ბარსელონელები ევროპაში
13 ოქტომბერს გაიმართა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. საკუთარ ეროვნულ ნაკრებებში "ბარსელონას” ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთა ანგარიშზეც საერთო ჯამში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოდის.
სრულად ითამაშა პორტუგალიის ნაკრებში მატჩი "ბარსელონას” ბრაზილიური წარმომავლობის ნახევარმცველმა, დეკომ, რომლის გუნდიც გასვლაზე აზერბაიჯანი დაამარცხა 2:0. დეკომ თავის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ასევე ერთხელ გაარტყა ძელს, ერთხელ კარში ზუსტად დაარტყა და ორჯერ არაზუსტად. ამ მოგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრები 11 თამაშში მოპოვებული 20 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან პოლონეთს 1 ქულით ჩამორჩება.
ასევე სრულად ჩაატარა თავისი შეხვედრა ტიერი ანრიმაც, რომლის საფრანგეთიც ფარერის კუნძულებს ეწვია და 6:0 დაამარცხა. ანრიმ თავის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა ჩაიწერა, ასევე კიდევ ერთხელ დაარტყა კარში ზუსტად. ასევე მთელი თამაში ითამაშეს ერიკა აბიდალმა და ლილიან ტურამმა, მაგრამ ესოდენ სუსტი მეტოქის წინააღმდეგ თამაშში ბუნებრივია მათ დიდი საქმე არ ჰქონიათ და "ბარსელონას” მცველებიც შეხვედრაში განსაკუთრებით არაფრით გამორჩეულან. ამ მოგების შემდეგ ფრანგები 10 თამაშში მოპოვებული 22 ქულით ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილზე მყოფ შოტლანდიას 2 ქულით ჩამორჩებიან.
ესპანეთის ნაკრებში მთელი მატჩი ითამაშეს ჩავიმ და ინიესტამ, ხოლო მათმა ნაკრებმა გასვლაზე დანიას სძლია 3:1. კატალონიელმა ნახევარმცველებმა დიდი როლი ითამაშეს გუნდის წარამტებაში, რადგან ორივე მათგანმა თითო საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ჩავიმ ერთხელ კარშიც დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამ შეხვედრის შემდეგ 9 თამაშში დაგროვებული 19 ქულით ესპანელები ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით ჩამორჩებიან.
თანაგუნდელების მსგავსად სრულად ჩაატარა თამაში ეიდორ გუდიონსენმაც, მაგრამ მისმა ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია და საკუთარ მოედანზე ლატვიასთან 2:4 დამარცხდა. თუმცა მარცხის მიუხედავად ცუდს ვერადერს ვიტყვით თავად გუდიონსენზე, რომელიც ისლანდიიდან ყველაზე გამორჩეული იყო და ის ორი გოლიც სწორედ მის ანგარიშზე არის. გატანილი გოლების გარდა გუდიონსენმა კარში კიდევ სამჯერ დაარტყა, მაგრამ სამივეჯერ არაზუსტად. ამ მარცხის შემდეგ ისლანდიელები შვიდგუნდიან ჯგუფში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან 10 თამაშში მოპოვებული 8 ქულით და ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსსაც კი აღარ ფლობენ.
გუშინ გამართა თავისი შეხვედრა ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც პოლონეთის ახალგაზრდულს გასვლაზე 2:0 მოუგო. შეხვედრის უკვე დამატებულ წუთზე კი გოლი გაიტანა "ბარსელონას” 27-ე ნომერმა, ბოიან კრკიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]