დღე, როცა "კამპ ნოუმ" სამხედრო კონფლიქტის მხარეებს უმასპინძლა

დღე, როცა  "კამპ ნოუმ" სამხედრო კონფლიქტის მხარეებს უმასპინძლა

ხვალ გამპერის თასია, "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის არცთუ უმნიშვნელო დღე.

გამპერის თასი ახალ იმედებთან ასოცირდება. ტრადიციულად, ესაა "კამპ ნოუზე" გამართული პირველი თამაში, რომლის დროსაც ადგილობრივი გულშემატკივარი განახლებულ გუნდს პირველად ხედავს. წელს ეს ტრადიცია ირღვევა - ახალ "ბარსელონას" ცარიელი ტრიბუნების თანხლებით თამაში მოუწევს.

გამპერის თასი "ბარსელონას" დამაარსებლის, ჰანს გამპერის საპატივცემულოდ იმართება. ტურნირი პირველად 1966 წელს გაიმართა. ამ ამხანაგური ტურნირის ეგიდით არაერთი საინტერესო დაპირსიპირება გამართულა, დღეს კი ერთ-ერთ მათგანს გავიხსენებთ.

1984 წელს, "ბარსელონამ" გამპერის თასზე "ბოკა ხუნიორსი", "ასტონ ვილა" და "ბაიერნი" მიიწვია. ნახევარფინალში მასპინძლებმა "ბოკა" 9-1 გაანადგურეს, ხოლო "ბაიერნმა" "ასტონ ვილას" სძლია. შედეგად, ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბაიერნი" შეხვდნენ, მაგრამ ეს მასალა ამ დაპირისპირებას არ ეძღვნება. ტურნირის გამორჩეული თამაში არა "ბარსას" მიერ "ბოკას" 9-1 განადგურება, არამედ არგენტინულ-ინგლისური დაპირისპირება იყო.

1982 წელს, არგენტინასა და ინგლისს სამხედრო კონფლიქტი ჰქონდათ, რომელიც ისტორიაში "ფოლკლენდის ომის" სახელით შევიდა. ბუნებრივია, ომიდან 2 წლის თავზე, ქვეყნებს შორის კვლავ დაძაბული ვითარება იყო. ამ 2 წლის განმავლობაში, ინგლისისა და არგენტინის წარმომადგენლები ერთმანეთს საფეხბურთო მოედანზე გადაყრილნი არ იყვნენ და გამპერის თასის 1984 წლის გათამაშება ისტორიაში სწორედ ამით შევიდა - ფოლკლენდის ომის შემდეგ არგენტინისა და ინგლისის წარმომადგენლები ერთმანეთს პირველად სწორედ მაშინ შეხვდნენ.

რობერტო პასუჩი, "ბოკა ხუნიორსის" მაშინდელი ნახევარმცველი იხსენებს, რომ მისი გუნდისთვის ინგლისელებთან თამაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ "ბარსასთან" 1-9 მარცხი აღარავის ახსოვდა. თუმცა, თამაშმა მაინც მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, "ბოკას" მაშინდელი მწვრთნელი დინო სანი იყო, რომელიც ფეხბურთელებს არწმუნებდა, რომ ომის საფეხბურთო მოედანზე გადატანა დაუშვებელია.

თამაში "ბოკა ხუნიორსმა" 2-0 მოიგო. 79-ე და 85-ე წუთებზე თავი კარლოს მენდოსამ და ფერნანდო მორენამ გამოიჩინეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.