მესის კატალონიური ფესვები და ნათესაობა ბოიან კრკიჩთან
- 14-01-2021, 17:32
-
Tsitsi
- 23

როგორც ჩანს, ესპანელ ჟურნალისტებს ახალი წლის შემდეგ მაინცდამაინც ბევრი საქმე არ აქვთ და მათაც გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ, ლიონელ მესი და ბოიან კრკიჩი ნათესავები ხომ არ არიან.
ვინც არ იცის - ბოიან კრკიჩი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2007 წელს გამოჩნდა და მასზე "ბლაუგრანაში" ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. როგორც გაირკვა, მესისა და ბოიანის საერთო წინაპრებს, რომლებიც თითქმის 2 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ, გენებში ნიჭი ნამდვილად ჰქგონდათ, მაგრამ ამ ნიჭის გამოყენების უნარი მხოლოდ მესის ხაზს გაჰყვა, ბოიანმა კი ევროპაში ბევრი წვალების შემდეგ MLS-ს მიაშურა და ახლა, 30 წლის ასაკში, იმ ტიერი ანრის გუნდში თამაშობს, რომლის კონკურენტიც, თავის დროზე, "ბარსელონაში" იყო.
მესისა და ბოიანის საერთო წინაპრების ისტორია სათავეს 1846 წლიდან იღებს, როდესაც მარიანო პერეს მირალიესმა და ტერესა ლიობერა მინგეტმა კატალონიაში იქორწინეს. სხვა შვილებთან ერთად მათ გაუჩნდათ რამონ პერეს ლიობერა და გონსალ პერეს ლიობერა.
რამონ პერესმა მარია სოლე ფონტზე იქორწინა, მათმა შვილმა, ჟოზეპ პერეს სოლემ კი ცოლად როსა მატეუ ხესე მოიყვანა, რის შემდეგაც წყვილი საცხოვრებლად არგენტინაში გადავიდა. მათი ქალიშვილი როსა მარია პერეს მატეუ ეუსებიო მესი ბაროზე გათხოვდა. მათ გაუჩნდათ შვილი ხორხე ორასიო მესი პერესი, რომლის სელია მარია კუჩიტინი ოლივეირასთან ქორწინების შედეგიც მსოფლიოს 1987 წლის 24 ივნისს მოევლინა - ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი.
დავბრუნდეთ მე-19 საუკუნეში. რამონ პერესის ძმამ, გონსალ პერესმა ცოლად აგნეს სივიტ ვილამახო მოიყვანა. მათ შვილს, ხაუმე პერეს სივიტს ეყოლა ასევე ვაჟი სალვადორ პერეს ესკუდე, მისი ქალიშვილი მარია ლუისა პერეს სალა კი სერბ ბოიან კრკიჩზე გათხოვდა. ამ წყვილს 1990 წლის 28 აგვისტოს ბოიან კრკიჩ პერესი შეეძინა.
შეჯამების სახით გეტყვით, რომ მესისა და ბოიანის ბაბუის ბაბუები ძმები იყვნენ.
რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას - მესი და ბოიანი მოედანზე ერთად 109 თამაშში ვიხილეთ, სულ 3 733 წუთის განმავლობაში. მათ ერთობლივი აქტიური მონაწილეობა 12 გოლში მიიღეს. მესი-ბოიანის დუეტზე 81 მოგება, 17 ფრე და 11 წაგება მოდის.
ვიცოდით, რომ ეს საკითხი ძალიან გაინტერესებდათ, რის გამოც მისი სიღრმისეული ანალიზი შემოგთავაზეთ.
ყველაზე საინტერესო ამბავი კი ისაა, რომ ლიონელ მესის ბაბუის ბაბუის მამა მარიანო პერეს მირალიესი ზუსტად 2 საუკუნის წინ, 1821 წელს კატალონიის სოფელ ელ პოალში დაიბადა. გამოდის, რომ ლეოს კატალონიური გუნდი შემთხვევით არ აურჩევია - ის კატალონიელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]