ისე მზად, როგორც არასდროს - რას უნდა ველოდოთ ლიონელ მესისაგან?

ისე მზად, როგორც არასდროს - რას უნდა ველოდოთ ლიონელ მესისაგან?

თებერვლის დასაწყისში არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაწერა, რომ ლიონელ მესი ბოლო პერიოდში მოედანზე ტრავმიანი ფეხით გამოდიოდა. იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" შემტევი ხაზის მნიშვნელოვანი წევრები, ლუის სუარესი და უსმან დემბელე, დროს ლაზარეთში ატარებდნენ, ლეო "ბლაუგრანას" ჩასაძირად განწირულ გემს ასე მარტივად ვერ მიატოვებდა. თუმცა, ამ თავგანწირვას ბევრი კრიტიკოსი უგულვებელყოფდა და ამბობდა, რომ არგენტინელმა ძველი ეშხი დაკარგა, მისი სანახაობა კი მინდორზე არხეინად სეირონობითა და რამდენიმე გოლით შემოიფარგლებოდა. შესაძლოა, "ლა პულგას" ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მართლაც ჰქონდა - კიკე სეტიენის დანიშვნის შემდეგ ჩატარებული 8 შეხვედრიდან (ლა ლიგაში) ლეომ მოწინააღმდეგის კარი მხოლოდ 3 მატჩში დალაშქრა.

თებერვლის დასასრულისკენ, ფაქტია, რომ მესიმ იმ თვის ფონზე, ზედმეტად მოინდომა და "ეიბარს" პოკერი შეუსრულა, შემდეგ კი "სოსიედადთან" თავი თერთმეტმეტრიანის ზუსტი შესრულებით გამოიჩინა. თუმცა, ამ შუალედში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში კაპიტანმა საშუალო დონის შეხვედრა აჩვენა და სტატისტიკური პლატფორმა Whoscored-ისაგან 6,4-იანი შეფასება მიიღო, რაც მთელი წლის განმავლობაში მის მიერ დაფიქსირებულ შედეგთა შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეულპერიოდიანი შესვენება იმ დროს ისე არავის სჭირდებოდა, როგორც მესის. არგენტინელი გადაწვისაგან, შეიძლება ითქვას, კორონავირუსმა იხსნა.

მოტივაციის ფაქტორი 

32 წლის შემტევი 82-დღიანი უქმობის შემდეგ, სისხლმოწყურებული აფთარივით დაბრუნდა, რომელიც ნადავლის მოსანადირებლად ყველანაირ ძალას გამოიყენებს.

Mundo Deportivo-ს დღევანდელ ნომერში ვკითხულობთ, რომ "ბარსელონაში" ახლა მთავარი მოტივატორი სწორედ ლეო მესია, რომელიც თანაგუნდელებს დარჩენილი ჩემპიონატების მოგების სურვილს ყოველდღიურად უმძაფრებს. აღნიშნულის შესახებ მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 10-იანი კლუბში ყველაზე მონდომებული ფეხბურთელია.

"ბლაუგრანა" ლეოს ენთუზიაზმს გულშემატკივრებსაც უზიარებს, როდესაც ვარჯიშზე ნაჩვენებ ლამაზ მოძრაობებსა და გოლებს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გვთავაზობს. 

განსაკუთრებით აქტუალური გახდა ერთ-ერთი მომენტი, სადაც მესის ჩანაფიქრს ჟერარ პიკე და ტერ შტეგენი ვერ მიუხვდნენ და საკუთარ კარში გოლიც მიიღეს.

მხოლოდ კადრებს რომ არ დავუჯეროთ, ამჟამინდელ ფორმაზე თავად მესის კომენტარები დავიმოწმოთ: "საკუთარ გუნდში ეჭვი არასდროს შემპარვია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ტურნირის მოგება შეგვიძლია, სადაც ვმონაწილეობთ" და "ფეხბურთის თამაშს ისე განვაახლებთ, თითქოს ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ!".

როგორც წესი, ლეოს მსგავსი განცხადებები არ სჩვევია, მაგრამ კარგად იცის, თავის გუნდს როდის რა მუხტი სჭირდება. ვილოცოთ, რომ ამ იმედის ნაპერწკალს ისეთივე დასასრული არ ექნება, როგორიც გასული სეზონის დასაწყისში, კაპიტნის რანგში პირველად წარმოთქმულ სიტყვებს - "გპირდებით, რომ ამ წელს ჩემპიონთა ლიგის თასის "კამპ ნოუზე" დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ". არადა, ყველამ კარგად ვიცით, საქმე როგორც წარიმართა.

ლუის სუარესის ფაქტორი

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ასპარეზობას ლუის სუარესიც შეძლებს, რომელსაც კორონავირუსით გამოწვეული არდადეგები ასევე სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მოგეხსენებათ, ურუგვაელმა იანვარში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მის დაბრუნებას მომავალ სეზონამდე არავინ ელოდა. ლუისი ლეოსათვის ზურგის გამმაგრებელ მეომრად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ნეიმარ ჟუნიორმა დატოვა.

