სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

 იკადრა, წაბრძანდა. ჩვენები როგორც იტყვიან - წაშავდა!

დიდი სიხარული არავის ეტყობა, რადგან ბართომეუს ახლა წასვლა ბევრს არაფერს ცვლის. არჩევნები მაინც კარს იყო მომდგარი და მის გუნდს არანაირი შანსი არ ჰქონია. სანამ ახალ პრეზიდენტს აირჩევენ და ყველაფერი დალაგდება, მანამდე როგორც ჩანს ქაოტური მმართველობა იქნება შენარჩუნებული, სადაც ცეცხლთან თამაში მიდის და გუნდი გაკოტრების ზღვარზეა.

ფეხბურთელები, კიდევ ერთელ ხელფასების შემცირებას არ აპირებენ, ვინც შეიმცირა ეგეც საკმარისია. ფინანსები კი ფსკერზეა დასული, ვირუსის მეორე ტალღა გუნდს არ აძლევს საშუალებას, რომ სტადიონზე მაყურებელი შეუშვას და შემოსავალი მიიღოს.

ბართომეუს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას წლები დასჭირდება.

მანამდე კი Mundo Deportivo მისი მოღვაწეობის ნათელ და ბნელ მხარეებს გვთავაზობს:

  • მისი მმართველობისას კლუბმა 13 ტიტული მოიგო. შეძლო ისტორიაში მეორე „ტრებლის“ მოგება. მის სახელს უკავშირდება მსოფლიო ფეხბურთში MSN-ის დომინირება.
  • მისი მმართველობისას დიდი პროგრესი განიცადა „ბარსელონას“ ქალთა გუნდმა.
  • პანდემიამდე „ბარსელონამ“ სარეკორდო შემოსავლები მიიღო.
  • ფეხბურთელების ხელფასების უსისტემო და არათანმიმდევრულმა ზრდამ მენეჯმენტის კრიზისი გამოიწვია.
  • „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია შეფერხდა და გაიყინა. მიუხედავად იმისა, რომ კრუიფის სახელობის სტადიონი გაიხსნა, მთავარი პროექტი მაინც „ესპაი ბარსა“ იყო, რომელიც განუცორხიელებელი დარჩა.
  • ნეიმარის მეორე საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია, ისევე როგორც სოციალური ქსელების საქმე, რომელიც დიდი ბნელი ლაქაა ბართომეუს მმართველობაში.

სუბისარეტა

ბართომეუს ერთ-ერთი პირველი ნაბჯი ანდონი სუბისარეტას გათავისუფლება იყო, სწორედ ამ კაცმა განახორციელა სუარესის, რაკიტიჩისა და ტერ შტეგენის ტრანსფერები, რის ხარჯზეც „ბარსამ“ მეორე „ტრებლი“ მოიგო. სუბის მიჰყვა მისი ახლადდანიშნული თანაშემწე, კარლეს პუიოლი, რომელმაც ტრიუმფის შემდეგ, ღიად მოთხოვა „ბარსელონას“ სპორტულ მხარეს სუბისარეტასთვის ბოდიში მოეხადათ და მადლობა გადაეხადათ იმისათვის, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსფერო გარიგებები განახორციელა, მაგრამ პუიოლის თხოვნა უპასუხოდ დარჩა.

სუბის ჰქონდა შეცდომებიც, მის სახელს უკავშირდება FIFA-ს მიერ დაწესებული აკრძალვა სატრანსფერო პერიოდში, თუმცა, მოგვიანებით „ბარსას“ ლეგენდამ აღნიშნა, რომ როდესაც გადაწყვეტილებებს იღებდა, სპორტულ მიმართულებას ბართომეუ ხელმძღვანელობდა. გამოდის, რომ თუ სიბისარეტას დავუჯერებთ, ბართომეუმ ის საკუთარი შეცდომების გამო გადააყენა. ერთი სიტყვით, ხელები შეაწმინდა და სამუდამოდ დაემშვიდობა.

ფერნანდესი

ანდონის გაშვება იმდენად ტრაგიკული არ იყო, რამდენადაც რობერტ ფერნანდესის დანიშვნა. ფერნანდესი „ბარსას“ ისტორიაში ყველაზე ცუდი სპორტული დირექტორი გამოდგა. შესაძლოა, იმაზე ცუდი დირექტორი იყო, ვიდრე ბართომეუ პრეზიდენტი.

გარდა სულელური და სკანდალური განცხადებებისა, სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ფილოსოფიის მოშლა და მილიონობით ევროს წყალში გადაყრა.

ვალვერდეს თემა კი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ერნესტო რობერტ ფერნანდესის უკანასკნელი „საჩუქარი“ იყო. ფერნანდესს ალბათ პერსპექტიული პროექტი ჰქონდა, თუ როგორ უნდა ექცია „ბარსა“ ახალ „ბილბაოდ“.

კლუბი აბსოლუტურად შეიცვალა. ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი ვალვერდეს მიუძღვის, მან ის გააკეთა რაც შეეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმუმი გაიღო, უბრალოდ არანაირი საერთო „ბარსას“ ფილოსოფიასთან არ ჰქონია. მისი მუშაობა ფეხბურთელებმა დააფასეს და ბოლომდე პატივს სცემდნენ.

ბართომეუსა და ფერნანდესის პირველი სატრანსფერო კრახი, რომელიც აღარავის ახსოვს, მარკო ვერატი იყო. იდეაში მას ჩავი ერნანდესი უნდა შეეცვალა, თავად ჩავიც სწორედ მას მიიჩნევდა მემკვიდრედ, ტრანსფერი ძალიან დიდხანს გაიწელა და ვერატი პარიზში დარჩა. მომდევნო სეზონში კი პარიზელებმა ნეიმარი წაიყვანეს.

ნეიმარის შემცვლელის ძიებაში, „ბარსას“ საძირკველი გამოეთხარა. ფერნანდესმა მბაპეს აგენტი უარით გაისტუმრა. ეს უნიკალური შანსი იყო, რომელიც გარკვეულმა ვითარებამ შექმნა. საქმე ასე იყო:

მბაპეს ზურგს უმაგრებდა მხოლოდ ერთი კარგი სეზონი „მონაკოში“ და მისი ფასი ბონუსების ჩათვლით 180 მილიონ ევროს აღწევდა. ასეთ რისკზე წასვლა მხოლოდ ოთხ გუნდს შეეძლო. პსჟ-ს და „სიტის“, არაბული ინვესტიციების ხარჯზე. მადრიდის „რეალს“, როგორც ყველაზე შემოსავლიან კლუბს მსოფლიოში და „ბარსელონას“, რადგან ნეიმარის გაყიდვიდან 222 მილიონი ევრო მიიღეს.  

  • მადრიდის „რეალი“ - ყველამ იცის, რომ მბაპე ბავშვობაში „რეალის“ ქომაგი იყო. წესით და რიგით ტრანსფერისთვის ხელი უნდა შეეწყო ზიდანის ფაქტორს, მაგრამ პერესი მბაპეს ერთ სეზონს ვერ ენდო და არც მბაპეს მოუკლავს თავი, რადგან „რეალის“ შეტევაში ყველაფერი საათივით იყო აწყობილი. მისი მოთხოვნა კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს ფორმაში შეხვედროდა და იქ ეჩვენებინა ისეთი ფეხბურთი, როგორიც აჩვენა. კონტაქტი არ ყოფილა.
  • “სიტი“ - როგორც მოგვიანებით მბაპემ აღნიშნა თავად გვარდიოლამ დაურეკა და გადასვლა თხოვა, მიუხედავად დიდი სიმპატიისა მბაპემ უარი თქვა, მიზეზი ერთი იყო, ის „სიტიში“ მუდმივად ვერ ითამაშებდა. მბაპე იქნებოდა მომავლის პროექტი, რომელიც ნელ-ნელა დაიწყებდა პროგრესს. იმ დროისთვის კი სტერლინგი, აგუერო, სანე და ბერნარდო სილვა ბრწყინავდნენ. ეს იყო ის ნიუანსი, რის გამოც მბაპე ინგლისში არ წავიდა. კონტრაქტი არ შედგა.
  • მბაპემ პ.ს.ჟ აირჩია მხოლოდ ერთი რამის გამო, მათ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა შესთავაზეს და პირობა მისცეს, რომ მუნდიალს საუკეთესო ფორმაში შეხვდებოდა.
  • თუმცა, იყო კიდევ ერთი კლუბი. „ბარსას“ შეეძლო თანხის გადახდა, რადგან ნეიმარი უკვე გაყიდული იყო, სწორედ ამ დროს დაუკავშირდა კილიანის აგენტი ფერნანდესს და თავის კლიენტი შესთავაზა. თითქოს ყველაფერი დალაგდა - „ბარსას“ ჰქონდა საკმარისი თანხა, მბაპე მიიღებდა მუდმივ პრაქტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ ნეიმარის ადგილი გამოთავისუფლდა და კონკურენტი ფაქტობრივად არ ეყოლებოდა. 18 წლის ბიჭი გახდებოდა დიდი ტრიოს წევრი. იდეალური სცენარი იყო, მაგრამ ფერნანდესი-ბართომეუს წყვილმა, დემბელე არჩია. მბაპემ ნაკრებში თავის თანაგუნდელს და მეგობარს „ბარსაში“ ტრანსფერი მიულოცა, გზა დაულოცა და თქვა, რომ „დემბელე საოცარი ფეხბურთელია, „ბარსამ“ სწორი არჩევანი გააკეთაო“. თავად წავიდა პარიზში.

