"ლეგანესი" ბრეითუეიტის ტრანსფერს უსამართლოდ მიიჩნევს
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" "ლეგანესის" დანიელი ფეხბურთელი მარტინ ბრეითუეიტი დაიმატა. ტრანსფერი "ლეგანესის" ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა - "ბარსამ" გამოსასყიდი თანხა, 18 მილიონი ევრო გადაიხადა.
"ბარსელონამ" ფეხბურთელის დამატების უფლება ლა ლიგისგან იმის გამო მიიღო, რომ უსმან დემბელე გუნდს 5 თვეზე დიდი ხნის ვადით გამოაკლდა. "ლეგანესს" კი, სეზონის ბოლომდე, ბრეითუეიტის შემცვლელის დამატების უფლება არ ექნება. სწორედ ამას უსვამს ხაზს მადრიდული კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ორტეგა.
"ჩვენ ვაღიარებთ ამ წესს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორ კლუბს შორის შეთანხმება ხდება. მომხდარი ეწინააღმდეგება იდეას, რომლის მიხედვითაც, ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს. ყველანაირად შევეცდებით გავუმკლავდეთ სიტუაციას, რომელმაც გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენა." - ციტირებს მარტინ ორტეგას სიტყვებს ESPN.
"ლეგანესის" წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ მას "ბარსელონას" მიმართ პრეტენზია არ აქვს: "ბარსელონა" კორექტულად მოიქცა. კლუბის წარმომადგენლები ორშაბათს დაგვიკავშირდნენ, ერთადერთი გზა კი გამოსასყიდის გადახდა იყო. ამას ვერ შევეწინააღმდეგეთ, რადგან კატალონიელებმა მოქმედი წესი გამოიყენეს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს წესი უსამართლოა.
ბრეითუეიტი პროფესიონალია. გუშინ, მან ვარჯიში სრულად ჩაატარა, იცოდა რა, რომ შეიძლებოდა ტრავმა მიეღო. მას მადლობას ვუხდით იმ შესანიშნავი თამაშებისთვის, რომლებიც ჩვენთან გამართა.
იმედი გვაქვს, ფედერაცია ბრეითუეიტის შემცვლელის დამატების უფლებას მოგვცემს. ამ უფლების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]