ელჩე-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა
- 24-01-2021, 10:07
-
josephk
- 8

დღეს, ლა ლიგის მე-20 ტურში, "ბარსელონა" "ელჩეს" ესტუმრება.
ამ შეხვედრით "ბარსასთვის" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრე იხსნება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გუნდს "ელჩესთან" გასამართი პირველი წრის მატჩი არ ჩაუტარებია. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მონაწილეობის გამო, პრესეზონის გახანგრძლივების მიზნით, "ბარსამ" ლა ლიგის პირველი 2 ტური გამოტოვა. გადადებული მატჩის ჩატარება 24 თებერვალს არის დაგეგმილი.
სათამაშო ფორმა
კატალონიელები ამ შეხვედრას არცთუ ისე პოზიტიური განწყობით ხვდებიან. ესპანეთის სუპერ თასზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ამ ტურნირის მოპოვებას ფეხბურთელთათვის თავდაჯერებულობისა და წარმატების რწმენის დაბრუნება შეეძლო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა - ორი დამატებითი დრო, წაგებული ფინალი და მესის პირველი წითელი ბარათი.
ამას მოჰყვა "კორნელიასთან" ნათამაშები მორიგი ექსტრა ტაიმი და წვალებით მოპოვებული მოგება, თანაც ისე, რომ გუნდის ლიდერების ბოლომდე დასვენებაც არ გამოვიდა. მოკლედ, გასული კვირა ყველაზე საშინელი სცენარით წარიმართა, რომლის მოფიქრებაც ადამიანს შეეძლო. ამაზე უარესი მხოლოდ "კორნელიასთან" ვერმოგება იქნებოდა.
წესით, კაპიტნის არყოფნისა და ემოციური ფონის გამო, დღევანდელი მატჩი რთული უნდა გამოდგეს, თუმცა გუნდის არასტაბილური ხასიათის გათვალისწინებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მეტოქე
6-წლიანი პაუზის შემდეგ, "ელჩე" ლა ლიგას დაუბრუნდა. შარშან, გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა. სეგუნდას ფლეი-ოფში გასვლა გუნდმა ბოლო ტურში მოახერხა, შემდეგ კი ნახევარფინალური და ფინალური დაპირისპირებები მატჩის მიწურულს გატანილი გოლებით მოიგო.
მიმდინარე სეზონში "ელჩე", როგორც ყოველთვის, პრიმერა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამჟამად, გუნდი 17 ქულით, მე-18 პოზიციას იკავებს. ვალენსიურ კლუბს, კონკურენტებთან შედარებით, 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, თუმცა ეს ფაქტი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან გამოტოვებული შეხვედრები "ელჩეს" გასვლაზე, "ბარსასთან" და "სევილიასთან", ელის.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება "ელჩემ" წარმატებით დაიწყო. საწყისი 5 შეხვედრიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, მაგრამ, 23 ოქტომბრის შემდეგ, გუნდს თამაში არ მოუგია და 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ პერიოდში ხორხე ალმირონის გუნდმა მხოლოდ 7 ქულის მოპოვება შეძლო.
მწვრთნელები მატჩის წინ
ბოლო 3 შეხვედრაში დამატებითი დრო ვითამაშეთ. "ელჩესთან", ზედიზედ მე-7 გასვლით მატჩს ჩავატარებთ. გვინდა, რომ ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ. სიახლეები გვჭირდება.
თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ძლიერი მენტალიტეტის მქონე სასტარტო შემადგენლობა გამოვიყვანოთ.
დანაკლისი
"ბარსელონას" ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან ანსუ ფატი, ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო და ფილიპე კოუტინიო. მთავარი დანაკლისი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია, რომელიც 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას დღეს მოიხდის. არგენტინელის დაბრუნება ლა ლიგაში, "კამპ ნოუზე", "ბილბაოსა" და ასიერ ვილიალიბრეს წინააღმდეგ შედგება.
მცირე დაზიანების შემდეგ, გამოჯანმრთელდა სერჟინიო დესტი, თუმცა რონალდ კუმანის თქმით, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, ითამაშებს თუ არა ამერიკელი.
რაც შეეხება "ელჩეს", მათ, ტრავმის გამო, არ ეყოლებათ ფიდელ ჩავესი და გვიდო კარილიო. ასევე, საეჭვოა ხონი ალამოს თამაში.
ურთიერთშეხვედრები
"ბლაუგრანას", "ელჩეს" წინააღმდეგ, 49 შეხვედრა აქვს ჩატარებული (42 ლა ლიგა, 7 ესპანეთის თასი), რომელთაგანაც 28 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, 12 - ფრედ, 9-ში კი მოგება მეტოქეს დარჩა. ბურთების შეფარდება 97-38.
