სელტა-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

  • 30-09-2020, 19:48
  • სელტა-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

    25 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რონალდ კუმანმა "ბარსელონას" ღირსება მეტოქის მოედანზე ბოლოს დაიცვა. ეს 1995 წლის 18 ივნისს, "ბილბაოსთან" სტუმრად მოგებულ შეხვედრაში მოხდა. მას შემდგ ორ დეკადაზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა "ბარსელონას" არაერთხელ დაუკავშირეს - ხან ის გამოთქვამდა სურვილს, ხანაც "ბარსა", მაგრამ ეს სურველი ერთმანეთს ახლაღა დაემთხვა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მცველი "ბლაუგრანაში" მწვრთნელად დაბრუნდა.

    სათამაშო ფორმა

    სეზონის სტარტზე სათამაშო ფორმაზე საუბარი მაინცდამაინც გონივრული არაა, მაგრამ ჩატარებული რამდენიმე მატჩით გარკვეული დასკვნის გამოტანა მაინც შეიძლება.

    "სელტამ" ლა ლიგაში უკვე 3 თამაში ჩაატარა და ჯერ წაუგებელია. ვიგოელებმა "ბალაიდოსზე" მოიგეს, სტუმრად კი 2-ჯერ ფრედ ითამაშეს. გუნდის მთავარი ვარსკვლავი კვლავ იაგო ასპასია - სამ თამაშში გატანილი სამივე გოლი მის ანგარიშზეა.

    "ბარსელონას" უჩვეულო წინასასეზონო მზადება ჰქონდა. ფულის საშოვნელად მსოფლიოში მოგზაურობის ნაცვლად, ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო, "ბლაუგრანა" კატალონიაში "გამოიკეტა" და ადგილობრივი "ჟიმასტიკისა" და "ჟირონას" შემდეგ "ელჩეს" უმასპინძლა. ვერ ვიტყვით, რომ კუმანის შეგირდებმა რომელიმე შეხვედრაში განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ პოზიტიური ძვრები აშკარად შეინიშნება და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, 11 კაცი გუნდს ჰგავს. დრო გვიჩვენებს, რამდენად კარგ გუნდს.

    ლა ლიგაში "ბარსამ" ჯერ ერთი თამაში ჩაატარა - "კამპ ნოუზე" "ვილიარეალს" უმასპინძლა და მარცხენა ფლანგის აქტიურობის წყალობით მარტივად იმარჯვა, პირველივე ტაიმში თამაში 4-0 წაიყვანა. აი მარჯვენა ფლანგი კი მარცხენას ჯერ ვერ აჰყვა. დაცვაში ობიექტური მიზეზი გვაქვს - მხოლოდ სერჟი რობერტო გვყავს, რომელიც მნიშვნელოვანი მატჩების ბოლო წუთებზე გაბრწყინებასაა მიჩვეული, შეტევაში კი... დიდი ხნის მიძინებული გრიზმანის გამოღვიძებას საშველი არა და არ დაადგა.

    დანაკლისი

    "ბარსელონას" მარტინ ბრეითუეიტი დაუბრუნდა, ჟუნიორ ფირპო გამოაკლდა, უმტიტი ისევ მკურნალობს, რაფინია კი კუმანმა აითვალწუნა. ანუ, ერთადერთი აღსანიშნავი ისევ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმაა.

    მასპინძლებს ხუნკა, სერხიო ალვარესი და რუბენ ბლანკო არ ეყოლებათ. ლა ლიგის წინა გათამაშებაში, პირველმა ორმა, ერთად აღებულმა, სულ 5 თამაში ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არყოფნა დიდი დანაკლისი არაა. რუბენ ბლანკო კი გუნდის პირველ მეკარედ მიიჩნევა.

    ურთიერთშეხვედრები

    ისეთი დრო დაგვიდგა, თუ კიკე სეტიენის "გმირობას" არ ჩავთვლით, ბოლო დროს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშიდან გარანტირებულ და კუთვნილ 3 ქულას ველით ხოლმე, "ბალაიდოსზე" ბოლო მოგება კი ბუნდოვნად გვახსოვს.

    2015 წელს, როდესაც ტრებლი ბოლოს მოვიგეთ (აქვე მსოფლიოს შევახსენოთ, რომ ძალიან ბევრი გრანდისგან განსხვავებით, ჩვენ ამ წინადადების წარმოთქმის უფლება გვაქვს), ვიგოს ვეწვიეთ და შინ 3 ქულით დავბრუნდით. ლუის ენრიკეს გუნდს ჟერემი მატიეს თაურმა მოაგებინა.

    გუნდებს ერთმანეთთან სულ 124-ჯერ უთამაშიათ. რა თქმა უნდა, "ბარსას" დიდი უპირატესობა აქვს - 68 მოგება, 30 ფრე, 26 წაგება, 271 გატანილი და 142 გაშვებული გოლი.

    ბოლო 9 თამაშიდან 4 "ბარსელონამ" მოიგო, "სელტამ" კი მხოლოდ ერთი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბალაიდოსზე" ჩვენს გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - ბოლო 6 მატჩში 3 ფრე და 3 წაგება.

    არბიტრი

    შეხვედრის განსასჯელად ფეხბურთის ფედერაციამ კარლოს დელ სერო გრანდე მიავლინა.

