ინტერვიუ ჟოზეპ მარია ბართომეუსთან

ინტერვიუ ჟოზეპ მარია ბართომეუსთან

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" პრეზიდენტთან, ჟოზეპ მარია ბართომეუსთან ინტერვიუ ჩაწერა. იმის გამო, რომ "ბარსელონას" გარშემო ძალიან ბევრი აქტუალური და საინტერესო საკითხი დაგროვდა, ინტერვიუ დიდი გამოვიდა, თუმცა საინტერესოც. ბართომეუმ ისაუბრა ლაუტარო მარტინესა და ნეიმარის ტრანსფერებზე, ჩემპიონთა ლიგაზე, კიკე სეტიენის მომავალსა და ჩავიზე, მესისთან ურთიერთობაზე, გუნდის პრიორიტეტებეზე, კორონავირუსით მიყენებულ ზიანზე, ბოტების შეტევაზე, "რეალის" ქალთა გუნდზე, სასამართლოზე პროცესებზე, ახალგაზრდა ტალანტებზე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სოციალური მედიის სკანდალზე, "კამპ ნოუს" სახელის შეცვლაზე და სხვა საკითხებზეც.

- ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე 2 კვირა რჩება. არის "ბარსა" ამ ტურნირის ფავორიტი?

- დიახ, "ბარსა" ყოველთვისაა იმ ტურნირის ფავორიტი, რომელზეც თამაშობს და ასეა ამ ჩემპიონთა ლიგაზეც, განსაკუთრებით ფეხბურთელების მონდომებისა და ამჟამინდელი შემართების გათვალისწინებით. კარგი დროა იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ გვიჩვენონ თავიანთი ნიჭი და ამბიციები და ის, თუ როგორ იციან ფეხბურთის თამაში.

- მესისა და სეტიენის განცხადებების გარშემო დაწყებული გაუარკვევლობისა და მათი შეხვედრის შემდეგ, რა შეიცვალა საიმისოდ რომ ვთქვათ, რომ ახლა ჩემპიონთა ლიგისთვის საუკეთესო დროა?

- ბოლო დროს, გუნდი თვითკრიტიკული იყო, რაც ჩემპიონთა ლიგის უნიკალური ფორმატით განახლების წინ ახალი ენერგიით ასავსებად დაეხმარა. კმაყოფილი ვარ იმ თვითკრიტიკით, რომელიც ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გამოიჩინეს, მთელი კლუბის მიზანი კი ისევ ერთ მუშტად შეკვრაზე ზრუნვა იყო.

- თქვენც თვითკრიტიკული ხართ?

- დიახ, და ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ. ვსწავლობთ წარუმატებლობებისგან, რომლებიც "ბარსას", ისტორიაში, ცოტა ჰქონია. ასეთი შემთხვევებიდან უფრო ძლიერები გამოვდივართ. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგამდე მიღწეული ახალი ერთობა შედეგს გამოიღებს. "ბარელონა" ყოველთვის ფავორიტია. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებსა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს, ლეო მესის. ჩვენ ყველას, ერთად, მოგება შეგვიძლია. გუნდმა ჩემპიონატის ბოლო თამაშში აჩვენა, რომ მას ძალიან კარგი შეხვედრების ჩატარება შეუძლია. წინ ჯერ "ნაპოლი" გველის და ეს თამაში გადამწყვეტი იქნება. ჩვენთან, ლისაბონზე ჯერ არავინ საუბრობს.

- რას გვეტყვით  ლა ლიგაზე?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ვერ მოვიგეთ და ბოლო 11 წელიწადში 8 მოგება 12 წელიწადში 9 მოგებად ვერ ვაქციეთ, თავები მაინც მაღლა უნდა ავწიოთ. ჩვენ გვყავდა კონკურენტი "რეალი", რომელმაც დაგვამარცხა, მაგრამ VAR-ის მენეჯმენტი, სეზონის დასკვნით ნაწილში, ადექვატური არ იყო. ლა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია და VAR-იც შესაბამისი დონის უნდა ჰქონდეს.

- VAR-ის სწორი მოქმედებების შემთხვევაში, "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდებოდა?

- ამის თქმა არ მინდა. მსაჯები თვითკრიტიკულები იყვნენ. მათი აღიარება კარგია. რა თქმა უნდა, შეცდომები იქნება, მაგრამ VAR ჩემპიონატის დონეზე არაა.