მბაპეს აგენტმა ინტერვიუში შემდეგი რამ განაცხადა: 

"აგვისტოში კილიანი "ბარსას" შევთავაზე, მათ კი არ უპასუხიათ, ეს ისეთი შეცდომა იყო, რომლის გამოც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ინანაბენ." 

წყაროები მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით -
- (https://bleacherreport.com/articles/2806165-agent-barcelona-turned-down-chance-to-sign-kylian-mbappe-in-august)
- (https://www.espn.com/soccer/soccer-transfers/story/3236030/kylian-mbappe-wanted-to-join-barcelona-in-the-summe)
- (https://tribuna.com/en/fcbarcelona/news/2020-03-06-renown-agent-minguella-claims-mbappe-was-offered-to-barcelo)
- (https://www.sportskeeda.com/football/barcelona-rejected-kylian-mbappe-claims-former-agent-minguella
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი რამით შეგვიძლია ავხსნათ. ბართომეუს ნეიმარის სანაცვლოდ ორი ვარსკვლავის ყიდვა სურდა. მბაპეს შემთხვევაში კი რისკი ძალიან დიდი იქნებოდა, რადგან მასზე მხოლოდ ის იცოდნენ, რომ „მონაკოში“ ერთი კარგი სეზონი ჩაატარა.

შესაბამისად, "ბარსამ" გაიფორმა დემბელე და მოგვიანებით კოუტინიო.

ჯერჯერობით, ორივე ტრანსფერი მეტნაკლებად ჩავარდა.

აბიდალი

2018 წელს, ფერნანდესი აბიდალმა ჩაანაცვლა. რა კრიტერიუმით მოხდა სპორტული დირექტორის შერჩევა რთული სათქმელია. აბიდალი „ბარსას“ ერთ-ერთი ლეგენდაა, მაგრამ ასეთი შეუფერებელი კანდიდატის მოძებნას მოხერხება უნდა. ფერნანდესისგან განსხვავებით, აბიდალს ფეხბურთელების მიმართ გაცილებით დიდი პატივისცემა ჰქონდა, ალბათ სწორედ ამიტომ შეირჩა, ბართომეუმ ჩათვალა, რომ აბიდალის ხელით გაკეთებული საქმის გამო, ღია კონფლიქტი არ იქნებოდა, მაგრამ შეცდა. მესი არც ამჯერად გაჩუმებულა, მიუხედავად აბიდალთან მეგობრობისა.

„ლივერპულთან“ მარცხს ვინმე აუცილებლად უნდა შესწირვოდა, ბართომეუმ პეპ სეგურა და ჟორდი მესტრე გაათავისუფლა.

კოუტინიოს მსგავსად, დაგვიანდა გრიზმანის ტრანსფერიც. თუმცა, ამ შემთხვევაში თავად გრიზმანმა გადააგდო „ბარსა“ და მხოლოდ ერთი წლის მერე გადმობარგდა. ეს ტრანსფერიც ჯერჯერობით წარუმატებელია.  

ვალვერდე დატოვეს რომის ტრაგედიის შემდეგ.

დატოვეს ლივერპულის კოშმარის შემდეგ.

და გაათავისუფლეს შუა სეზონში, ყველაზე უდროო დროს.

ერიკ აბიდალი 2020 წელს გადადგა. „ბაიერნთან“ განადგურებაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა, რადგან კიკე სეტიენს სწორედ ის კურირებდა. ვალვერდე ჯერ კიდევ მაშინ გაათავისულა, სანამ ჩავისთან ან კუმანთან შეთანხმება იქნებოდა მიღწეული. მოლაპარაკებები ჩაიშალა, „ბარსა“ უმწვრთნელოდ იყო და არჩევანი მესამე კანდიდატზე, ანუ კიკე სეტიენზე შეჩერდა. „ფერმერმა“ როგორ იმუშავა ყველას გვახსოვს. რა დაგვავიწყებს?!

გათავისუფლებამდე იყო კონფლიქტი მესისთან, აბიდალმა ფეხბურთელები დაადანაშაულა. მესიმ კი საჯაროდ უპასუხა, გააკრიტიკა და დაკონკრეტება მოთხოვა. შიდა სამზარეულო აბსოლუტურად აირია.

