ტერ შტეგენის მიზანი - "ელ კლასიკო"

"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს.
მარკს მარჯვენა ფეხის მუხლზე ოპერაცია 18 აგვისტოს ჩაუტარდა. მედიაში არსებული ცნობებით, მისი სარეაბილიტაციო კურსი ორთვენახევარს გასტანდა, თუმცა Mundo Deportivo წერს, რომ გერმანელი ნაადრევად დაბრუნებას გეგმავს. მას 24 ოქტომბერს, "კამპ ნოუზე" გასამართ "ელ კლასიკოში" სურს მონაწილეობის მიღება.
"რეალთან" მატჩის შემდეგ, რამდენიმე დღეში გუნდს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის სტუმრად ტურინის "იუვენტუსთან". ამჟამად, 31 წლის ნეტუ ტერ შტეგენს წარმატებით ცვლის.
რთული სათქმელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რონალდ კუმანი, ენდობა იგი ნეტუს, რომელიც, ჯერჯერობით, კარგად გამოიყურება თუ გარისკავს და კარში ტერ შტეგენს დააყენებს. გადამწყვეტი, ალბათ, მაინც გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.
აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციით, ტერ შტეგენი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]