"ბარსელონა" ადამა ტრაორეს ტრანსფერიდან 600 ათასს ევროს მიიღებს

"ბარსელონამ", გუნდის ყოფილი შემტევის, ადამა ტრაორეს ტრანსფერით, 600 ათასი ევრო გამოიმუშავა.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 22 წლის ფეხბურთელი "მიდლსბროდან" "ვულვერჰემპტონში" გადავიდა. ტრანსფერი "ვულვზისთვის" სარეკორდო თანხა, 20 მილიონი ევრო დაჯდა.
FIFA-ს წესების თანახმად, 23-წლამდე ფეხბურთელის ტრანსფერის დროს, სატრანსფერო თანხის 5% იმ გუნდებმა უნდა მიიღონ, რომელშიც ეს ფეხბურთელი 12-დან 23 წლამდე ირიცხებოდა. ტრაორეს შემთხვევაში, ესენი არიან "ბარსელონა", "ასტონ ვილა" და "მიდლსბრო". ვინაიდან წარმოშობით მალელ ფეხბურთელს ყველაზე დიდი დრო, 11 წელი "ბარსაში" აქვს გატარებული, კატალონიელები ყველაზე მეტს მიიღებენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ტრაორეს ტრანსფერიდან 600 ათას ევროზე ცოტათი მეტს მიიღებს.
ადამა ტრაორე "ბარსელონას" აკადემიას 2004 წელს შეუერთდა. 2013 წელს მას "ბარსა ბ"-სა და პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. 2015 წელს, ის "ასტონ ვილაში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი, "მიდლსბროს" 8 მილიონად მიაშურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]