ყველამ იცის, რომ სამხრეთ ამერიკელებს წარმატებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ, თუმცა რამდენად?!

მიმდინარე სეზონში დუეტი ერთად მოედანზე 19 მატჩში იმყოფებოდა. აქედან 12 შეხვედრა (63.16%) მათ სასარგებლოდ დასრულდა, 3 შეხვედრა - მარცხით (15,79%), 4 დაპირისპირება კი - ფრედ (21,05%).

ლუისის ტრავმამდე ლეომ 16 გოლი გაიტანა (საშუალოდ 0,84 ერთ მატჩში) და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა (საშუალოდ 0,41 ერთ მატჩში). გუნდი საშუალოდ თითოეულ შეხვედრაში 2,32 გოლს იტანს, მესი კი "ბარსას" გატანილი გოლების 56.82%-ში პირდაპირაა ჩართული.

"ელ პისტოლეროს" დაზიანების შემდეგ, სტატისტიკა ბევრად უარესდება - 6 მოგება (54-55%), 2 ფრე (18,18%) და 3 წაგება (27,27%). გუნდი საშუალოდ თითოეულ შეხვედრაში 1,73 გოლს იტანს. 

რაც შეეხება თავად ლეოს, მისი გოლების გატანის მაჩვენებელი გაუარესდა - მეტოქეთა კარი მან 7-ჯერ დალაშქრა (საშუალოდ 0,64 ერთ მატჩში). სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში, "ლა პულგა" "ბარსას" გატანილი გოლების 73.68%-ში პირდაპირ მონაწილეობს!...

მოყვანილი სტატისტიკა ამტკიცებს, რომ როდესაც ლუის სუარესი მოედანზეა, მესის მხრებზე შედარებით ნაკლები ტვირთი აწევს და ბევრად პროდუქტიულია.

პირადი გამოწვევების ფაქტორი

1000 გოლი და საგოლე გადაცემა

ლიონელ მესის სეზონის დარჩენილ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია აქვს - მან მონაწილეობა 14 გოლის გატანაში (გოლი+ასისტი) უნდა მიიღოს. ამჟამად ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელის ანგარიშზე "ბლაუგრანასა" და არგენტინის ნაკრების რიგებში ერთად 697 გოლი + 289 საგოლე გადაცემაა, რაც ჯამში 986-ს უდრის. თუ ლეომ ხსენებული რამ შეძლო, გახდება თანამედროვე ეპოქის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც, პირდაპირ თუ ირიბად, წვლილი 1000 გოლის გატანაში შეიტანა.

644 გოლი

ლეოს 16 გოლის გატანა სჭირდება, რომ ბრაზილიელთა სათაყვანებელი კერპის, პელეს ლეგენდარული რეკორდი დაამხოს. საქმე ისაა, რომ პელემ ერთი კლუბის ("სანტოსის") რიგებში 643 გოლი გაიტანა. ლეოს ანგარიშზე კი ახლა 627 გატანილი ბურთია.

ოქროს ბუცი

ამჟამად "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლთა სიის სათავეში "ბაიერნის" შემტევი, რობერტ ლევანდოვსკი იმყოფება. მან 29 გოლის გატანა შეძლო და, შესაბამისად, 58 ქულით ლიდერის პოზიციას იმყარებს. ლეო მესი კი მე-6 პოზიციაზე იმყოფება.


 ფეხბურთელი  გატანილი გოლი  ქულა
 1. რობერტ ლევანდოვსკი  29  58
 2. ჩირო იმობილე  27  54
 3. ტიმო ვერნერი  25  50
 4. ერლინგ ჰოლანდი  26  44
 5. კრიშტიანუ რონალდუ  21  42
 6. ლიონელ მესი  19  38


ლიონელ მესის საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გამოსავლენად ლა ლიგის 11 შეხვედრა და ჩემპონთა ლიგის მატჩ(ებ)ი დარჩა. "ბარსელონელისათვის" მისი მოწინააღმდეგეების ჩამოტოვება, მონდომების შემთხვევაში, შეუძლებელი საქმე არ უნდა იყოს.

