კატასტროფა ჩემპიონთა ლიგაზე

კატასტროფა ჩემპიონთა ლიგაზე

მათ შეეძლოთ ჩემპიონთა ლიგის მეფეები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მესი არ არის ფეხბურთელი, რომელსაც მისივე ეპოქაში, ყველაზე მეტი ლიგის თასი აქვს მოგებული და არც გვარდიოლაა მწვრთნელი, რომელიც ამავე ტურნირზე, განსაკუთრებული წარმატებით დაიკვეხნის.

ერთად ყველაფერი შეეძლოთ, ყოველი წარუმატებლობის შემდეგ, ეს აზრი გვიტრიალებს თავში, რა მოხდებოდა, რომ პეპი არ წასულიყო? გასაგებია, რომ ის არ არის ჩვეულებრივი მწვრთნელი და გაცილებით დიდი ამბიციები ჰქონდა, ვიდრე „ბარსას“ სხვა მწვრთნელებს, გასაგებია, რომ საუკეთესო ფეხბურთელების გარეშე სცადა წარმატების მიღწევა, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწია.

აი მესიმ კი მოიგო მის გარეშე, სულ რაღაც ერთხელ, მაგრამ მაინც მოიგო.

როდესაც პირველ გავრცელდა ხმები, რომ პეპი გუნდს ტოვებდა, სერ ალექსმა გვარდიოლას ურჩია, შენს ადგილზე, რომ ვიყო დიდხანს დავრჩებოდიო. პეპს ისეთივე ეპოქის შექმნა შეეძლო „ბარსაში“ როგორც ფერგიმ შექმნა „მანჩესტერში“, მისი გამოწვევა სხვადასხვა თაობებთან მუშაობა იქნებოდა, თუნდაც მესის შემდგომ ეპოქაში, აქამდე უკვე ექნებოდა რთული ამოცანა გადაჭრილი და იქნებ მოეხერხებინა ჩავისა და ინიესტას შეცვლა, მაგალითად ტიაგო ალკანტარათი, რომელიც მას გაჰყვა და ჩავლილ მეოთხედფინალში „ბარსას“ ცენტრალურ ნახევარმცველებს ბურთი არ დაანახა.

ფერგის გამოწვევაც ზუსტად ეგ იყო და ყოველ ჯერზე უპასუხა, დაიწყო კანტონათი, გააგრძელა „ოქროს თაობით“, შემდეგ რონალდუ-რუნის დრო მოვიდა, ბოლოს კი ისე საათივით ჰქონდა ყველაფერი აწყობილი, რომ ველბეკებით და ევანსებით იგებდა პრემიერ ლიგას. პეპი ვერ აღმოჩნდა მენტალურად ასეთი ძლიერი, ფერგიმ გლეიზერებს აგრძნობინა, რომ „მანჩესტერში“ მთავარი ის იყო, პეპმა კი ახლად არჩეულ როსელთან ბრძოლა დათმო, მერე კი ყველაფერი პოლიტიკამ ჩაყლაპა.

„ბაიერნთან“ ერთად სამჯერ ზედიზედ გავარდა ნახევარფინალიდან. სამივეჯერ ესპანელებთან - „რეალთან“, „ბარსასთან“ და „ატლეტიკოსთან“.

„სიტისთან“ ერთად, ოთხჯერ ზედიზედ გავარდა მეოთხედფინალიდან - „მონაკოსთან“, „ლივერპულთან“, „ტოტენჰემთან“ და „ლიონთან“. რა არის ეს, თუ არა რეგრესი?!

შეუძლებელია ასეთი წარუმატებლობების შემდეგ, პეპს მესიზე არ ეფიქრებოდეს, მესის კი პეპზე. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლა მესის გადასვლაზე უფრო საუბრობენ „სიტიში“, ვიდრე პეპის დაბრუნებაზე „ბარსელონაში“.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 17 აგვისტო 2020 11:23
    3
    უმაგრესი ხარ ფეოლ