    44 წლის არბიტრს "ბარსელონას" მატჩში 30-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 24-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და ამდენჯერვე წააგეს. იმ გუნდებს შორის, რომლების მატჩში გრანდემ 3-ზე მეტჯერ იმსაჯა, "ბარსას" მოგების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს - 80%. ამას ემატება დელ სერო გრანდეს მსაჯობით ჩატარებულ 2 მატჩში "ბარსა ბ-ს" 2 მოგება.

    "სელტას" მატჩში კარლოსმა 28-ჯერ იმსაჯა. ვიგოელებს 9-9 მოგება და ფრე და 10 წაგება აქვთ.

    სტატისტიკა

    • ლა ლიგის ბოლო 3 გასვლით შეხვედრაში "ბარსელონამ" პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც;
    • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო;
    • "ბარსელონასთან" ჩატარებული ბოლო 6 საშინაო თამაშიდან ხუთში "სელტას" მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
    • "სელტასთან" ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში "ბარსელონას" მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
    • ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან "სელტამ" მხოლოდ 1 მოიგო;
    • "სელტას" მიერ ლა ლიგაში გატანილი ბოლო 4 გოლი იაგო ასპასის ანგარიშზეა.

    მწვრთნელების კომენტარები

    რონალდ კუმანი: "სელტა" კარგი გუნდია, რის გამოც, მოსაგებად საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს. რთულ თამაშს ველით. "ბარსელონას" "ბალაიდოსზე" რთული ისტორია აქვს. ხვალინდელ თამაშში როტაციის საჭიროება არაა." კუმანის სრული კომენტარი.

    ოსკარ გარსია: "ბარსელონამ" სისტემა შეცვალა. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი გუნდი ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს. "ბარსელონას" ჰყავს მესი, საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი ცოცხლად მინახავს."

    სავარაუდო შემადგენლობები

    სელტა (4-3-1-2): ვილიარი, აიდუ, მურილიო, არაუხო, ვასკესი, ტაპია, იოკუსლუ, ოლასა, მენდესი, მინა, ასპასი.

    ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, კოუტინიო, ფატი, მესი.

    პროგნოზი

    • WhoScored: 2-3
    • Sportsmole: 1-2
    • Sportskeeda: 1-2
    • Squawka: 0-1

    ტრანსლაცია

    თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და silksport.ge წარმოგიდგენთ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: სელტა
    კომენტარები [ 5 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    me da barca Culé [?]

    1 ოქტომბერი 2020 15:22

    ყველა ერთ ბურთიან უპირატესობას გვაძლევს, ორ ბურთიანს ვერ ბედავენ და სწორედ ორი ბურთით მოვიგებთ 1:3.

    0
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    1 ოქტომბერი 2020 13:45

    ციტატა: Writer
    ციტატა: nika 54
    ბოლო 9 თამაშიდან 4 "ბარსელონამ" მოიგო, "სელტამ" კი მხოლოდ ერთი. "ბალაიდოსზე" ჩვენს გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - ბოლო 6 მატჩში 3 ფრე და 3 წაგება.
    ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან "სელტამ" მხოლოდ 1 მოიგო;
    აქ მე მგონი, რაღაცაა არითმეტიკულად არეული.

    სწორია.
    ასე უცნაურად დაემთხვა. გასვლაზე ეგ 3 ფრე ბოლო 4 თამაშზე მოდის და მაგიტომ.

    მაინც არ მესმის: თუ ბოლო 10 თამაშში სელტამ მხოლოდ 1 მოიგო, მაშინ ჩვენ ბოლო 6 მატჩში 3 როგორ წავაგეთ?

    0
    გასულია
    Writer რედაქტორი [?]

    30 სექტემბერი 2020 20:14

    ციტატა: nika 54
    ბოლო 9 თამაშიდან 4 "ბარსელონამ" მოიგო, "სელტამ" კი მხოლოდ ერთი. "ბალაიდოსზე" ჩვენს გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - ბოლო 6 მატჩში 3 ფრე და 3 წაგება.
    ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან "სელტამ" მხოლოდ 1 მოიგო;
    აქ მე მგონი, რაღაცაა არითმეტიკულად არეული.

    სწორია.
    ასე უცნაურად დაემთხვა. გასვლაზე ეგ 3 ფრე ბოლო 4 თამაშზე მოდის და მაგიტომ.

    2
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    30 სექტემბერი 2020 20:07

    ბოლო 9 თამაშიდან 4 "ბარსელონამ" მოიგო, "სელტამ" კი მხოლოდ ერთი. "ბალაიდოსზე" ჩვენს გუნდს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - ბოლო 6 მატჩში 3 ფრე და 3 წაგება.
    ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან "სელტამ" მხოლოდ 1 მოიგო;
    აქ მე მგონი, რაღაცაა არითმეტიკულად არეული.

    1
    გასულია
    ♛BaRcElOnA♛ ფანი [?]

    30 სექტემბერი 2020 19:59

    აუ რომ დავუფირდეთ რა დონის იგროკი გვყავს გუნდში (მესიზე ამის თქმაც კი სირცხცილია:დდ) გრიზმანს ვგულისზმობ და ვერ ვიყენებთ რაა არადა მართლა რამხელა კლასის მოთამაშეა და რა თამაშები აქვს ჩანატარები
    ჩემი აზრით კუმანის ხელში იპოვნის თავის თავს

    2
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV