"რაიო ვალიეკანო" - რა ვიცით თასზე "ბარსას" მომდევნო მეტოქეზე?

"რაიო ვალიეკანო" - რა ვიცით თასზე "ბარსას" მომდევნო მეტოქეზე?

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "რაიო ვალიეკანოს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა 26, 27 ან 28 იანვარს მეტოქე გუნდის მოედანზე, მადრიდში გაიმართება.

ისტორია

"რაიო ვალიეკანო" ესპანურ ფეხბურთში ცნობილი გუნდია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს. მადრიდული გუნდი პრიმერა დივიზიონში პირველად 1977 წელს აღზევდა და იქ 3 სეზონი დაჰყო. "რაიომ" ესპანური ფეხბურთის ელიტაში ყოფნის რეკორდი 2011-2016 წლებში დაამყარა, როდესაც უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ 5 სეზონის განმავლობაში იმყოფებოდა. შემდეგ იყო 2 წელი სეგუნდაში, ერთი წლით კვლავ აღზევება და ისევ დაქვეითება.

ესპანეთის თასზე "რაიო" განსაკუთრებით კარგად თამაშობდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. 1980 და 1981 წლებში 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ, 1982 წელს, მადრიდულმა გუნდმა ნახევარფინალშიც გააღწია. ასეთი შედეგი დედაქალაქელებს სხვა დროს არ ჰქონიათ.

"რაიო ვალიეკანოს" ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც აქვს, მაგრამ მადრიდელებს ეს სპორტული შედეგებით არ დაუმსახურებიათ. 2000 წელს UEFA-მ ფეარ ფლეის წესების დაცვისთვის 2 საუკეთესო გუნდი შეარჩია, რომელთა შორის "ვალიეკანოც" იყო და ისინი უეფას თასზე ათამაშა. სადებიუტო სეზონის მიუხედავად მადრიდელებს თავი არ შეურცხვენიათ და ისინი 1/4 ფინალამდეც გავიდნენ, სადაც წააგეს "ალავესთან", რომელმაც მალევე ევროტურნირების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფინალში ითამაშა ("ლივერპულთან" 4-5).

"რაიო ვალიეკანოსთვის" ისტორიულად ყველაზე საშიში ფეხბურთელი ლიონელ მესია. ამ მადრიდული გუნდის, ისევე, როგორც არაერთი სხვა გუნდის კარში ყველაზე მეტი გოლი სწორედ ლეოს აქვს გატანილი - 10 თამაშში 17 გოლი და ამას დამატებული 8 შედეგიანი გადაცემა.

სათამაშო ფორმა

მადრიდული გუნდი სეგუნდა დიზივიონში ზედიზედ მეორე სეზონს ატარებს და პრიმერაში დაბრუნებისთვის იბრძვის. 21 ტურში მოპოვებული 37 ქულით "რაიო" მე-4 ადგილზე, ანუ ფლეი ოფის ზონაშია. ლა ლიგაში პირდაპირ გადამსვლელ მე-2 ადგილთან "ვალიეკანოს" 5 ქულა აშორებს.

ამჟამად "რაიო" ძალიან კარგ ფორმაშია. ჩემპიონატსა და თასზე მადრიდელებს ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს, მათი წაუგებელი სერია კი 8 შეხვედრას ითვლის. საკუთარ კედლებში ჩატარებულ ბოლო 17 თამაშიდან "ვალიეკანომ" მხოლოდ 1 წააგო. ასე რომ, "ბარსელონას" იოლი გასეირნება არ ელის.

ესპანეთის თასის მიმდინარე გათამაშებაში "რაიომ" უკვე 3 თამაშის ჩატარება მოასწრო - დამატებით ტაიმებში სტუმრად მოგება "ტერუელთან" (3-2), ასევე სტუმრად მოგება "დეპორტივო არეოსთან" (3-1) და ლა ლიგის წარმომადგენლის, "ელჩეს" საკუთარ კედლებში დამარცხება (2-0).

სტადიონი

"კორნელიასთან" გუშინ გამართული შეხვედრის დროს "ბარსელონას" ქომაგების ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი მოედნის საფარი იყო. კატალონიელებს ხელოვნურ საფარზე უწევდათ თამაში, რაც შეხვედრის ხარისხზეც აისახებოდა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სერიოზული ტრავმის მიღების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა. საბედნიეროდ, ტრავმებსაც გადავურჩით და მართალია წვალებით, მაგრამ მომდევნო ეტაპზეც გავედით.

"რაიოსთან" შეხვედრის დროს ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გვაქვს. "კამპო დე ფუტბოლ დე ვალეკასზე" ბუნებრივი საფარია დაგებული.

ეს არენა 1976 წელს აშენდა და ის თითქმის 15 ათას გულშემატკივარს იტევს. მოედნის ზომები "კამპ ნოუსთან" შედარებით პატარაა - 100მ x 65 მ (კამპ ნოუ - 105 მ x 68მ).