- რა არის VAR-ის პრობლემა?

- მენეჯმენტი. ვიდეორეფერი ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია და მსგავს სიტუაციებში, სხვადასხვა დროს, მსაჯები სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ღებულობენ. მსაჯობა გამოსწორდა, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა.

- შეიცვალა VAR მას შემდეგ, რაც ფლორენტინომ რუბიალესს დაურეკა?

- არ ვიცი, განხორციელდა თუ არა ეს ზარი. მირჩევნია, რომ ასეთ ზარს ადგილი არ ჰქონოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ფეხბურთს პრობლემა აქვს.

- ხავიერ ტებასმა ასე თქვა.

- დიახ, მაგრამ ტებასი ლა ლიგაშია და არა ფედერაციაში.

- ეს ინფორმაცია არავის უარყვია.

- არ ვიცი. წარმოიდგინეთ, ყველა კლუბის პრეზიდენტი რუბიალესს რომ ურეკავდეს, როდესაც მათ რამე არ მოეწონებათ.

- თქვენ დაგირეკავთ რუბიალესისთვის?

- არასდროს. მხოლოდ სამართლებრივ გზებს მივმართავთ ხოლმე.

- მიგაჩნიათ, რომ "ფუენლაბრადას" შემთხვევის გამო, ხავიერ ტებასი უნდა გადადგეს?

- ეს ის საკითხია, რომელიც სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ. ტებასისა და მისი ოჯახის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე და იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთიკური პრობლემის წინაშე ვართ, რომელიც უნდა მოგვარდეს. საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილება კლუბებმა უნდა მივიღოთ. ჯანსაღი სიტუაციის შესანარჩუნებლად ყველა კლუბი მუშაობს და თუ ვინმე წესებს არ მისდევს, გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია.

- თქვენ რა ნორმებს მისდევთ?

- "ბარსელონაში" ეთიკის კოდექსი მოქმედებს. ამ კოდექსის თანახმად, არცერთი მაღლი რანგის მენეჯერს ან აღმასრულებელს არ აქვს უფლება ოჯახის წევრი კლუბში დაასაქმოს. ვფიქრობ, გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, ეს კარგი რეგულაციაა.

- მომდევნო სეზონში ჩავის მოწვევა გამორიცხულია?

- ჩავისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მასთან არაერთ საკითხზე ვსაუბრობ ხოლმე. თუმცა, სეტიენს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ აკავშირებს და ჩვენ არჩევანი სწორედ მასზე შევაჩერეთ. მე მას და მის გუნდს ვენდობი. მას თამაშის მოდელი მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. ის ვეტერანია დიდი გამოცდილებით და კარგი ფსიქოლოგი. მისი თვითკრიტიკულობა იმის გამოხატულებაა, თუ რას ვფიქრობ მე მასზე, ასევე იმის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მომდევნო სეზონისთვის მომატება შეგვიძლია.

- სეტიენმა მესისთან საათზე მეტი დროის განმავლობაში ისაუბრა. მათ შორის ამდენი პრობლემა იყო?

- ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მათ საწვრთნელ ბაზაზე, სხვების თვალთახედვის არეში ისაუბრეს, მაგრამ არც სეტიენს და არც მესის არ უთქვამთ სხვებისთვის, თუ რა თემაზე ილაპარაკეს. ეს მათი პირადი საქმეა.

- კარგია თუ ცუდი, რომ მათი საუბარი ამდენხანს გაგრძელდა?

- კარგია. მწვრთნელს ფეხბურთელებთან კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. მათ აზრები უნდა გაცვალონ და გუნდის გაერთიანებაზე იზრუნონ. მესი კაპიტანია და გუნდს წარმოადგენს.

- მესის თქვენც ესაუბრეთ.

- ვერ გაგიმხელთ, რაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ფეხბურთელებთან, განსაკუთრებით კი კაპიტნებთან მჭიდრო კომუნიკაციას მომავალშიც განვაგრძობ. ამას მაშინ ვაკეთებ, როდესაც პრობლემა გვაქვს, ან მისალოცია რამე.

- როდესაც, ლა ლიგის დათმობის შემდეგ, მესი თვითკრიტიკული იყო და ყველაფერზე ისაუბრა, როგორ მიიღო ეს პრეზიდენტმა? იყო ეს ხელმძღვანელობის კრიტიკა?

