ლუის სუარესი მეტ პატივისცემას იმსახურებს
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი "ჟიმნასტიკთან" დღეს გასამართი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელი შემტევი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და მას წასვლისკენ უბიძგებენ.
მადრიდული Marca-ს მტკიცებით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სუარესს უთხრა, რომ ახალი კლუბი მოეძებნა და ლუისიც ასე მოიქცა. მან "იუვენტუსთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, მაგრამ იგი "ბარსელონას" ისევ ედავება. 33 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანასგან" ხელშეკრულებით დარჩენილი ერთი წლის კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს, რაზეც კატალონიელები უარს ამბობენ.
მიუხედავად იმისა, რომ "ომი" გარდაუვალია, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არცერთი მხარისადმი უპატივცემულობა არ გამომჟღავნდეს.
სუარესი პირველი გუნდიდან მოკვეთას არ იმსახურებს. მართალია, მან შეცდომები დაუშვა, მაგრამ იმაში ეჭვის შეტანა, რაც მან კლუბს მისცა, არ შეიძლება.
არცერთ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუარესი "ბარსელონას" ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია, რის გამოც იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს. "ბლაუგრანას" ლუისთან განშორება უნდა და მასზე ზეწოლას ყველანაირი გზით ცდილობს. თუმცა, კატალონიელები წინდახედულად უნდა მოიქცნენ, რადგან, თუ თოკი გაიჭიმება და გაწყდება, ურუგვაელმა, შესაძლოა, დარჩენა გადაწყვიტოს.
რამდენიმე დღის წინ "ბარსას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართმეუმ განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელებს ღირსეულად გააცილებდა. ლუის სუარესისა და თუნდაც, ივან რაკიტიჩის შემთხვევაში ჩანს, რომ ბართომეუ თავის სიტყვას არ ასრულებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]