სხვადასხვა დირექტორების ხელში, „ბარსამ“ 900 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ ლიგის მოგება მაინც ვერ შეძლო. კლუბს ყველაზე ძვირადღირებული შენაძენები ტვირთად ექცა, იმის ნაცვლად, რომ გაძლიერებულიყო.

ბართომეუმ ვერ შეცვალა ნეიმარი, ვერ შეცვალა ინიესტა, ვერ შეცვალა სუარესი, ვერ შეცვალა დანი ალვესი, რომელთანაც ყველაზე უსამართლოდ მოიქცა და საბოლოოდ დეკადის საუკეთესო მარჯვენა მცველი, უფასოდ დაკარგა.

პარადოქსი

მას შემდეგ, რაც სანდრო როსელი ნეიმარის ტრანსფერმა შეიწირა, ბართომეუმ შემოსავლების ზრდა მოახერხა და ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოდნავი პოპულარობა მაინც მოიპოვა, აი სპორტული მხარის, საერთოდ არაფერი გაეგებოდა და ბოლომდე ვერაფერი გაუგო.

ბართომეუმ თითქმის 7 წელი დაჰყო პოსტზე. ეს ძალიან დიდი დროა ასეთი დონის პრეზიდენტისთვის. სიტუაციის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის მმართველობა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის პერიოდს დაემთხვა.

კონფლიქტი გარდაუვალი იყო.

ალბათ ამით აიხსნება ის, რომ „ბარსამ“ საშინელი მმართველობის პერიოდში, მაინც მოახერხა 13 ტიტულის მოგება. მეტწილად ეს წარმატება მესის კისერზეა. თუმცა, თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, მისი ნებაა. იფიქროს.

კუმანი

ბოლო დეკადის განმავლობაში, ყველაზე ცუდი სეზონის შემდეგ, ფანები და ფეხბურთელები ითხოვდნენ ჩავის, ჯორდი კრუიფის და კარლეს პუიოლის მოსვლას, მწვრთნელისა და მენეჯერების თანამდებობაზე, მაგრამ ბართომეუმ რონალდ კუმანი მოიყვანა, რომელსაც მხოლოდ ერთი სატრანსფერო სურვილი შეუსრულა.

წავიდა, მაგრამ... იმდენი თავსატეხი დატოვა, კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს მისი გახსენება. 

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 28 ოქტომბერი 2020 20:18
    1
    მაგარი გარჩევა იყო ვეთანხმები ამის დამწერს.7 წელი ასეთი უნიათო უთავმოყვარეო ხემძღვანელობისგან გათავისუფლდა ბარსელონა.იმედია ფეხბურთელებიც გაანალიზებენ ყველაფერს და ახალი ხემძღვანელების დახმარებით ბარსას დააბრუნებენ ფეხბურთის მწვერვალზე.
    მწერალი [?]
    #5 28 ოქტომბერი 2020 18:49
    1
    Sergio5,
    მადლობა დიდი.
    L'Équipe - ზე ვწერ. ფრანგებისთვის. marco reus 11,
    ეგრი.ჩემთვისაც საუკეთესოა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 ოქტომბერი 2020 17:50
    6
    ალვეში დეკადის კიარა ისტორიის საუკეთესო მცველია :)
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ოქტომბერი 2020 17:04
    1
    რა ეშველება ახლა პერესს? რა შეხმატკბილებულად მუშაობდნენ ერთად ბარსას დასაქცევად.
    Culé [?]
    #2 28 ოქტომბერი 2020 16:31
    7
    ხანდახან მე მწყდება გული და უსამართლობის შეგრძნება მეუფლება შენს სტატიებს მარტო ბარსამანიას ხალხი რო ვკითხულობთ, არადა რა კაი წასაკითხია ხოლმე

    არ ვიცი იმედია სხვაგანაც მუშაობ სადმე ან რამე გვერდი გაქვს და უფრო მეტი ადამიანი ხედავს შენს შრომას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 ოქტომბერი 2020 16:16
    3
    წაეთრა, მაგრამ გზადაგზა გამოჩნდება მისი შავი საქმეები და იმედია იქ გადაინაცვლებს, სადაც იმსახურებს. ამხელა ისტორიის გუნდის ასე გაბანძება და დაცინვა არ უნდა შერჩეს ასე ადვილად. ფინანსებში კიდევ რა ხდება ეშმაკმა იცის. ჩვეულებრივ იქაც ქართული ოცნება იყო სათავეში და როგორ დავიჯერო მანდ ფულები არ მოტეხეს.
    მოვა ახალი პრეზიდენტი და ალბათ მოიყვანს დამოუკიდებელ აუდიტს და ნახავენ შავსა და თეთრს. ბართოს მოთრეულ აუდიტს არ ვენდობი, მოისყიდიდა უეჭველი.