- არა, ეს მივიღე, როგორც ამბიციური ფეხბურთელის გამოსვლა, რომელსაც მოგება სურს. იმ დღეს, "რეალმა" ჩემპიონატი მოიგო და ტიტულის დათმობით იმედგაცრუება დიდი იყო. სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, ლეო მიხვდა, რომ გუნდი კარგ მდგომარეობაშია და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საჭიროა თვითკრიტიკულები ვიყოთ, რის შემდეგაც ჩვენმა კაპიტანმა სხვაგვარი კომენტარი გააკეთა.

- რა დააკლდა "ბარსას" ჩემპიონატის მოგებამდე?

- სტაბილურობა სეზონის დასკვნით ნაწილში. მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე სულ ორჯერ-სამჯერ ჩავატარეთ, ზოგჯერ მხოლოდ ერთ ტაიმში ვბრწყინავდით, ზოგჯერ კი, ამასაც ვერ ვაღწევდით. სტაბილურობა გვაკლდა, რის გამოც ქულები დავკარგეთ.

- აქვს ამ "ბარსას" წარმატებული სპორტული პროექტი?

- "ბარსას" ეს ყოველთვის აქვს. ჩვენ გვყავს გამოცდილი, მრავლის მომგები, მაგრამ მაინც ამბიციური მოთამაშეები და მათთან ერთად, ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან რიკი და ანსუ, ასევე სემედუ, ტერ შტეგენი, ლანგლე, დე იონგი. ეს გუნდი ძალიან კონკურენტუნარიანია.

- არსებობს მოსაზრება, რომ არასწორი ტრანსფერების გამო, მესი გუნდში მარტო დარჩა.

- ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. მესი მარტო არასდროს ყოფილა. სეზონს ყოველთვის იმის გათვალისწინებით ვგეგმავთ, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გარშემო კონკურენტუნარიანი გუნდი ავაწყოთ.

- შანსი რომ გქონდეთ, კიდევ შეიძენდით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც აქამდე შეიძინეთ?

- რა თქმა უნდა. ნეიმარის წასვლის შემდეგ, ჩვენთან რამდენიმე ფეხბურთელი მოვიდა, მაგალითად დემბელე, რომელსაც ტრავმებში არ გაუმართლა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ოპერაციიდან თითქმის 6 თვის გასვლის შემდეგ. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, ის ძალიან ახალგაზრდაა და როდესაც ტრავმა არ ექნება, "ბარსას" ძალიან გამოადგება. შემდეგი ფეხბურთელი არის კოუტინიო, ძალიან დიდი შესაძლებლობების მოთამაშე, რომელიც ბრაზილიასა და "ლივერპულში" ლიდერი იყო, მაგრამ მისი თვისებების "ბარსელონასთან" ადაპტირება ვერ მოახერხა. ის "ბაიერნიდან" დაგვიბრუნდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას ყოველთვის მწვრთნელები იღებენ?

- ყოველთვის. ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ ინიციატორი ყოველთვის არის სპორტული დეპარტამენტი, რომელიც მწვრთნელთან თანამშრომლობს და ეს ასეც უნდა იყოს.

- განაახლებს მესი კონტრაქტს?

- მესიმ არაერთხელ თქვა, რომ მას კარიერის აქ დასრულება სურს და ეჭვი არ მეპარება, რომ ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

- მასთან კარგი ურთიერთობა გაქვთ?

- დიახ, კაპიტნებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

- რომელი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაა პრიორიტეტი?

- ჩემთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის. არა მხოლოდ მისი, როგორც მეკარის დონის გამო, არამედ მისი პიროვნებისა და დამოკიდებულებების გამოც. ის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი და გუნდის მომავალია. მეკარისთვის ის საკმაოდ ახალგაზრდაა და უკვე ელიტაშია. 28 წლის ასაკში, ის მსოფლიოს 3 საუკეთესო მეკარეს შორის შედის.

- სიმართლეა, რომ პანდემიის გამო, მას ხელფასის შემცირება მოუწევს?

- მას კარგად ესმის რა ხდება საზოგადოებაში და იცის, რომ "ბარსელონას" მსგავს კლუბებს შემოსავალი შეუმცირდათ, რის გამოც, მისი ხელფასის საკითხიც უნდა დარეგულირდეს. ამას ყველა ფეხბურთლი აკეთებს და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ.

