ვალვერდეს წასვლიდან ერთი წელი გავიდა - მასზე უკეთეს შედეგებს ვერ ვხედავთ
- 13-01-2021, 00:00
-
El Maestro
- 18

კატალონიური გამოცემა, Sport, "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს შედეგებს იხსენებს.
ერთი წლის წინ, 13 იანვარს, საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ ვალვერდე პოსტიდან გაათავისუფლეს. მან "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი და ერთხელაც ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა. თუმცა, იყო სამარცხვინო წაგებებიც - 0:3 "რომასთან", 0:4 "ლივერპულთან"...
ვალვერდეს გათავისუფლებიდან 365 დღეც არ გასულა, რიცხვები კი მკაფიოდ მეტყველებენ: "ბარსამ" უკეთეს შედეგს ვერც კიკე სეტიენის დროს მიაღწია და ვერც ახლა, რონალდ კუმანის მწვრთნელობისას.
ვალვერდეს თავკაცობისას "ბარსელონამ" 145 მატჩი ჩაატარა, მოიგო 97, წააგო 16 და 32 შეხვედრა ფრედ დაასრულა. ის მოგების 67%-ით წავიდა. სეტიენი 64%-ით წავიდა - 16 გამარჯვება 25-იდან, ხოლო კუმანის შედეგი ასეთია - 15 გამარჯვება 24-იდან, მოგების 62.5%.
საერთო ჯამში, ვალვერდეს გარეშე მოგების პროცენტი 63-ს შეადგენს. მისი წასვლის შემდეგ კატალონიელებმა 49 მატჩიდან 31 მოიგეს.
თუ კუმანმა ხვალ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, "სოსიედადი" დაამარცხა და ფინალში გავიდა, მაშინ ის სეტიენის მაჩვენებელს გაუთანაბრდება.
თავის პირველ 25 შეხვედრაში ვალვერდემ სეტიენზე და კუმანზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა: 18 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. ეს ორი მარცხი "ბარსელონამ" სეზონის სტარტშივე, ესპანეთის სუპერთასზე, მადრიდის "რეალთან" განიცადა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]