მატჩისწინა მიმოხილვა - 632 დღე ტიტულის გარეშე და არაფრის ჩემპიონი "ბარსა"

მატჩისწინა მიმოხილვა - 632 დღე ტიტულის გარეშე და არაფრის ჩემპიონი "ბარსა"

2019 წლის 27 აპრილის შემდეგ "ბარსელონას" ტიტული არ მოუგია.

632 დღე ტიტულის გარეშე...

თანამედროვე "ბარსელონასთვის" ასეთი რამ ძალიან უცხოა. ბოლოს ასეთი რამ 2007-2008 წლებში იყო დაფიქსირებული. თუ ის დრო გახსოვთ, უკვე სტაჟიანი გულშემატკივარი გქვიათ.

2008 წლის შემდეგ მიმდინარე სეზონი პირველია, როდესაც "ბარსელონა" არაფრის ჩემპიონი არაა. ბოლო 12 წლის განმავლობაში კატალონიელები თითქმის ყოველთვის იყვნენ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონები და როდესაც ამას ვერ ახერხებდნენ, ან თასის გამარჯვებულები იყვნენ, ან სუპერ თასის. ახლა კი არაფრის ჩემპიონები არ ვართ და ამ სიტუაციის გამოსწორების ძალიან კარგი შანსი დღეს გვეძლევა.

ფინალში ბოლოს 2019 წელს ვითამაშეთ. ესპანეთის თასის გადამწყვეტ მატჩში "ლივერპულთან" განადგურებით ნირწამხდარი "ბარსელონა" მარსელინიოს "ვალენსიასთან" დამარცხდა. დღეს ისევ მარსელინიოს ვუპირისპირდებით, მაგრამ ამჯერად ესპანეთის სუპერ თასზე და არა "ვალენსიას", არამედ "ბილბაოს".

სათამაშო ფორმა

2021 წლის "ბარსელონას" ის ახასიათებს, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვუწუნებთ - სტაბილურობა. მართალია, სტაბილურობის ის დონე, რომელიც გულშემატკივრებს გვსურს, ჯერ კიდევ შორია, მაგრამ როდესაც გუნდს 3-4 თამაშის ჩავარდნის გარეშე ჩატარება შეუძლია, ესეც საქმეა.

"ბარსელონას" უკვე 9 თამაშია არ წაუგია, 2021 წელს კი ოთხივე მატჩი მოიგო. უკანასკნელი დაპირისპირების მოსაგებად "ბლაუგრანას" თერთმეტმეტრიანების სერია დასჭირდა და ცუდ ფორმაში მყოფ "სოსიედადთან" არც თამაშის ხარისხი იყო დამაკმაყოფილებელი, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის დღეს ძირითადი მარჯვენა მცველისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკლების ფონზე არგუმენტი "მოგება მოგებაა", მისაღებია.

"ბარსელონა" ისეთ ფორმაშია, როგორშიც კუმანის დროს ჯერ არ ყოფილა. გუნდი მოტივირებულია და ეს ეტყობა კაპიტან მესისაც, თუმცა დღეს მისი მოედანზე ხილვა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"ბილბაომ" ცუდი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ გამოცვალა და გუნდის დამრიგებლად მარსელინიო გარსია ტორალი დანიშნა. მარსელინიოს დებიუტი 6 იანვარს, "ბარსელონასთან" საშინაო მატჩში (2-3) ჰქონდა. ამის შემდეგ ბასკებს "ატლეტიკოსთან" უნდა ეთამაშათ, მაგრამ ეს შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო და როგორც გაირკვა, მარსელინიომ ერთკვირიანი პაუზა წარმატებით გამოიყენა - მისმა გუნდმა სუპერ თასის 1/2-ფინალში "რეალი" დაამარცხა. 2 თამაშით ბასკების სათამაშო ფორმაზე საუბარი ძალიან ძნელია, მით უმეტეს, რომ ამ 2 თამაშიდან ერთი წაგებაა და მეორე მოგება.

დანაკლისი

"ბარსელონას" რომ სერჟი რობერტო, ჟერარ პიკე, ანსუ აფტი და ფილიპე კოუტინიო ვერ დაეხმარებოდნენ, ეს აქამდეც ვიცოდით. "სოსიედადთან" გამართული ნახევარფინალური მატჩი გამოტოვა სერჟინიო დესტმაც, მაგრამ თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, ამერიკელმა მარჯვენა მცველმა მცირე დაზიანება სრულად მოირჩინა და მას დღეს სასტარტოში ვიხილავთ.

