დიეგო გოდინი: ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლი "ბარსელონას" გავუტანე
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მცველმა, დიეგო გოდინმა "ბარსელონასთან" გატანილი საჩემპიონო გოლი გაიხსენა.
"ეჭვგარეშეა, რომ "ბარსას" კარში გატანილი გოლი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. ბარსელონაში ლა ლიგის მოგება და ბურთის გატანა შესანიშნავი იყო.
"ატლეტიკოსთან" ბევრი ბრწყინვალე მოგონება მაკავშირებს, თუმცა ეს გოლი, როგორც ჩემთვის, ისე "როხიბლანკოსთვისა" და გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული იყო", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონის 2013-2014 წლების სეზონში ჩემპიონობის შანსი კატალონიელებმა და მადრიდელებმა ბოლო ტურამდე შეინარჩინეს და გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. "ბარსელონას" აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, დიეგო სიმეონეს გუნდს კი გაჩემპიონებისთვის ფრეც ჰყოფნიდა. საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით, 1:1 დასრულდა - ანგარიში ალექსის სანჩესმა გახსნა, მაგრამ 49-ე წუთზე გოდინმა პინტოს კარი დალაშქრა და თავის გუნდს ტიტული მოაპოვებინა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაპირისპირების მთავარმა არბიტრმა, მატეო ლაოსმა ლეო მესის გოლი უსამართლოდ გააუქმა, რის გამოც "ბლაუგრანას" გასახდელში შევიდა და ბოდიშიც მოიხადა.
რაც შეეხება დიეგო გოდინს, 34 წლის ფეხბურთელი ამჟამად მილანის "ინტერში" თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან, ყველა ტურნირის ეგიდით, 25 მატჩში თავი 1 ასისტით გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]