- ანუ, ისინი ნაკლებს მიიღებენ?

- რიცხვებს არ დავასახელებ. მათი ხელფასი კლუბის შემოსავლის შესაბამისი იქნება ახლაც და მომავალშიც. ეს ყველას ესმის.

- კლუბის თანამშრომლებს ხელფასის მეორედ შემცირების თხოვნით მიმართეთ?

- არა და მე მინდა მათ მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ მარტში, აპრილსა და მაისში ხელფასი 12% შეიმცირეს. დიახ, ხარჯებს ვარეგულირებთ იმისათვის, რომ ის შემოსავალს შევუსაბამოთ და სანამ სრულ სურათს არ ვნახავთ, გადაწყვეტილებასაც არ მივიღებთ.

- ლუის სუარესს კონტრაქტი 2021 წელს უსრულდება. აპირებთ მის გახანგრძლივებას?

- ლუისს აქვს ხელშეკრულება, რომლის გახანგრძლივებაც მის მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ის გარკვეული რაოდენობის შეხვედრებს ჩაატარებს, კონტრაქტი 2022 წლამდე ავტომატურად გახანგრძლივდება.

- სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვთ. ეთანხმებით მას?

- სანდროს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რას გულისხმობდა ის. ჩვენ, კაპიტნებსა და ფეხბურთელებს აზრს ყოველთვის ვეკითხებით, ისევე, როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ბორდის წევრები ვიღებთ.

- ნეიმარის დაბარუნებას ისევ გთხოვენ?

- ახლა, გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე ვართ და ტრანსფერები, თუ მათში ფეხბურთელების გაცვლა არაა გათვალისწინებული, ძალიან რთული განსახორციელებელია.

- ესაუბრეთ "ინტერს" ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით?

- დიახ, "ინტერთან" ამ თემაზე საუბარი გვქონდა, მაგრამ ამჟამად, საკითხი დაპაუზებულია.

- მისი ტრანსფერი კვლავ პრიორიტეტულია?

- ახლა, სპორტული მიმართულების ფოკუსი ჩემპიონთა ლიგაზეა გასწორებული.

- მომდევნო სეზონში გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდება.

- დიახ, უკვე 7 ახალწვეული გვაქვს. იანვარში "ბარსამ" რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა და ხალხი ხედავს, თუ რა დონის არიან ეს ფეხბურთელები. პედრის, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელია, დაუჯერებელი ნიჭი აქვს. ტრინკაუ, რომელიც მანამდე უცნობი მოთამაშე იყო, იანვარში შევიძინეთ და ახლა, ის ევროპის საუკეთესო 21-წლამდელი ფეხბურთელია. ასევე მატეუს ფერნანდესი, რომელმაც ცოტა ითამაშა, რადგან გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მან თავისი მაღალი დონე მაინც აჩვენა. პიანიჩი კი არის ფეხბურთელი, რომელიც პირველ გუნდს აუცილებლად დიდ დახმარებას გაუწევს. ძალიან სასიამოვნოა, რომ მატება გვაქსვ "ბარსა ბ-დანაც". საუბარი არაუხოზე, რიკი პუჩსა და ანსუ ფატიზე მაქვს.

- პირველ გუნდში სამივე მათგანი დაწინაურდება?

- მათი განვითარებისა და ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით, ეს ფეხბურთელები პირველ გუნდში უნდა თამაშობდნენ. ვფიქრობ, "ბარსასთვის" კარგი სიახლეა, რომ სარეზერგო გუნდმა პირველი გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდება განაახლა. ლა მასია ჩრდილში, ნაკლებად შესამჩნევ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ მას ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგალითად კოლიადო და მონჩუ, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ.

- ასევე ინიაკი პენია.

- ის, "ბადახოსთან" გამართულ თერთმეტმეტრიანების სერიაში, გადამწყვეტი იყო. ის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს განაგრძობს. მას მომავალი "ბარსელონაში" აქვს. თუმცა, მის პოზიციაზე არიან ტერ შტეგენი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ნეტუ, რომელიც ასევე ათეულში შედის. ამის მიუხედვად, ინიაკიმ მუშაობა უნდა განაგრძოს პირველ ან B გუნდში, ის უნდა იყოს ან მესამე მეკარე, ან იჯარით უნდა გავუშვათ.

