ბოლო ინტერვიუ ანდრეს ინიესტასთან

ანდრეს ინიესტა "ბარსელონაში" ბოლო დღეებს ატარებს. 20 მაისს, ლეგენდა "ბარსას" მაისურს ბოლოჯერ მოირგებს. კატალონიურმა Sport-მა ინიესტასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც, როგორც ჩანს, "ბარსელონას" ფეხბურთელის სტატუსით ბოლოა.
- "ბარსელონას" ფეხბურთელად ბოლო ინტერვიუს მიცემა უცნაური იქნება...
- ამაზე ფიქრი რთულია. რამდენი წელი გავიდა, რამდენი ინტერვიუ მივეცი...
- ნოსტალგია ტკბილია, თუ სევდიანი?
- ვცდილობ, ეს მხიარულად და სიამაყით მივიღო, მაგრამ ამ ყველაფერს მელანქოლიაც ახლავს. ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.
- "ვილიარეალთან" მატჩში ინიესტასთვის დამახასიათებელი 2 გადაცემა გააკეთე...
- ბოლო სეზონებში ჩემი მიზანი ისე თამაშია, თითქოს მოედანზე უკანასკნელად ვარ. მინდოდა, კარგი განწყობით დამესრულებინა. სწორედ ამისკენ ვისწრაფვოდი როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ დონეზე. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, მაგრამ საერთო ჯამში წარმატებული სეზონი გამოვიდა.
- "ბარსელონას" 32 ტიტულით დამშვენებული ტოვებ. ამით უფრო ამაყი ხარ თუ იმ კვალით, რომელიც შენი თამაშით დატოვე.
- ჩვენ ყველას გვინდა ხალხს ისე დავამახსოვრდეთ, როგორც ვთამაშობთ ან როგორც ვგრძნობთ სპორტს. სწორედ ამას ვცდილობდი ყოველთვის. თუ ჩემი მაგალითი ხალხს, მწვრთნელებსა და ბავშვებს უბიძგებს, რომ მომბაძონ, გამიხარდება. იყო მუდმივად იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ძალიან ბევრს ნიშნავს.
- "ბარსაში" შენი ქცევა გვიჩვენებს, რომ კარგად იცი, აქ თამაში მეტია, ვიდრე ფეხბურთი. როგორია იყო კაპიტანი?
- ეს ყოველთვის ვიცოდი, კაპიტნობა კი გაცილებით მეტია. ეს უბრალოდ სამკლავურის ტარება არაა, ეს არის წარმოადგენდე იმას, რასაც კლუბი ნიშნავს ხალხისთვის და რასაც ის შენთვის ნიშნავს მას შემდეგ, რაც 12 წლის იყავი. ყოველთვის ვცდილობდი, ეს საუკეთესო გზით გამომეხატა. შესაძლოა, ბევრი მოსაზრება იყოს, მაგრამ ამ საკითხზე არ ვღელავ, რადგან გუნდისთვის და კლუბისთვის ყველაფერი გავიღე, გუნდური მიღწევები ინდივიდუალურზე წინ დავაყენე.
- რა იქნება შემდეგ?
- გადაწყვეტილების მისაღებად კვირანახევარი მაქვს. შევეცდები, ჩემთვის და ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო. დიდი დრო არ დარჩა და ვნახოთ, რა მოხდება.
- ბევრს საუბრობენ იაპონიაზე...
- ეს ვარიანტი ყოველთვის იყო. თავიდან ამბობდნენ, რომ ჩინეთში მივდიოდი, შემდეგ ავსტრალიაზე ალაპარაკდნენ. ყველაფერი შესაძლებელია ევროპაში დარჩენის გარდა. ბევრ ვარიანტს ასახელებენ და ბოლოს რომელიმე სიმართლე აღმოჩნდება (იცინის).
- კონტრაქტი ჯერ არავისთან გაგიფორმებია?
- არა. რამდენიმე მიმართულებით საქმე უფრო წინაა წასული, ვიდრე სხვა შემთხვევებში. საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში მივიღებ.
- ქვეყნის არჩევის დროს პირადი და ოჯახური ფაქტორები გავლენას მოახდენს?
- ყველაფერი უნდა აწონ-დაწონო. როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, ყველა ვარიანტს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ისინი აქვს იაპონისაც და ჩინეთსაც. ყველაფერი უნდა შეაჯერო და საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.
- ბევრი ამბობს, რომ შენი ღვინის გაყიდვები მნიშვნელოვანია. ასეა?
- ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მხარისთვის სასარგებლოა. თუ კლუბი X რაოდენობის ბოთლის გაყიდვას, ან შეძენას დასთანხმდება, ამას იმიტომ გააკეთებს, რომ მისი ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება. ტყუილად ამას არავინ გააკეთებს. გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი სპორტია. დასახელებულ ქვეყნებში ჩემი ღვინო Bodega გაიყიდება იმის მიუხედავად, ვითამაშებ თუ არა იქ. არჩევანი მაქვს და ამით ვამაყობ.
- იმ დროს მიდიხარ, როდესაც გუნდში კვლავ წამყვანი როლი გაკისრია. ხომ არ გეშინია იმის, რომ გუნდს დააკლდები?
- დროის სვლასთან ერთად ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდება. ფეხბურთსა და სპორტში დრო ძალიანი სწრაფად გადის, ისევე, როგორც ცხოვრებაში. მოგებებს განვაგრძობთ, გუნდი ისევ კარგად ითამაშებს და მოიგებს. ჩვენი მიზანი წლიდან წლამდე მომატებაა. სხვა გზა არ არსებობს.
- "ბარსელონას" ასეთი წარმატებები მისი სტილის დამსახურებაა. მიგაჩნია, რომ კლუბმა ეს სტილი უნდა შეინარჩუნოს?
- "ბარსელონას" ყოველთვის ჰქონდა თავისი სტილი კრუიფის შემდეგ, ან, შესაძლოა, მანამდეც. არის პერიოდები, როდესაც გუნდს ამ სტილის მეტი მოთამაშე ჰყავს, ზოგჯერ კი - ნაკლები. ეს ცუდი არაა, რადგან გუნდი მოგებებს განაგრძობს. ჩემთვის, ეს კლუბი განსხვავებული იმითაა, რომ ცდილობს ფილოსოფია შეინარჩუნოს, განვითარდეს, მოგება განაგრძოს და შეცდომები თავიდან აირიდოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]