21-ე საუკუნეში, "ელჩეს" პრიმერაში მხოლოდ ორი სეზონი აქვს გატარებული (2013/14 და 2014/15). ამ პერიოდში გამართული 6 მატჩიდან "ბარსამ" 5 მოიგო, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 22-0.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც 1959 წლის 20 სექტემბერს შედგა, "ბარსელონამ", ანგარიშით 1-2, დათმო. "ბარსას" მხრიდან, გოლის ავტორი ლუის სუარეს მირამონტესი გახდა.
საინტერესო სტატისტიკა
- "ელჩემ" "ბარსას" კარში გოლი ბოლოს 1978 წლის 24 აპრილს გაიტანა.
- "ბარსამ" "ელჩეს" წინააღმდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით 1963 წელს, ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, წააგო, 1-4. განმეორებით მატჩში კატალონიელებმა 4-1 იმარჯვეს და გადათამაშება დაინიშნა, რომელიც, კვლავ, "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა.
- "ბარსამ" "ელჩე" ყველაზე დიდი ანგარიშით ამ გუნდებს შორის ბოლოს ჩატარებულ ბოლო მატჩში დაამარცხა, 6-0. მაშინ, გოლები ნეიმარმა (2), მესიმ (2), პიკემ და პედრომ გაიტანეს.
- "ელჩეს" საშინაო არენა 1976 წელს გაიხსნა. "ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე" "ბარსას" 7-ჯერ უთამაშია (4 მოგება, 3 ფრე, ბურთების შეფარდება 16-1).
- იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ხვალ მოედანზე იქნებიან, "ელჩეს" კარში გოლი მხოლოდ ანტუან გრიზმანსა (5) და ჟორდი ალბას აქვთ გატანილი.
- ბოლო 9 საშინაო მატჩიდან, "ელჩემ" მხოლოდ 2 არ წააგო ("რეალი", "ოსასუნა").
- "ბარსას" ლა ლიგის გასვლით შეხვედრებში 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
- მთავარი მწვრთნელის ჩათვლით, "ელჩეში" 7 არგენტინელი ლეგიონერი ირიცხება.
- "ელჩეს" 40 წლის შემტევი, ნინო, გუნდის რიგებში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენია. მის ანგარიშზე 467 შეხვედრა და 135 გოლია.
არბიტრი
დღევანდელ მატჩს 39 წლის არბიტრი, ვალენტინ პისარო გომესი, გაუძღვება.
"ბარსელონას" შეხვედრაში გომესს მხოლოდ ერთხელ მიუღია მონაწილეობა. ერთი წლის წინ კატალონიელებმა "გრანადას" უმასპინძლეს. კიკე სეტიენის სადებიუტო შეხვედრა "ბლაუგრანამ" 1-0 მოიგო. 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ გახსნილი არ იყო, არბიტრმა "გრანადას" ფეხბურთელი მოდენიდან გააძევა.
"ელჩეს" შეხვედრაში ვალენტინ პისაროს 6-ჯერ უმსაჯია და ექვსივეჯერ მე-2 დივიზიონში. ალიკანტელებს მოგება არ აქვთ. 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 3 კი მეტოქემ მოიგო. ამ 6 მატჩში გომესმა 3 წითელი ბარათი აჩვენა (1 "ელჩეს", 2 მეტოქეს) და 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა (1 "ელჩეს" სასარგებლოდ, 1 მეტოქის).
სავარაუდო შემადგენლობები
WhoScored:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა - პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი - გრიზმანი, ბრეითუეიტი, დემბელე
"ელჩე" | 3-4-3
ბადია - ხოსემა, ვერდუ, გონსალესი - ბარაგანი, მარკონე, გუტი, მოხიკა - ხოსანი, ბოიე, მილია.
SofaScore:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა - პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი - გრიზმანი, ბრეითუეიტი, დემბელე
"ელჩე" | 4-1-4-1
ბადია - ბარაგანი, ხოსემა, ვერდუ, მოხიკა - მარკონე - ხოსანი, მილია, გუტი, რიგონი - ბოიე
Marca:
"ბარსელონა" | 4-2-3-1
ტერ შტეგენი - მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა - ბუსკეტსი, დე იონგი - გრიზმანი, პედრი, დემბელე, ბრეითუეიტი
"ელჩე" | 4-1-4-1
ბადია - ბარაგანი, ვერდუ, ხოსემა, მოხიკა - მარკონე - ხოსანი, გუტი, მილია, რიგონი - ბოიე
Sport:
პროგნოზი
WhoScored: "ელჩე" 1-2 "ბარსელონა"
Squawka:
SportsMole: "ელჩე" 1-2 "ბარსელონა"
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]