- რას ნიშნავს "ბარსა ბ-სთვის" სეგუნდა დივიზიონში აღზევება?

- "სან ანდრეუს" სტადიონზე ვიყავი იმ დღეს, როცა 2010 წელს, გუნდი სეგუნდაში გადმოვიდა და ვიცი, თუ რამდენად რთულია ეს. ზედა დივიზიონში ასვლა ახალ შესაძლებლობებს, მეტ შემოსავალსა და პროფესიონალურ დონეზე თამაშს გვთავაზობს.

- როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები?

- 2021 წელს. წესდების მიხედვით ვიმოქმედებ. პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უპასუხისმგებლობა იქნებოდა. სამომავლო სტაბილურობისთვის, ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. თუ სათავეში ახალი ხელმძღვანელობა მოვა, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგიერთ სექტორში იმდენად ჩქარობენ, საარჩევნო ბიულეტენები უკვე გამზადებული აქვთ?

- რასაც ვკითხულობ და რაც მესმის, იმის გათვალისწინებით, კი, მაგრამ ახლა, პანდემიის პირობებში, მშვიდობის დროა. შემოსავლის კლებამ მთელ კლუბზე იმოქმედა, არა მხოლოდ ფეხბურთელებზე. მაგალითდ, Espai Barça.

- ამ პროექტის პანდემიის მიუხედავად დაფინანსება შესაძლებელია?

- დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბანკთან, როგორიცაა Goldman Sachs. ეს ბანკი "ბარსელონას" ნდობას განაგრძობს. მათ ჩვენთვის ფული გამზადებული აქვთ. ისინი გარანტიებისა და გირაოს გარეშე გვენდობიან, რადგან 4-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, მათი ნდობა მოვიპოვეთ. საფინანსო ინსტიტუტები "ბარსელონას" ნდობას განაგრძობენ, ჩვენ კი მათთან ურთიერთობას. ეს არაა რომელიმე ხელმძღვანელობის პროექტი, ეს კლუბის პროექტია. თუ გვინდა, რომ კვლავ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვიყოთ, სტადიონის განახლებაა საჭირო.

- როგორაა რეფერენდუმის საქმე?

- აპრილში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გარეშე ფაქტორებმა ხელი შეგვიშალა. რეფერენდუმსაც და ყრილობასაც ხელი პანდემიამ შეუშალა. განრიგს უკვე ჩამოვრჩებით და უნდა ვიჩქაროთ.

- რამდენი თანხაა საჭირო?

- 800 მილიონი დამტკიცებულია და ეს ყველაფრისთვის საკმარისია. გავაკეთებთ იმას, რასაც პარტნიორები გადაწყვეტენ, მაგრამ პრიორიტეტი სტადიონია. Espai Barça-ს სხვა პროექტებს მოცდა შეუძლიათ. რომ არა პანდემია, ახლა "კამპ ნოუსთან" ამწეები იქნებოდნენ.

- სტადიონის სხელის შეცვლაზე შეთანხმებასთან ახლოს ხართ?

- ეს არის სოლიდარული პროექტი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევების ჩასატარებლად ხორციელდება. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. მოლაპარაკებებს კატალონიაში არსებულ ორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვაწარმოებთ. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ გავაჟღერებთ. "ბარსელონა" მსოფლიოში ერთადერთი კლუბია, რომელიც, შექმნილი ვითარების მიუხედავად, შემოსავლის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლას ახარჯავს. მინიმალური და მაქსიმალური თანხა განსაზღვრული არაა. წარმატება გარანტირებულია.

- კლუბმა სასამართლოში რამდენიმე საქმე მოიგო...

- დიახ, ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე საქმე ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. სამშენებლო კომპანია MCM, ლა მასიას ფასადის საქმეზე, 100 მილიონ ევროს გვედავებოდა, მაგარმ საქმე მოვიგეთ. ნეიმართან დაკავშირებით, ჩვენ მისთვის ბონუსის გადახდა არ მოგვიწევს, მან კი ფული უნდა დაგვიბრუნოს. საარბიტრაჟო სასამართლომ, "სანტოსთან" დავის დროს, ჩვენ გაგვამართლა. "მედიაპროს" ჩვენი ფული მართებდა და ეს დავაც მოვიგეთ. საერთო ჯამში, საუბარი 218 მილიონ ევროზეა.

