. გათვალისწინებულია როგორც ოფიციალურ, ასევე ამხანაგურ თამაშებში გატანილი გოლებიც. ლიონელ მესის გამოჩენამდე ეს რეკორდი ხელშეუხებელი იყო.

ალკანტარას ერთ-ერთი გამორჩეული გოლი იყო ე.წ. "პოლიციელის გოლი". 1919 წლის 13 აპრილს, "სოსიედადთან” გამართულ შეხვედრაში (6-0) პაულინოს ძლიერი დარტყმული მოედანზე შესულ პოლიციელს მოხვდა. ეპიზოდი კი იმით დასრულდა, რომ ბურთიც და პოლიციელიც სტუმარი გუნდის კარის ბადეში გაეხვნენ.

ცნობისთვის, სწორედ პაულინო ალკანტარა იყო იმის  მიზეზი, რომ 1922 წლისთვის "ბარსელონამ" ახალი, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი, "ლეს კორტსი" გახსნა. ფილიპინელისა და მისი ვარსკვლავი თანაგუნდელების სანახავად მისულ გულშემატკივრებს ძველი არენა ვერ იტევდა.

პაულინო ალკანტარამ ბუცები ლურსმანზე 1927 წელს, 31 წლის ასაკში ჩამოკიდა. ამის მიზეზი ექიმად მუშაობის სურვილი იყო (1920 წლის ოლიმპიური თამაშები მან სამედიცინო გამოცდების ჩააბრების გამო გამოტოვა). პაულინო კლუბში 1931 წელს დაბრუნდა და მომდევნო 3 წლის განმავლობაში "ბლაუგრანას" დირექტორი იყო.


სურათზე: ექიმი პაულინო ალკანტარა

ალკანტარასთვის წარმატებული იყო სანაკრებო კარიერაც. კატალონიის, ფილიპინებისა და ესპანეთის ნაკრებში მან 11 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. 1922 წელს, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული თამშის დროს, მის დარტყმას ფრანგების კარის ბადის გახევა მოჰყვა. 1951 წელს ის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი 3 მატჩის განმავლობაში იყო.

პაულინო ალკანტარა ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც საკუთარ კარიერაზე მემუარები დაწერა.


პაულინო ალკანტარას წიგნი "ჩემი მოგონებები"

ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პაულინო ალკანტარას "ბარსელონას" ისტორიაში. კატალონიური კლუბის გრანდად ჩამოყალიბებაში მან ძალიან დიდი როლი ითამაშა.

რამ გაგვახსენა პაულინო ალკანტარა მაინცდამაინც დღეს? 26 იანვარი არც მისი დაბადების დღეა, არც გარდაცვალების, არც დებიუტის და არც მნიშვნელოვანი გოლის გატანის. ეს ის დღეა, როდესაც პაულინო ალკანტარა ქალაქ ბარსელონაში იარაღით ხელში შევიდა.

საფეხბურთო კარირის დასრულების შემდეგ ალკანტარა მხოლოდ ექიმობით არ იყო დაკავებული. 30-იან წლებში ის "ესპანურ ფალანგაში" გაწევრიანდა. ეს ესპანური ფაშისტური პარტია იყო. 1936 წლის 18 ივლისს ის შეუერთდა ქალაქ ბარსელონაში დაწყებულ გადატრიალებას, რომელიც მომავალი ნაცისტი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით მიმდინარეობდა. გადატრიალება 4 აგვისტოს წარუმატებლად დასრულდა და ალკანტარა ჯერ ანდორაში, შემდეგ კი საფრანგეთში გაიქცა. იმავე წელს, მოხალისე ჯარისკაცის სტატუსით, პაულინომ ფრანკოს შეიარაღებული დანაყოფების მიერ გამართულ არაერთ სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ალკანტარა "შავი ისრების" პირველი ბატალიოს ლეიტენანტი იყო. ეს იყო მოხალისეების გაერთიანება, რომელიც იტალიელ დიქტატორ ბენიტო მუსოლინის ემორჩილებოდა. ამ დანაყოფთან ერთად პაულინომ გვადალახარაში, არაგონსა და კატალონიაში იომა.

1939 წლის 26 იანვარს, ზუსტად 82 წლის წინ, ესპანელი გენერალი, მომავალში სამხედრო დამნაშავედ აღიარებული, "ბადახოსის ყასბის" სახელწოდებით ცნობილი, ათასობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ხუან იაგუე, ფრანკოს ჯართან ერთად, ბარსელონაში შევიდა. ქალაქ ბარსელონას აღებაში მონაწილეობდა პაულინო ალკანტარაც. "ბლაუგრანას" ლეგენდა იარაღით ხელში იბრძოდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თამაშის სანახავად სტადიონზე დადიოდნენ. იბრძოდა და როგორც მის საფეხბურთო კარიერაში უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე, გაიმარჯვა კიდეც.

ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ პაულინო ალკანტარა ბარსელონაში ცხოვრობდა და "შავი ისრების" ლეიტენანტი იყო.


სურათზე: პაულინო ალკანტარა მეუღლესა და შვილებთან ერთად

"ბარსელონას" ლეგენდა და შემდეგში კატალონიისა და ქალაქ ბარსელონას წინააღმდეგ მებრძოლი პაულინო ალკანტარა ამავე ქალაქში, 1964 წლის 13 თებერვალს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.


სურათზე: რიკარდო სამორა და ჟოზეპ სამიტიერი პაულინო ალკანტრას მიასვენებენ

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 26 იანვარი 2021 18:03
    0
    ძალიან მაგარი და საინტერესო სტატიაა❤️💪
    Culé [?]
    #8 26 იანვარი 2021 15:52
    0
    ამის მერე შეიერთა ესპანეთმა კატალონია ხო? როგორც ვიცი მანამდე ცალკე ქვეყანა იყო. ნაღდად არ ვიცოდი ბარსას ლეგენდა თუ მონაწილეობდა ამ ამბავში, ბარსაში როგორღა აცხოვრეს ვერავინ გაასხმეინა ტვინი
    Culé [?]
    #7 26 იანვარი 2021 15:39
    0
    Darth Vader -ი ყოფილა smiley smiley
    Culé [?]
    #6 26 იანვარი 2021 14:13
    1
    ყოჩაღ writer. ასეთი ისტორია რომ გვიამბე❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #5 26 იანვარი 2021 13:20
    1
    კარგი სტატიააა . ყოჩაღ 💜💜🙌
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 იანვარი 2021 13:07
    1
    საინტერესო იყო, მადლობა ავტორს
    ფანი [?]
    #3 26 იანვარი 2021 12:55
    2
    წიჟოლაია კარწინკა :{
    საღოლ Writer, 4K ქუალითი სტატია იყო..
    წევრი [?]
    #2 26 იანვარი 2021 12:41
    1
    კომუნისტების და სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა და არა სტადიონზე მოსიარულე გულშემატკივრების წინააღმდეგ
    Culé [?]
    #1 26 იანვარი 2021 12:39
    5
    ავტორ ყოჩაღ კაი სტატიაა. ისე ალკანტარაზე ერთს ვიტყოდი, როგორც ჩანს თავში ყველაფერი არ ჰქონდა დალაგებულად, ფეხბურთთან ერთად სხვა პროფესიების მორგებას რომ თავი დავანებოთ, ფაქტირად მეორე სამშობლოში თავის მეორე მშობლიურ კუთხეს და ხალხს ებრძოდა, რაც როგორც მინიმუმ უტიფრობაა, თანაც ეს ის ხალხი იყო ვინც მის თამაშებს უყურებდა და ქომაგობდა.