”ოქროს ბურთის” მიღების შანსები

”ოქროს ბურთის” მიღების შანსები

”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი და ჩავი ერნანდესი წარდგენილნი არიან აღნიშნულ ჯილდოზე. ვინც არ უნდა გახდეს მისი მფლობელი, ჩვენ მაინც კმაყოფილები ვიქნებით, თუმცა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნის პრიზი ამ დრომდე არ წყდება. მოდით, თვალი გადავავლოთ გზას, რომელიც ამ ფეხბურთელებმა გაიარეს ნომინანტობამდე და გავაანალიზოთ, ვის უფრო დიდი შანსი აქვს გამარჯვების.

რატომ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი” ჩავიმ?

პირველ რიგში იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია როგორც კლუბში, ასევე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატში ჩავიმ 600 გადაცემა განახორციელა, აქედან 89% იყო ზუსტი. ამ საკითხში მისი უშუალო კონკურენტი ბასტიან შვაინშტაიგერია, თუმცა ეს უკანასკნელი ესპანელ ”მაესტროს” მთელი 100 გადაცემით ჩამორჩება. პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებთა წინააღმედგ გამართულ მატჩებში ჩავი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ მატჩებში გადამწყვეტი გოლები მისი გადაცემების შედეგად გავიდა.

”ბარსელონაში” ჩავი ფაქტიურად შესვენების გარეშე თამაშობს. ჟურნალმა ”World Soccer” ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ამის შემდეგ კი ”ბარსელონელთა” მეექვსე ნომერმა კატალონიის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მოიპოვა. ჩავი - ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ასისტენტი მთავარი მოქმედი გმირი ხდება.

რატომ არ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი” ჩავიმ?

როგორც წესი, საერთაშორისო აღიარებას პოულობენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ხდებიან გოლეადორები, აქვთ კარგი დრიბლინგი. რატომღაც ყველა ჩვენთაგანი მივეჩვიეთ იმას, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშემ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი”. ბომბარდირები, ეფექტური და განსხვავებული ფინტებით. ჩავი ერნანდესი კი სულ ახლახანს გამოვიდა საკუთარი პარტნიორების ჩრდილიდან. ”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობის გასარკვევად სულ მცირე ყურადღება ”გაწეულ საქმიანობას” რომ მიექცეს, მაშინ ჩავი უდავო ფავორიტი იქნებოდა.

”ოქროს ბურთის” მიღების შანსი: 35%.

რატომ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი” ანდრეს ინიესტამ?

ანდრესს ერთგვარი ნიჭი აქვს, გახდეს გადამწყვეტი ეპიზოდების გმირი. წელისადნახევრის უკან მან ”არანორმალური” გოლი გაიტანა ”ჩელის” კარში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრისას. ასეთივე გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა ანდრესმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მან გოლი განსაკუთრებულად აღნიშნა, მიუძღვნა რა ის ”ესპანიოლის” ახალგაზრდა გარდაცვლილ კაპიტანს, დანი ხარკეს. ”ფიფამ” ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ჩილესთან და ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ.

რატომ არ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი” ანდრეს ინიესტამ?

ტრამვების გამო წლის პირველი ნახევარი ინიესტამ საავადმყოფოებში გაატარა. ”ბარსას” შემადგენლობაში მან რამდენიმე მატჩი ჩაატარა. მსოფლიო ჩემპიონატში, შვეიცარიასთან მატჩში ანდრესმა ტრავმა მიიღო, რის გამოც გამოტოვა თამაში ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ. ტექნიკურად, ეს არც თუ ისე კარგი მაჩვენებელია 26 წლის ნახევარმცველისთვის, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევა. იტალიური Gazzetta dello Sport დარწმუნებულია, რომ ”ოქროს ბურთს” ინიესტა მიიღებს.

”ოქროს ბურთის” მიღების შანსი: 55%

რატომ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი” ლიონელ მესიმ?

გასაკვირი ის კი არაა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ბოლო ოთხი წელია ”ოქროს ბურთის” ნომინანტთა სამეულში ხვდება. არამედ ის, რომ მესი მხოლოდ 23 წლისაა. ამბობენ, რომ ადამიანი ცხოვრების ნახევარს რეპუტაციისთვის მუშაობს, ხოლო დარჩენილ ნახევარში რეპუტაცია მუშაობს ადამიანზე. ლეო მესიმ რეპუტაცია რეკორდულ დროში მოიპოვა. თუმცა, ნომინანტების სიაში არგენტინელი არამარტო რეპუტაციის გამო მოხვდა. 2010 წელს მან ”ოქროს ბუცი” მოიპოვა, გახდა ევროპული კლუბური სეზონის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი.

ლიონელ მესი ”ბარსელონას” მაისურით თამაშისას ახერხებს ნებისმიერი ფორმატის, ხარისხისა და რაოდენობის გოლების გატანას - დუბლი, ჰეთ-თრიკი, პოკერი ”არსენალის” კარში. ბოლო ”კლასიკოში” მესიმ ორი საგოლე გადაცემა განახორციელა. აღნიშნულ მატჩამდე ლეომ ზედიზედ ათ თამაშში მოახერხა გოლების გატანა .

რატომ არ უნდა მიიღოს ”ოქროს ბურთი” ლიონელ მესიმ?

მესიმ ვერ მოახერხა თავის გამოჩენა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას, და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა გერმანელებთან მატჩის შემდეგ დატოვა. ნუთუ შესაძლებელია, გახდე საუკეთესო ფეხბურთელი, მაშინ როდესაც ვერ ახერხებ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას წლის მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე?

”ოქროს ბურთის” მიღების შანსი: 10%

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.