- რა გესიამოვნათ და რა არა სოციალური მედიის სკანდალთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტის დასკვნიდან?

- დადასტურდა, რომ რაზეც ვამბობდი არ მომხდარათქო, ის მართლაც არ მომხდარა. ფეხბურთელებს არავინ ებძოდა, ფასები არსებულ ბაზარს შეესაბამებოდა და რაც მთავარია, კლუბში კორუფცია არაა. შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვარ. დიახ, მაღელვებს ის, რომ ამ კონტრაქტორს საქმე არ დაუსრულებია და ჩვენ მის ბოლომდე მიყვანას ვითხოვთ.

- იქნება სანქციები თანამშრომლების მიმართ?

- ამ ეტაპისთვის რაც გავაკეთეთ, არის I3 Ventures-ისთვის იმ საქმის დამთავრების მოთხოვნა, რომლისთვისაც ამ კომპანიას ფული აღებული აქვს.

- რას გვეტყვით ბოტების ახალ მასიურ შემოტევაზე?

- მსგავსი რამ 2019 წლის მაისშიც მოხდა. შემაშფოთებელია, რომ ჩვენ ვხედავთ ბოტების ორგანიზებულ შეტევას, რისი მიზანიც "ბარსას" რეპუტაციის შელახავა. ჩვენი ვალდებულებაა, კლუბის რეპუტაცია დავიცვათ. სწორედ ამიტომ, Deloitte-ს ანგარიშით პროკურატურას მივმართეთ. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. დაუშვებელია, რომ "ბარსას" ბრენდის დისკრეიტაცია მოხდეს.

- შეიძლება ეს არჩევნებს უკავშირდებოდეს?

- არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ არჩევნები 2021 წელსაა და არა 2020 წელს. შესაძლოა, 2021 წელს, უფრო მასიური შეტევის სამიზნე გავხდეთ.

- როგორ მოხდება მომდევნო სეზონის აბონემენტების გაყიდვა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არ ვიცით, როდის დაბრუნდებიან გულშემატკივრები "კამპ ნოუზე"?

- გულშემატკივრებს აქვთ არჩევანი, დაიბრუნონ გაცდენილი თამაშების თანხა, ან შესაბამისი თანხით მომდევნო სეზონის აბონემენტის ფასი შეამცირონ. ვისაც თანხა არ სჭირდება, ის თუ დაბრუნებას არ მოითხოვს, ამას კლუბის სასარგებლოდ გააკეთებს. თუმცა, თუ ვინმეს სჭირდება და მოითხოვს, დაბრუნება მისი უფლებაა. აგვისტოში, მომდევნო წლის საწევროს ჩამოვაჭრით და თუ გულშემატკივრები თამაშებზე დასწრებას ვერ მოახერხებენ, მათ თანხის შესაბამის ნაწილს დავუბრუნებთ. ჯერ არ ვიცით, როდის დაბრუნებიან "კამპ ნოუზე" გულშემატკივრები და რა რაოდენობით. კლუბი გულშემატკივრების მხარეს რჩება და ვინც გადახდას ვერ მოახერხებს, მას მომდევნო სეზონისთვის ადგილს ჯარიმის გარეშე შევუნახავთ. ან, თუ ვინმე კორონავირუსის შიშით არ გაახანგრძლივებს, ჩვენ მას არ დავაჯარიმებთ.

- არჩევნებზე უკვე ფიქრობთ?

- ამაზე არ ვფიქრობ. კლუბის ყოველდღიურ მართვაზე ვართ ფოკუსირებულნი. რა თქმა უნდა, როდესაც არჩევნები მოახლოვდება, ჩემგან შესაბამისი მესიჯები იქნება, მაგრამ ახლა, ამჟამინდელი ხელმძღვანელობიდან, პრეზიდნეტობის კანდიდატი არავინაა, რაც კარგია, რადგან ეს ნიშნავს, თუ პასუხისმგებლობის რა დონით ვეკიდებით საქმეს. კლუბს, პანდემიასთან გასამკლავებლად, სიმშვიდე სჭირდება. საერთო პროექტი გვაქვს ნათლად დასახული მიზნებით. ეს მიზნები კი სპორტული წარამტება, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და Espai Barça-ს განხორციელებაა.

- შესაძლებელია, რომ პანდემიის გამო, მეტი აღარავინ შეიძინოთ?