გავიხსენოთ:

  • 2011/12 წლების სეზონში ზედიზედ 11 ტურში 20 გოლი გაიტანა;
  • 2012/13 წლების სეზონი, როდესაც ზედიზედ 19 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა;
  • 2014/15 წლების სეზონში ზედიზედ 6 ტურში 11 გოლი გაიტანა;
  • ერნესტო ვალვერდეს დროს ზედიზედ 12 გოლი 8 შეხვედრაში;

როგორც ვხედავთ, ლიონელ მესის ყველანაირი ფაქტორი აქვს იმისათვის, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი საკმაოდ წარმატებით დაასრულოს. თუმცა, საკითხავია, რამდენად შეძლებს "ბარსელონა", ლიდერს ფეხი აუწყოს. ამისათვის, კიკე სეტიენის გუნდს ყველა იმ პრობლემის მოგვარება აუცილებლად სჭირდება, რაზეც წინა ბლოგში ვისაუბრე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #8 4 ივნისი 2020 14:03
    0
    ციტატა: Bakero
    სუარესის ფაქტორი მესისთვის მაგარი მნიშვნელოვანია ვნახეთ სუარესის არყოფნის დროს თამაში ეზარებოდა მაგიტომაც ზუსტად ის ხალხი უნდა მოუყვანონ ვისთან ერთადაც თამაში თითონ უნდა მიუხედავად იმისა რომ მე მაგალითად ლაუტარო საერთოდ არ მომწონს მაგრამ მე ვინ ვარ 😂 🤣 😂 მთავარია მესის უნდა ! ......და ნეიმარი რასაკვირველია ....თუმცა ყველაზე მძიმე სიტუაცია დღეს დაცვაში გვაქვს ყველა პოზიციაზე

    კარგი მარჯვენა მცველიც საქმეს მაგრად შეუმსუბუქებდა. არნოლდის მსგავსი შეტევებში რო მაგრად ერთვება. ცენტრში უფრო ხშირად შეიწევდა და პასს აქეთ მიიღებდა. დანი რა მაგრად უწყობდა ხელს და ფეხს გვახსოვს. სუარესი კიდე მთავარი ფაქტორია. დონით ყველას აღემატება. გრიზმანსაც წაადგება ორივესთან ერთად ყოფნა, ნაკლები ყურადღება ეთმობა ხოლმე მერე მცველებისგან. სუარესის ტრავმას ვალვერდეს გათავისუფლება დაერთო და ლეოც განაწყენდა. რაც აისახა თამაშის ხარისხზე. სეტიენსაც ბოლომდე ვერ ვიმეტებ ჩასაქოლად იმიტო რო შეტევაში რესურსი არ ქონდა ფაქტიურად. მოკლედ საინტერესო თვეები გველოდება. გამოჩნდება გრიზმანი რა მოხელეა, სეტიენიც, უფრო კარგ შეტევასთან ერთად, არტურს აქვს დასამტკიცებელი რო პიანიჩში არაა გასაცვლელი, რეალია დასადუმებელი და ლაუტაროს საჭიროებაც გამოჩნდება. ან არ საჭიროება
    Culé [?]
    #7 3 ივნისი 2020 01:04
    3
    სუარესის ფაქტორი მესისთვის მაგარი მნიშვნელოვანია ვნახეთ სუარესის არყოფნის დროს თამაში ეზარებოდა მაგიტომაც ზუსტად ის ხალხი უნდა მოუყვანონ ვისთან ერთადაც თამაში თითონ უნდა მიუხედავად იმისა რომ მე მაგალითად ლაუტარო საერთოდ არ მომწონს მაგრამ მე ვინ ვარ 😂 🤣 😂 მთავარია მესის უნდა ! ......და ნეიმარი რასაკვირველია ....თუმცა ყველაზე მძიმე სიტუაცია დღეს დაცვაში გვაქვს ყველა პოზიციაზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ივნისი 2020 00:56
    7
    მიდი ლომო შეუბერე სადაა ლევანდოვსკების და იმობილეების და თუნდაც იმ პიჟონის საბლატაო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 3 ივნისი 2020 00:28
    4
    პელეს რეკორდი ამ სეზონშივე უნდა მოხსნას ლიგაზე შორს თუ გავალთ
    Culé [?]
    #4 2 ივნისი 2020 23:07
    2
    ციტატა: Ronaldinho.
    ვაუ ვაუ რა სტატია!👍🏻
    უეჭველი უნდა დადოს ბარსამ ლალიგა და ლიგა) და მესიმ ოქროს ბურთი:)
    მაგრა მგონია რო ლიგას მოვიგებთ😍😍

    წელს ოქროს ბურთს არ გაათამაშებენ.
    Culé [?]
    #3 2 ივნისი 2020 22:51
    5
    16 გოლით პელეს დაეწევა, 17-ით დაამხობს.
    Culé [?]
    #2 2 ივნისი 2020 22:20
    2
    მინიმუმ ლალიგა უნდა მოვიგოთ.
    --------------------
    "ბერნალეოზე" , 5 წელში ერთხელ, სასწაულებიც ხდება😂😂😂😂
    წევრი [?]
    #1 2 ივნისი 2020 22:17
    4
    ისეთს არაფერს ახალს რაც აქამდე არ გაუკეთებია როგორც ყოველთვის ნ1 როგორც შეეფერება ისე