მთავარი ინტრიგა კი არის, ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი. რონალდ კუმანმა არგენტინელი "გრანადასთან" მატჩში შეცვალა. როგორც მალევე გაირკვა, ლეომ მცირე დისკომფორტი იგრძნო და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა არ გარისკა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მესის დისკომფორტი კვლავ ჰქონდა, რის გამოც მან "სოსიედადის" წინააღმდეგ ვერ ითამაშა. ლეომ გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა კი მიიღო, მაგრამ რონალდ კუმანის თქმით, მისი საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.

"ბილბაოს" უნაი ლოპესი არ ეყოლება, რომელსაც წელს ჯერ არ უთამაშია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გუნდის ძირითადი მარცხენა მცველის, იური ბერჩიჩეს თამაშიც, რომელმაც ტრავმა 6 იანვარს "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო.

ურთიერთშეხვედრები

"ბილბაო" და "ბარსელონა" იმ 3 გუნდს შორის შედიან, რომლებიც ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილან. შესაბამისად მათ ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ.

ამ გუნდებს შორის სულ ჩატარებული 230 თამაშიდან 116 (50%) "ბარსელონამ" მოიგო, 76 (33%) "ბილბაომ", ხოლო 38 (17%) ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 325-236, კატალონიელების სასარგებლოდ.

ფინალებში ეს გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ გადაეყარნენ. "ბარსელონას" დიდი უპირატესობა აქვს - 9 მოგება და 3 წაგება. 9 ერთმატჩიანი ფინალიდან 7 "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა.

ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონასა" და "ბილბაოს" აქამდე 3-ჯერ უთამაშიათ. პირველი 2 ორრაუნდიანი დაპირისპირება კატალონიელებმა მოიგეს (3-2 და 5-1), ხოლო ბოლო, 2015 წელს 1-5 წააგეს.

არბიტრი

მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის ხესუს ხილ მანსანო იქნება, რომელსაც "ბარსელონას" მიმართ სიმპათიებს ნამდვილად ვერ დავწამებთ. ხილ მანსანოს მიერ განსჯილი თამაშებიდან "ბარსელონამ" მხოლოდ 62% მოიგო, ხოლო "რეალმა" - 82%. ერთი მსაჯისთვის ესპანური ფეხბურთის ორი გრანდის შედეგებში ასეთი დიდი განსხვავება ჩვეული რამ ნამდვილად არაა.

მანსანოს მსაჯობით ჩატარებულ 26 შეხვედრაში "ბარსელონას" 16 მოგება, 6 ფრე და 4 წაგება აქვს. ხესუს ხილმა "ბლაუგრანას" ფეხბურთელები მოედნიდან 6-ჯერ გააძევა (აქედან 3-ჯერ პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა), ხოლო მეტოქეები - 5-ჯერ. მან როგორც "ბარსას", ასევე მეტოქის კარში 5 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ეს შედეგი ბევრი გუნდისთვის კარგია, მაგრამ არა "ბარსელონასთვის".

"ბილბაოს" შეხვედრაში მანსანოს 20-ჯერ უმსაჯია. ბასკებს 9 მოგება, 6 ფრე და 5 მარცხი აქვთ. ხესუს ხილმა "ბილბაოს" ფეხბურთელი მოედნიდან ერთხელ გააძევა, ხოლო მეტოქე - 2-ჯერ. მან ბასკებს 5 პენალტი დაუდო, მეტოქეს კი 7.

ვიდეორეფერი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი იქნება, რომელთანაც "ბარსას" დაახლოებით იგივე შედეგი აქვს, მაგრამ ერნანდესს იმას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რომ ან თერთმეტმეტრიანებში, ან წითელ ბარათებს მეტოქის მხარეს იჭერს.

ერნანდეს ერნანდესის მონაწილეობით ჩატარებულ 26 შეხვედრაში "ბარსას" 15 მოგება, 8 ფრე და 3 წაგება დაუგროვდა. მან "ბლაუგრანას" ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა, ხოლო მეტოქის - 7-ჯერ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ერთ გაძევების მატჩში ერნანდესმა "ბარსელონა" დაჩაგრა - საუბარია "ელ კლასიკოში" სერჟი რობერტოს (სამართლიან) გაძევებაზე, როდესაც წითელი ბარათი ასევე გარეთ ბეილს უნდა მიეღო, მაგრამ უელსელი დაინდეს, რის შემდეგაც მან გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს - 8-2 "ბარსელონას" სასარგებლოდ.

"ბილბაოს" ერნანდესის მიერ წაყვანილ შეხვედრაში 15-ჯერ უთამაშია. ბასკებს 9 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდათ. "ბილბაოს" ფეხბურთელი ერნანდესმა მოედნიდან 2-ჯერ გააძევა, მეტოქისა კი 4-ჯერ. მან ბასკებს 3 თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა, ხოლო მეტოქეს - 6.