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასა" და "რაიოს" ერთმანეთთან სულ 38-ჯერ უთამაშიათ. კატალონიელებმა 26-ჯერ მოიგეს, მადრიდელებმა 4-ჯერ, ხოლო 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 120-33. როგორც ხედავთ, "ბლაუგრანას" დიდი უპირატესობა აქვს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია არსებული სერია - "ბარსელონას" "ვალიეკანოსთან" ბოლო 13 თამაში აქვს მოგებული, აქედან ერთი ერთბურთიანი, 3 ორბურთიანი, ხოლო დანარჩენი 3 ან მეტი ბურთის სხვაობით. ამ 17 თამაშიდან 15-ში 4 ან მეტი გოლი გადიოდა.

მადრიდში გამართული 19 დაპირისპირებიდან "ბარსელონამ" 10 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 3 დათმო.

ესპანეთის თასზე გუნდები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ გადაეყარნენ. 1980/81 წლების სეზონში, 1/4-ფინალში, "ბარსელონამ" სტუმრად 3-0, ხოლო შინ 3-1 მოიგო.

გამორჩეული ფეხბურთელები

"რაიო ვალიეკანოს" სათადარიგო მეკარე "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანია. ვინ იცის, იქნებ "ბარსელონასთან" მადრიდელთა კარში სწორედ ის ვიხილოთ.

გუნდის ყველაზე ცნობილი წევრი 33 წლის მარიო სუარესია. გამოცდილ ნახევარმცველს მადრიდის "ატლეტიკოში" 185 თამაში აქვს ჩატარებული. მას ასევე უთამაშია "სელტაში", "მალიორკაში", "ვალენსიაში", "ვალიადოლიდში", იტალიურ "ფიორენტინასა" და ინგლისურ "უოტფორდში".

არ შეიძლება არ ვახსენოთ პორტუგალიელი ბებე. ამჟამად 30 წლის ნახევარმცველს "მანჩესტერ იუნაიტედში" აქვს ნათამაშები. როგორც ამბობენ, ალექს ფერგიუსონმა ის ბრმად, თამაშის უნახავად, კარლოს კეირუშის რეკომენდაციით იყიდა და "იუნაიტედმა" ფეხბურთელში 9 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 2010 წელს უცნობი ფეხბურთელისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. ფერგიუსონს ბებეს თამაში ნორმალურად არც ტრანსფერის შემდეგ უნახავს და ბევრი მოგზაურობის შემდეგ პორტუგალიელმა თავი "რაიოში" ამოჰყო.

"ვალიეკანოში" ასევე ირიცხებიან "ლა მასიას" აღზრდილები, 23 წლის მარცხენა მცველი ივან მარტოსი და 35 წლის მეკარე ალბერტო გარსია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 23 იანვარი 2021 14:20
    0
    Norman Bates,
    ნეტა ეგ შეგვხვდეს სადმე კიდე თასზე და დავაჩოქოთ.
    31 იანვარს ჯერ ლალიგაში უნდა მოვოგოთ სხვა გზა არაა
    ფანი [?]
    #8 23 იანვარი 2021 10:49
    0
    მეტოქე რაც არ უნდა სუსტი იყოს აუცილებლად დადებითად უნდა შევაფასოთ მათი შანსებიც, თან მითუმეტეს არ გვყავს ისეთი გუნდი როგორიც ადვილად გადაუვლის სუსტ გუნდებსაც კი, იმედია ამ ჩემპიონატს მაინც მოვიგებთ
    Culé [?]
    #7 23 იანვარი 2021 01:13
    0
    ყოჩაღ ავტორო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 იანვარი 2021 00:26
    0
    რაც მახსოვს ისაა, რომ რაიო არ იყო ჩაკეტილი, დაცვაზე ორიენტირებული გუნდი. დღეს რა ფეხბურთს თამაშობს არ ვიცი.

    ციტატა: Griezzy7
    მოვუგებთ ამათ ადვილად

    დღეს ადვილად არავისთან არ გამოგვდის მოგება.
    Culé [?]
    #5 22 იანვარი 2021 23:53
    0
    ნუ ძაან კაი მეტოქე შეგვხვდა, ისევ გადახალისებების გაკეთება შეგვიძლია და ამასთან ერთად იმედითაც ვიქნებით რომ ადვილად გავცდებით!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #4 22 იანვარი 2021 21:00
    0
    უნდა მოვიგოთ, მაგრამ მარტივი არ იქნება რა თქმა უნდა. თან კორნელიასთან თუ ასე გაგვიჭირდა (სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა ქვია, მესამე დივიზიონის გუნდია ბოლო ბოლო) აქ რას ვიზამთ არ ვიცი. მოსაგებია აუცილებლად.
    გულშემატკივარი [?]
    #3 22 იანვარი 2021 20:12
    0
    მინდა რომ კოპაც ბილბაობ მოიგოს !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 იანვარი 2021 20:06
    0
    კარგი შემადგენლობა ყოლია რაიოს.ფორმაშიც არიანო.არ გველის მარტივი გასეირნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 22 იანვარი 2021 17:40
    0
    დიდი უპირატესობა გვაქვს და იმედი მაქ მოვუგებთ ამ თამაშს და კორნელია არ დაგვემართება 120 წუთი არ უნდა წესით ამ გუნდს ვანხოთ.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "