"მეტი ვიდრე კლუბი" 50 წლის განმავლობაში!

"მეტი ვიდრე კლუბი" 50 წლის განმავლობაში!

ზუსტად 50 წლის წინ, 1968 წლის 17 იანვარს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ნარცის დე კარერასმა წარმოსთქვა ლეგენდარული სიტყვები "მეტი, ვიდრე კლუბი".

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი დღეს უკვე "ბარსას" სლოგანად ქცეული სიტყვების ისტორიას გვიყვება.

წარმომავლობა

ზუსტად 50 წლის წინ, "ბარსელონას" დელეგატთა ასამბლეის მიერ კლუბის პრეზიდენტად არჩეულმა ნარცის დე კარერასმა წარმოსთქვა სიტყვები: "ბარსელონა" მეტია, ვიდრე კლუბი. "ბარსელონა" მეტია, ვიდრე უბრალოდ თავისუფალი დროის გატარების ადგილი, სადაც ყოველ კვირას ფეხბურთის საყურებლად მივდივართ. ამ ყველაფრის გარდა, "ბარსელონა" არის სული, რომელმაც ჩვენში ასე ღრმად შემოაღწია."

ეს ის პერიოდია, როდესაც კატალონია გენერალ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უმკლავდებოდა და კარერასის ამ სიტყვების უკან დაშიფრული იყო მესიჯი, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" იყო არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, არამედ კატალონიის იდენტობის გამტარებელი ორგანიზაცია. "ბარსელონა" არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო კატალონიის სიმბოლო იმ დროს, როდესაც კატალონიელებს, თავიანთი აზრის საჯაროდ დაფიქსირებისას, ფრთხილად ყოფნა მართებდათ.

პოპულარიზაცია

საინტერესოა, რომ ეს ფრაზა 1973 წლამდე არავის გამოუყენებია. კარერასის გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ კი ეს ფრაზა ხავიერ კომას სარეკლამო კომპანიამ გამოიყენა "კამპ ნოუზე" ევროპისა და ამერიკის ნაკრებების დაპირსპირების წინ.

რეკლამა, რომელიც ყველა ესპანურენოვან სპორტულ გამოცემაში დაიბეჭდა, ასე გამოიყურებოდა: "საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ისტორია, პროექტი და აქტივობები პოზიციონირებულია არა მხოლოდ როგორც საფეხბურთო კლუბის, არამედ ემოციურად უფრო მაღალი და კულტურული, ვიდრე შეიძლება გააჩნდეს საფეხბურთო კლუბს."

რამდენიმე კვირის შემდეგ, "ბარსელონას" პეზიდენტობის კანდიდატმა, აგუსტი მონტალ კოსტამ, წინასაარჩევნო სლოგანად აირჩია: "ჩვენ ვართ ის, რასაც გვიწოდებენ: "ბარსა" მეტია, ვიდრე კლუბი."

თანამედროვე ერაში, ეს ფრაზა კლუბის სლოგანად იქცა. მას შევხვდებით "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე, კლუბის ოფისებში, მაისურზე, ოფიციალურ ვებგვერდზე და კიდევ ბევრ ადგილზე.

ამასობაში, "ბარსელონა" გლობალური ბრენდი გახდა. ეს კლუბი მხოლოდ კატალონიური კულტურის ნაწილი აღარაა. "ბარსას" გულშემატკივრები ყველა კონტინენტზე ჰყავს. კლუბი არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს (UNICEF, ACNUR, UNESCO) და აქვს თავისი საქველმოქმედო ფონდიც.

"ბარსელონა", ყოველწლიურად, UNICEF-ს 2 მილიონ ევროს უხდის, კლუბის ფონდი კი, შემოსავლების 85%-ს სოციალურ საკითხებს ახმარს.

უფრო ძველი პრეცედენტი

როგორც არ უნდა ჩამოეყალიბებინა სათქმელი ნარცის დე კარერასს, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვების უკან მყოფი აზრი გაცილებით ადრე წამოიშვა.  1933 წელს, კლუბის ოფიციალურ გაზეთში ვკითხულობთ: "ბარსელონა" მიისწრაფვის, იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი."

ფრაზა "მეტი, ვიდრე კლუბი" დღეს 50 წლის გახდა, მაგრამ "ბარსელონა" "მეტი, ვიდრე კლუბი" გაცილებით ადრე იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    yerry mina
    სტუმარი [?]
    #1 17 იანვარი 2018 18:40
    0
    საუკეთესო კლუბი მსოოფლიოში