- როგორც ადრე უკვე ვთქვი, ეს ფეხბურთელების გაცვლის წელი იქნება. 14 მარტის შემდეგ, ჩვენი შემოსავალი თითქმის განულდა. 200 მილიონი დავკარგეთ, 200! ხელფასების შემცირებით ზარალი მნიშვნელოვნად შევამცირეთ. მოგვიწია მაღაზიები და მუზეუმი დაგვეკეტა, ვერ ვყიდით ბილეთებს. 200 მილიონი ძალიან ბევრია.

- რამდენად შემცირდება 2020/21 წლების ბიუჯეტი?

- ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ვაპირებდით, 1.1 მილიარდი ევროს შემოსავალი მიგვეღო, ახლა კი, ეს თანხა დაახლოებით 30%-ით შემცირდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პანდემიას "ბარსელონაზე" არ უმოქმედია, ძალიან ცდება. კორონავირუსმა ევროპულ გრანდებზე იმოქმედა, "ბარსა" მათ შორის ყველაზე მეტ ფულს შოულობს და შესაბამისად, ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით. ეს სატრანსფერო აქტივობას ართულებს. არ შეგვიძლია, ფეხბურთელებს მოვთხოვოთ ხელფასები კლუბის ახალ ეკონომიკურ მდგომარეობას შეუსაბამონ და ამავდროულად, ახალ მოთამაშეებში ფული გადავიხადოთ. ეს შეუსაბამო იქნება.

- გავრცელდა ხმები, რომ "ბარსა" პანდემიამდეც ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო.

- ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სხვა კლუბებთან შედარებით, ყველაზე მეტი შემოსავალი გვქონდა, მაგრამ 14 მარტს ყველაფერი გაჩერდა და ახალ სიტუაციასთან შეგუება მოგვიხდა. ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, მაინც ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბი ვიქნებით. კლუბს ბევრი ვალი არ აქვს. აგვისტოს შუაში აუდიტი დასრულდება, ეკონომიკის საკითხებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მოიში ყველაფერს ახსნის და ვნახავთ, რომ ჩვენი ვალის დონე ნორმალურია. თუმცა, პანდემიის როლი, რა თქმა უნდა, ნეგატიური იქნება, მის გარეშე კი, პოზიტიურ სიტუაციაში ვინქებოდით.

- კიდევ რა ცვლილებები განახორციელთ?

- ჩვენს სტრატეგიულ გეგმაში კორონავირუსი არ შედიოდა. ამის გამო, მოგვიწია ციფრული მიმართულების კუთხით გავაქტიურებულიყავით და ელექტრონული კომერციის როლი გაგვეზარდა.

- შეიცვლება ფეხბურთი კორონავირუსის შემდეგ?

- ურთიერთობები შეიცვლება. პანდემია გავლენას მომდევნო 2-3 სეზონზე მოახდენს. არავინ იფიქროს, რომ მომდევნო სეზონში ყველაფერი წესრიგში იქნება. უდიდესი ფინანსური ექსპერტები 4 წელზე საუბრიბენ, თუმცა მე მგონია, რომ ფეხბურთი კრიზისს თავს უფრო სწრაფად დააღწევს. უნდა შეიქმნას წამალი, უნდა შეიქმნას ვაქცინა და ამის შემდეგ, ხალხს მოგზაურობისა და სტადიონზე მისვლის აღარ შეეშინდება. მაღაზიები ღიაა, მაგრამ გაყიდვები უმნიშვნელოა. გასულ კვირაში, მუზეუმში, დღეში, საშუალოდ, 130-150 ადამიანი გვსტუმრობდა. საშუალო და პატარა კლუბები ამდენად არ დაზარალდნენ, რადგან ისინი, უმეტესად, სატელევიზიო უფლებების გაყიდვით არსებობენ და არა შიდა კომერციით. ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ მთავარ სპონსორებს Rakuten-ს, Nike-სა და Beko-ს, რომლებიც კლუბის მხარდაჭერას სამაგალითოდ განაგრძობენ.

- ჩემპიონატის გაგრძელება წარმატება იყო?

- სოციალური და ეკონომიკური პრობლემის წინაშე ვიდექით. ამ გადაწყვეტილებამ არც გვაზარალა და არც გვახეირა, მაგრამ ჰორიზონტზე ნორმალური რეჟიმი გამოჩნდა. თუმცა, უმაყურებლოდ თამაშმა გვაზარალა. ეს სამწუხარო იყო.

- ცდილობს "ბარსელონა" სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნება დააჩქაროს?

- დიახ, ამჟამინდელი რეგულაციების შესაბამისად, ვცდილობთ სუფთა და უსაფრთხო სივრცეები შევქმათ. გულშემატკივრები სტადიონზე შეზღუდული რაოდენობითა და შესაბამისი დისტანცირებით უნდა მოვიდნენ.

- მოდით, ვისაუბროთ სხვადასხვა სექციაზე. ყველა გუნდის გაძლიერებას განაგრძობთ?

- დიახ, ჩვენი დიდი ხნის პრიორიტეტია ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატება, ასევე ქალთა გუნდის გაძლიერება. სპორტული მიმართულების გუნდს ჩვენი მაქსიმალური ნდობა აქვს. კალათბურთის მიმართულებით, მინდა მადლობა ვუთხრა პეშიჩს, რომელმაც 2 თასი მოგვაგებინა. პრობლემა გვქონდა - გულშემატკივრები გუნდისგან დისტანცირებულნი იყვნენ და პეშიჩმა ეს დისტანცია გააქრო.

- იასიკევიჩიუსის (საკალათბურთო გუნდის ახალი მწვრთნელი) მოსვლა ოცნებების დაბრუნებას ნიშნავს?

- ეს წინგადადგმული მორიგი ნაბიჯია. სარასი სათანადო ასაკითა და სათნადო გამოცდილებით მოდის. ოცნებები "პალაუ ბლაუგრანაზე" აქამდეც არსებობდა, რადგან ჩვენ გვყავდა, მაგალითად, მიროტიჩი, განსაკუთრებული მოთამაშე, NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც გადაწყვიტა "ბარსელონაში" მოსულიყო და ნაკლები გამოემუშავებინა. დავიმატეთ კალატესი, გვყავს ასევე ეურტელი. შესანიშნავი კალათბურთელები გვყავს, იასიკევიჩიუსის მოსვლის შემდეგ კი გუნდზე უმაღლეს იმედებს ვამყარებთ. მიმდინარე წელს მეტი ვერ შევძელით, რადგან პანემიამ, ამ გუნდთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმები შეცვალა. საუკეთესო ოთხეულში აუცილებლად შევალთ და შემდეგ არავინ იცის რა მოხდება.

- გაგებით მოეკიდეთ იმ ამბავს, რომ ქალთა ჩემპიონატი შეწყდა?

- გადაწყვეტილება ფედერაციამ მიიღო... ჩვენთვის ეს კარგი არ ყოფილა, რადგან ჩემპიონთა ლიგისთვის ვემზადებოდით. ჩემპიონატში, მე-2 ადგილთან დისტანცია ძალიან დიდი იყო, ულაპარაკოდ საუკეთესო გუნდი ვიყავით, თამაში წაგებული არ გვქონდა. ახლა, დროა ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი ფინალში ისევ თამაშია.

- ქალთა ჩემპიონატს "რეალიც" შემოუერთდა. რას გვეტყვით ამაზე?

- ეს კარგი სიახლეა. დაგვიანებული კია, მაგრამ მამაკაცთა ფეხბურთის მსგავსად, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირსიპირება ჩემპიონატს ამ შემთხვევაშიც გააძლიერებს. მეტი სპონსორი გამოჩნდება და ჩემპიონატი უფრო ყურებადი გახდება. "რეალს" გუნდი ამ სეზონშც ჰყავდა და ჩვენ ის ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ (9-1 და 6-0).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 26 ივლისი 2020 22:52
    2
    ეს ან მაგარი აფერისტია, ან დებილი.
    ამისგან გავიგე, რომ სეტიენი ყოფილა უმაღლესი დონე, მწვერვალი.
    ფანი [?]
    #2 26 ივლისი 2020 19:08
    1
    "რეალს" გუნდი ამ სეზონშიც ჰყავდა და ჩვენ ის ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ (9-1 და 6-0).

    === ეს ერთადერთი ფრაზა იყო, რომელიც მომეწონა 😂
    ახალბედა [?]
    #1 26 ივლისი 2020 16:52
    5
    Rat unda amdeni kitxvebi pirdapir kitxet bartush sle xar?