Marca: "ბარსელონა" იანვარში არავის დაიმატებს
- 13-10-2019, 23:48
-
Writer
- 2

მადრიდული Marca ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონას" მიზნებზე ინფორმაციას ავრცელებს.
ესპანური წყაროს ცნობით, კატალონიურ კლუბში ამჟამინდელი შემადგენლობით ყველა კმაყოფილია და იანვარში ახალი მოთამაშეების დამატება არ იგეგმება.
ბოლო წლებში რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის დამატებამ და "ლა მასიაში" ტალანტების გამოჩენამ "ბარსას" საშუალება მისცა ტრავმებით გამოწვეული დანაკლისი აკადემიის ფეხბურთელებით შეავსოს. ვალვერდეს განკარგულებაში ყველა პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებსაც ზურგს "ბარსა ბ"-სა და ახალგაზრდულ გუნდებში მყოფი მოთამაშეები უმაგრებენ.
გასულ იანვარში, "ბარსელონამ" სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურა. გუნდმა ჟან-კლერ ტოდიბო, ხეისონ მურილიო და კევინ-პრინს ბოატენგი დაიმატა. ამის მიზეზი გუნდიდან მუნირის წასვლა და სამუელ უმტიტის მძიმე ტრავმა იყო. თუმცა, ამ მიდგომამ არ გაამართლა, რადგან მურილიო და ბოატენგი გუნდს ვერაფრით დაეხმარნენ.
რაც შეეხებათ წამსვლელებს - Marca-ს ცნობით, არაა გამორიცხული, "ბლაუგრანა" ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს. ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ეს ან ივან რაკიტიჩი იქნება, ან კარლეს ალენია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]