3 შემტევი, რომელთა ყიდვაც "ბარსას" იაფი დაუჯდება

"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, კატალონიელთა მთავარი სამიზნეები კი ნეიმარ ჟუნიორი და ლაუტარო მარტინესი არიან, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებს.
Covid-19-ის მიყენებული ზარალის ფონზე, ტრანსფერებისთვის დიდი თანხების გაღება კლუბის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ავნებს, რის გამოც, შესაძლოა, "ბარსამ" ყურადღება უფრო იაფ მოთამაშეებზე უნდა გადაიტანოს.
Tribuna.com გვთავაზობს იმ 3 ფეხბურთელს, რომელთა შეძენა "ბლაუგრანას" საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეუძლია:
1. როდრიგო მორენო
"ვალენსიას" შემტევი, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" არაერთხელ დაუკავშირეს. Transfermarkt-ი 29 წლის ესპანელს 40 მილიონ ევროდ აფასებს;
2. პიერ-ემერიკ ობამეიანგი
გავრცელებული ცნობებით, გაბონელმა "არსენალთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ ჩქარობს, რადგან იმედოვნებს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიურ გრანდს შეუერთდება. "მეთოფეებთან" 31 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი, მისი ღირებულება კი დაახლოებით 55 მილიონს შეადგენს;
3. ვილიან ჟოზე
მიმდინარე წლის იანვარში, მარტინ ბრეითუეიტის შეძენამდე, "ბლაუგრანა" სწორედ ბრაზილიელის შეძენას ცდილობდა. "რეალ სოსიედადის" თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიერ 24 მილიონ ევროდაა შეფასებული, ხოლო ბასკურ გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]