საინტერესო ფაქტები

  • "ბილბაოს" მწვრთნელს, მარსელინიოს "ბარსელონასთან" გამართულ 22 დაპირისპირებაში მხოლოდ 1 მოგება აქვს. ეს მოგება მასსა და "ბარსას" შორის ჩატარებულ ერთადერთ ფინალზე მოდის;
  • ბოლო 3 მატჩში "ბარსელონამ" კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
  • ბოლო 5 მატჩში "ბილბაომ" კარის შრალად შენახვა მხოლოდ ერთხელ მოახერხა;
  • "ბილბაოსა" და "ბარსელონას" შორის ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან შვიდში 3 გოლზე ნაკლები გადიოდა;
  • "ბარსელონას" ყველა ტურნირზე 9 მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს;
  • "ბილბაოს" წინააღმდეგ ჩატარებულ 34 თამაშში ლიონელ მესის 26 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა;
  • 19 თამაშში გატანილი 14 გოლით ლეო მესი ესპანეთის სუპერ თასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია;
  • "ბარსელონას" ესპანეთის თასი ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ მოუგია, "ბილბაოს" კი მხოლოდ 2-ჯერ;
  • ბოლო 6 თამაშიდან 5-ში "ბილბაომ" შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი

რთული შეხვედრა გველის. მატჩში დომინირებასა და ჩვენი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით. სუპერ თასის მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ტურნირია. რაღაცების მოგება მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმთავრესი ტურნირი არაა, მაინც ტიტულს ვიგებთ.

რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბერჩიჩე, მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.

SportsMole

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

ბილბაო: სიმონი, კაპა, ნუნიესი, მარტინესი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.

Sportskeeda

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

ბილბაო (4-4-2): სიმონი, კაპა, მარტინესი, ნუნიესი, ბალენსიაგა, დ. გარსია, ვენსედორი, დე მარკოსი, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-2
  • Sportsmole: 2-1
  • Sportskeeda: 2-1

ტრანსლაცია

თამაში ღამის 00:00 საათზე დაიწყება, მის ტრანსლაციას აჭარასპორტ 1 და საიტი Adjarasport.tv გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 17 იანვარი 2021 19:24
    0
    ეს გამარჯვება იქნება როგორც წამალი, თუ გავიმარჯვებთ პირველ რიგში მუხტს ენერგიას და თავდაჯერებულობას შემატებს კლუბს, აუცილებლად გვჭირდება ამ თასის მოგება

    აბა წინ გაბარჯვებისკენ💪
    წევრი [?]
    #8 17 იანვარი 2021 17:03
    1
    ერთადერთი რაც ნათლად ჩანს ვარჯიშებზე გაღიმებული სახეებია, ასეა თუ ისე გუნდი ასე არ იყო თავიდან, ფაქტია რო ფეხბურთელებსაც და თვითონ კუმანსაც თითქოს თავდაჯერებულობა შეემატაა.
    Culé [?]
    #7 17 იანვარი 2021 16:44
    0
    არ ვიცი საიდან მოიტანეთ, რომ ესპანეთის თასი ბარსამ 13-ჯერ მოიგო, ხოლო ბილბაომ სულ რაღაც 2-ჯერ. სინამდვილეში ყველაზე მეტჯერ ბარსამ მოიგო 30-ჯერ, მეორეზეა ბილბაო 23 თასით.
    ფანი [?]
    #6 17 იანვარი 2021 15:34
    0
    ანგარიშს ვინ დაეძებს, მინიმალური ანგარიშით მოვიგოთ თუნდაც,მთავარია დამატებითი დრო არ დაინიშნოს ან პენალტებამდე არ მივიდეს საქმე.ამისთვის გვჭირდება მესის ყოფნა მოედანზე თუნდაც ერთი ტაიმი.
    Culé [?]
    #5 17 იანვარი 2021 15:12
    1
    მესი ითამაშებსო ასერომ ჩვენია ეგ ტიტული 😊😘
    Culé [?]
    #4 17 იანვარი 2021 14:10
    3
    მეეჭვება, რომ ბილბაომ მარტო 2-ჯერ მოიგო ესპანეთის თასი.
    Culé [?]
    #3 17 იანვარი 2021 12:36
    5
    დღეს მოვიგებთ და არაფრის ჩემპიონები აღარ ვიქნებით. მაინც გავხდებით რაღაცის ჩემპიონები. ვისკა ბარსაა!!💜❤💜❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #2 17 იანვარი 2021 12:25
    5
    აბა დღეს ვიგებთ ძმდებო!!!! ვისკა ბარსაააა!!!!!!❤️ barca-4
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 იანვარი 2021 12:21
    3
    დღეს დასრულდება ეს უიღბლობა და ტუტულსაც ჩავიხუტებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued